ფურების პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს მრავალი მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი ფაქტორი. ამ ფაქტორების ხვედრითი წილი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ფურების რძის პროდუქტიულობაზე. კერძოდ, მემკვიდრეობითი ფაქტორი მხოლოდ 24%-ს შეადგენს, კვების და შენახვის პირობები _ 59%-ს და სხვა ტექნოლოგიური ფაქტორები _ 17%-ს.
აქედან გამომდინარე, მთავარი ფაქტორი, რომელიც პროდუქტიულობას განაპირობებს, არის სრულფასოვანი დაბალანსირებული კვება.
ცხოველთა კვების სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ნორმებით, ძროხის ულუფა უნდა დაბალანსდეს 30-მდე კომპონენტით, მათ შორის მშრალი ნივთიერებით, საერთო და მიმოცვლითი ენერგიით, საკვები ერთეულით, ნედლი და მონელებადი პროტეინით, ნედლი ცხიმით, ნედლი უჯრედანათი, შაქრებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით (მინერალური ნივთიერებებით) და სხვ. ყოველდღიურ ულუფაში ამ ნივთიერებების გარკვეული პროპორციებით შემცველობა აუცილებელია არა მარტო მაღალი პროდუქტიულობის (მონაწველის, ცოცხალი მასის ნამატის) მისაღწევად, არამედ ისინი უზრუნველყოფენ ცხოველის ნაკვებობის, განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობის, აგრეთვე, აღწარმოების ფუნქციისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
საკვები საშუალებები შერჩეულია იმდაგვარად, რომ ულუფა ბალანსდება სამი ძირითადი კომპონენტით (საკვები ერთეულით, მიმოცვლითი ენერგიით და მონელებადი პროტეინით), ასევე სხვა აუცილებელი შემადგენლობით.
პროტეინით დაბალანსებული კვებისას ფურებს ეზრდებათ წველადობა და რძის ხარისხი. წველადობაზე და რძის შემცველობაზე დადებითად მოქმედ საკვებს მიეკუთვნება მზესუმზირას და კანაფის კოპტონი, კარგი ხარისხის თივა, პარკოსნების მწვანე მასა ან პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახნარევი. ცხოველებისათვის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში მწვანე საკვების და საძოვრული ბალახის, ზამთარში კი კარგი ხარისხის სილოსის და სენაჟის მიცემა ხელს უწყობს ვიტამინებით და კაროტინით გამდიდრებული რძის მიღებას.
ფურის მოთხოვნილება საყუათო ნივთიერებებზე იცვლება პროდუქტიულობის დონის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, ასაკისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.
ახალგაზრდა და საშუალოზე დაბალი ნასუქობის ზრდასრული ფურის კვების ნორმები უნდა გაიზარდოს საშუალოდ 10%-ით.
ლაქტაციის პირველ პერიოდში მაღალპროდუქტიული ფური დიდ მოთხოვნილებას განიცდის ენერგიაზე, განსაკუთრებით, მოგების შემდეგ, ხოლო ულუფიდან მიღებული საყუათო ნივთიერებები ვერ ფარავს რძის წარმოქმნაზე დახარჯულ ენერგიას. დეფიციტის დასაფარად ორგანიზმი ინტენსიურად იყენებს ქსოვილებში დაგროვილ საყუათო ნივთიერებებს. ამ პერიოდში ენერგიის დეფიციტის შესამცირებლად საჭიროა ულუფაში შეტანილ იქნეს მაღალენერგეტიკული საკვები საშუალებები: კოპტონი, შროტი, შვრია, ქერი, სიმინდი და სხვა.
