ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში გადაიტანეს.
არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ ქუთათურებს, მაგრამ თბილისელების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ჩვენთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყნის დედაქალაქი თბილისია და სამხედრო აღლუმიც აქ უნდა ტარდებოდეს და არა ქუთაისში.
არ მინდა იფიქროთ, რომ თბილისი ყურადღების მიღმა დარჩა _ დედაქალაქშიც ჩატარდა აღლუმი, ოღონდ არა სამხედრო არამედ სამრეწველო, სახელწოდებით “დამზადებულია საქართველოში”.
ლამაზად გაფორმებულ საჩვენებელ ოთახებში გამოფენილი იყო საქართველოში დამზადებული ნაწარმი, მათ შორის მატარებლის ვაგონები, ტრაქტორები, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ფეხსაცმელები და ა.შ.
მოკლედ, ასე გადავნაწილდით: “მრეწველები” თბილისში , “სამხედროები” _ ქუთაისში.
26 მაისს ზეიმობდა თბილისი, დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მაგრამ როგორც კი ადამიანებს საკუთარი შთაბეჭდილებების მოთხრობას ვთხოვდით, ყველა რატომღაც ან თავს იკავებდა, ან ორიოდე სიტყვით შემოიფარგლებოდა, “მოგვწონს, კმაყოფილები ვართ”.
თუმცა რამდენიმე მოქალაქემ მაინც მოისურვა საკუთარი გრძნობების გაზიარება:
მაგული შანყულაშვილი, გარე მოვაჭრე: _ მე კმაყოფილი ვარ, დიდებული ღონისძიებაა. მომწონს, რომ მუშაობის საშუალება მომეცა. აბა შვილო, გლეხმა რითი უნდა ჭამო პური? გარე მოვაჭრე ვარ და ამით ვშოულობ საჭმლის ფულს. დღეს, ვიცი რომ არავინ შემაწუხებს და არ გამაგდებს აქედან.
სიმონ ცერცვაძე, ინჟინერი: _ კი ლამაზი ღონისძიებებია, მაგრამ სამხედრო აღლუმი, რომ ქუთაისში გადაიტანეს, არ მომწონს. რა, დავით აღმაშენებელზე ჭკვიანია ჩვენი პრეზიდენტი? დედაქალაქი თბილისია და აქ უნდა ტარდებოდეს აღლუმიც.
ელო საკნერაშვილი-გვენცაძე: _ ძალიან კარგია, ძალიან ლამაზია, განწყობა გამოგვისწორდა. ხშირად უნდა იყოს ასეთი ზეიმი. მაგრამ ერთს კი ვისურვებდი, მინდა რომ გაჭირვებულ ხალხს ეშველოს, დასაქმდნენ, და ასეთ ზეიმებზე, როდესაც მოვლენ რაღაცის ყიდვის საშუალება მაინც ჰქონოდეთ.
დღესასწაული კარგია, მაგრამ არც უახლესი წარსულის გახსენება იქნებოდა ურიგო _ “გურია ნიუსი” დაინტერესდა, თუ რამდენად ახსოვდა ხალხს შარშანდელი 26 მაისი.
მოქალაქეებმა სინანულით გაიხსენეს გასული წლის დამოუკიდებლობის დღე და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხვალ სწორედ ამ მიზეზის გამო აპირებს “ქართული ოცნების” საარჩევნო პიარკამპანიის დაწყების დღეს შეუერთდეს.
ვისაც გეზეიმებათ, გილოცავთ 26 მაისს, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ თბილისში დიდხანს იარსებებს ნიკა კვინტრაძის ოჯახი, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მხოლოდ ცრემლითა და გარდაცვლილი ადამიანის მოგონებებით შეხვდება.