ფურის მერძეული პროდუქტიულობა დიდად არის დამოკიდებული ულუფაში პროტეინის რაოდენობაზე და მის სრულფასოვნებაზე. როდესაც ფურის დღიური მონაწველი შეადგენს 10 კგ-ს, მონელებადი პროტეინის ნორმა 1 საკვებ ერთეულზე არის 95 გრამი. მონაწველის ზრდასთან ერთად, ნორმა თანდათან იზრდება და 105-112 გრამსს აღწევს (20-30 კგ, წველადობისას), პროტეინის გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია საკვების ხარისხზე (უხეში, წვნიანი, კონცენტრული), ცილოვანი და არაცილოვანი აზოტის თანაფარდობაზე, ყველა საყუათო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით^უზრუნველყოფაზე. ულუფაში პროტეინზე მოთხოვნილების უკმარისობის შემთხვევაში, მოთხოვნილების 20-25% შეიძლება შეივსოს კარბამიდით ან ამონიუმის მარილების გამოყენებით, როგორც კომბინირებული საკვების შედგენილობაში, ისე მათი ჩართვით უშუალოდ მეურნეობაში არსებულ კონცენტრულ საკვებში.
ნორმირებული მინერალური მაკროელემენტების რიცხვს მიეკუთვნება: კალციუმი, ფოსფორი, სუფრის მარილი, მაგნიუმი, კალიუმი, გოგირდი. მათზე მოთხოვნილება დამოკიდებულია ცხოველის ცოცხალ მასაზე, პროდუქტიულობაზე და ფიზიოლოგიური მდგომარეობაზე. ულუფები აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს მიკროელემენტების შემცველობაზე: მარგანეცის უკმარისობა იწვევს სუსტ სქესობრივ აქტივობას, ნაყოფიერების შემცირებას, ნაყოფის მოგდებას; იოდისა _ სქესობრივი სიმწიფის შეჩერებას; კობალტისა _ უნაყოფობას; სპილენძისა _ კუჭნაწლავის აშლილობას და ზურგის ტვინის დაზიანებას; თუთიისა _ ზრდის შეჩერებას და სხვა.
მეწველი ფურები განსაკუთრებით საჭიროებენ საკვებიდან მიიღონ: კაროტინი, “D” და “E” ვიტამინები. ვიტამინებით ულუფის უზრუნველყოფა აუცილებელია პროდუქტიულობის გადიდებისთვის, ვიტამინებით მდიდარი რძის მისაღებად, აღწარმოების ფუნქციების გასაუმჯობესებლად, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის და სხვა.
თანამედროვე კვების ნორმების საფუძველზე, მუშავდება ულუფები და საკვები ნარევები. ყველა ფერმერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკვების ბალანსი და ყოველთვიური კვების გეგმები, რომლის საფუძველზეც დგება ულუფები. ულუფამ უნდა უზრუნველყოს ცხოველთა სრულფასოვანი კვება და დაგეგმილი პროდუქტიულობის მიღება. მაგალითად, კონცენტრირებული საკვების ოპტიმალური რაოდენობა სხვადასხვა პროდუქტიულობის მქონე (3 000-5 000 კგ რძე) მეწველი ფურების რაციონში უნდა მერყეობდეს 250-350 გრამის ფარგლებში 1 კგ რძეზე.
კონცენტრირებული საკვები მიზანშეწონილია მიეცეს ცხოველებს კომბინირებული საკვების სახით, რაც უზრუნველყოფს მისი სრულფასოვნების გადიდებას. მარცვლეული კომბისაკვებში უნდა შეადგენდეს მასის არა უმეტეს 50%-ს, ხოლო დანარჩენ ნაწილს შეადგენს სხვა არამარცვლოვანი ინგრედიენტები _ ქატო, შროტი, მშრალი ჟომ, ბარდა და სხვ.
ტიპიური და სამუშაო ულუფები შეიძლება მიჩნეული იყოს არა მარტო ულუფის შედგენის საფუძვლად, არამედ მომავალი წლის საკვების მოთხოვნილების გასაანგარიშებლადაც. ულუფაში საკვების მრავალფეროვნება და მაღალი ხარისხი უპირველესი პირობაა ცხოველთა კვების სრულფასოვნებისა და საყუათო ნივთიერებების გამოყენების გაუმჯობესებისთვის.
მეწველი ფურის ზამთრის ულუფის საფუძველს უნდა შეადგენდეს მოცულობიანი საკვები. კარგი ხარისხის თივა პროტეინის, შაქრის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. თივის ჭამადობა დამოკიდებულია მის ხარისხზე და ულუფაში სხვა მოცულობიანი საკვების არსებობაზე. თუ ულუფაში არ შედის სილოსი და სენაჟი, მეწველ ფურებს შეუძლიათ მიიღონ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე 3 კგ-მდე კარგი ხარისხის თივა. იმ შემთხვევაში, თუ ფურებს სილოსი ნებაზე აქვთ, ისინი ცოტა რაოდენობით ჭამენ თივას 3-5 კგ-მდე. ძირხვენების დიდი რაოდენობით მიცემისას კი ფურები ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე 2 კგ-მდე თივას ჭამენ.
მარცვლოვანი და პარკოსანი ბალახებისგან დამზადებული მაღალხარისხოვანი სენაჟი საუკეთესოა მეწველი პირუტყვისთვის _ მისი ენერგეტიკული ღირებულება 2-ჯერ ჯობს სილოსისას და ამდიდრებს ულუფას შაქრებით.
სილოსი ერთ-ერთი ძირითადი საკვებია მეწველი ფურის ულუფაში. სილოსის კვებითი ღირებულება დამოკიდებულია დასასილოსებლად გამოყენებული ნედლეულის ქიმიური შედგენილობაზე, ვეგეტაციის რომელ ფაზაშია აღებული და რამდენად ზუსტად არის დაცული დამზადების ტექნოლოგია.
მერძეულ მეცხოველეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ძირხვენებს, განსაკუთრებით, განწველვისას. მათ უწოდებენ რძის გამომყოფ მასტიმულირებელ საკვებს. ძირხვენების მშრალი ნივთიერება შედგება ადვილად მონელებადი ნახშირწყლებისგან. ძირითადად, შაქრებისგან, მდიდარია “ჩ” ვიტამინით, ხოლო წითელ სტაფილოში ბევრია კაროტინი. ძირხვენებიდან მეწველი ფურის საკვებად უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება საკვებ ჭარხალს. ძირხვენებს აქვთ მაღალი თვითღირებულება, ამიტომ ისინი გამოყენებული უნდა იქნეს ეკონომიურად და რაციონალურად.
ვეგეტაციის ადრეულ ფაზაში აღებული და დამზადებული პარკოსანი კულტურების ბალახის ფქვილი, ნაკუწი და ჩრდილში გამშრალი თივა ენერგეტიკული ღირებულებით უახლოვდება კონცენტრულ საკვებს, ხოლო ბიოლოგიურ ღირებულებით ჯობნის მათ.
რიგ რეგიონებში ფურის ულუფაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნამჯას. უკეთესია შვრიისა და ქერის ნამჯა. საშემოდგომო მარცვლოვნების ნამჯა 40%-მდე უჯრედანას შეიცავს, ამის გამო მისი გამოყენება კვებისწინა შემზადების გარეშე არ არის დიდად სასარგებლო. მისი შემზადების ხერხებია: დაქუცმაცება, შესველება და შემზადება, დამდუღვრა, დასილოსება, გაფუება, გრანულირება, და სხვა.
მწირი და არათანაბარი კვების დროს წველადობა მცირდება 25-50%-ით. ყველაზე უარყოფითად ფურების სარძეო პროდუქტიულობაზე მოქმედებს მწირი კვება მშრალობის პერიოდში და ლაქტაციის პირველ თვეებში. კვების ოპტიმალური პირობების შექმნა ლაქტაციის პერიოდში ზრდის ფურების წველადობას ორჯერ. 3 000 კგ წველადობისას რძესთან ერთად ფურის ორგანიზმიდან გამოიყოფა 392 კგ მშრალი ნივთიერება, ხოლო 4 000 კგ წველადობისას _ 500 კგ-ზე მეტი. ამიტომ ფურების უწყვეტი სრულფასოვანი კვება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მისგან მივიღოთ მაღალი რძის პროდუქტიულობა.
სარძეო ფურების კვების დროს, 1 საკვებ ერთეულზე უნდა მოდიოდეს 100-120 გრამი მონელებადი პროტეინი. მწირი კვების გამო, მცირდება დღე-ღამის მონაწველი, მოკლდება ლაქტაციის მოქმედება. უხეში და წვნიანი საკვების არასაკმარისი რაოდენობა და მათი დაბალი ხარისხი იწვევს კონცენტრატების მნიშვნელოვან გადახარჯვას. კვების გაუმჯობესება (1 კგ რძეზე 1,1-1,2 საკვები ერთეული) უზრუნველყოფს ლაქტაციური მრუდის ზრდას, მდგრადობას და მის შენელებულ დაცემას განაყოფიერების შემდეგ.
რძის წარმოებისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ულუფაში ძირხვენების დიდძალი რაოდენობით შეტანა (ტურნეფსი, საკვები ჭარხალი, ძირხვენების ფოჩი) აუარესებს რძის ხარისხს _ ის ხდება მომწარო და დაჰკრავს საკვების გემოც. რძის ხარისხი, აგრეთვე, უარესდება, თუ ფურებს მივცემთ უხარისხო საკვებს _ დამპალ თივას, სილოს ან სენაჟს.
არასასურველ შედეგს იწვევს, აგრეთვე, ფურებისთვის დიდი რაოდენობით ჟენჟოს, ლუდის ნახარშის, მჟავე ბადაგის მიცემა, აგრეთვე, საქონლის ისეთ საძოვრებზე გაყვანა, სადაც ჭარბობენ მომჟავო მცენარეები. ამ დროს, ფურები იძლევიან რძეს, რომელსაც ახასიათებს დონდლო შენადედი, და მისგან შეუძლებელია კარგი ხარისხის ყველის ამოყვანა.
ძალიან ფასობს რძე, რომელიც მიიღება ალპურ, სუბალპურ საძოვრებზე მყოფი ფურებისგან. ასეთი რძისგან გამოდის უმაღლესი ხარისხის ყველი და რძის სხვა ნაწარმი.
ხშირად, გაზაფხულზე, მცირდება რძის ცხიმიანობა, როდესაც ფურები გადადიან მწვანე საკვებზე. ამ პერიოდში, მწვანე საკვებში ნაკლებია უჯრედანა _ 12%-მდე, და მეტია პროტეინი _ 25%. ეს მოქმედებს ფაშვში დუღილის პროცესებზე _ მცირდება ძმარმჟავის გამოყოფა და უარყოფითად მოქმედებს რძის ცხიმის სინთეზზე. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ფურების ულუფაში კარგი ხარისხის თივის შეტანა დეკადების მიხედვით: I დეკადაში _ 5 კგ, II _ 3 კგ, III _ I კგ.
მაგრამ სრულფასოვანი კვების ფონზეც კი, ძალიან რთულია შეუნარჩუნოთ ფურებს და მოზარდს ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების ბალანსი. იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში არ გამომჟღავნდეს ამ ნივთიერებების დეფიციტი, აუცილებელია, ვისარგებლოთ საკვები დანამატებით და ბიოპრეპარატებით.
კვების მოვლა-შენახვისას კარგი პირობების შექმნა, სხვადასხვა ბიოპრეპარატების და საკვები დანამატების გამოყენება ხელს უწყობს: ცხოველებში პროდუქტიულობის გადიდებას იმ დონემდე, რომელიც, ძირითადად, განსაზღვრულია ცხოველის მემკვიდრული თვისებებით; მოზარდის კარგად გამოზრდას; მისი იმუნური სისტემის გაძლიერებას.
მეცხოველეობის განვითარების აუცილებელი პირობაა მიღებული ნამატის უდანაკარგოდ და ჯანმრთელად გამოზრდა.
ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია ელკანას კოორდინატორი გურიის რეგიონში