_ როგორ იურთიერთობონ პედაგოგებმა მედიასაშუალებებთან, უფრო სწორად, როგორ აარიდონ მათთან ურთიერთობას თავი, _ ამ თემაზე სკოლის დირექტორებისთვის პრეზენტაცია მოაწყვეს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ და ამავე დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ნათია ანასტასიადმა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, სკოლის დირექტორებთან შეხვედრა ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ახალ ტალღაში” შედგა.
როგორც ამ შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა პედაგოგმა გვითხრა, საუბრის თემა და შეხვედრის მიზანი ასეთი იყო: “ამ შეხვედრას ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. ორი გოგონა იყო ჩამოსული განათლების სამინისტროდან _ ეკა ჭუმბურიძე და ნათია ანასტასიადი, მათ ასე წარმოადგინეს თავი. თქვეს, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო _ შეიძლება კომენტარზე მოვიდნენ, ჩაწერონ რაღაც და შემდეგ მიჭრან-მოჭრან და ისე გადააკეთონ, რომ სკოლის დირექტორებს პრობლემები შეექმნათ. ამიტომ, ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, უკეთესი იქნებოდა, თუ მსგავსი შემთხვევების დროს, ანუ ჟურნალისტების გამოჩენის შემთხვევაში, დავუკავშირდებოდით პრესსამსახურის უფროსს, ნინო პოტრჟებსკაიას, _ ყველაზე კომპეტენტური პირი მაგ საკითხში ეგ არისო, ასე გვითხრეს და მისი მობილურის ნომერიც ჩაგვაწერინეს.”
ამ საკითხთან დაკავშირებით, “გურია ნიუსიც” განათლების სამინისტროს პრეს-ცენტრის უფროსს, ნინო პოტრჟებსკაიას დაუკავშირდა.
_ აპრილში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს _ ეკა ჭუმბურიძეს და ნათია ანასტასიადს ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლის დირექტორებთან ჰქონდათ შეხვედრათ, ადასტურებთ?
_ დიახ.
_ ანუ ნამდვილად შედგა ეს შეხვედრა?
_ არ ვიცი, სხვის შეხვედრაზე მე ინფორმაციებს არ ვფლობ.
_ ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქალბატონი ეკა და ქალბატონი ნათია. მათ დირექტორებს განუცხადეს რომ თუ ჟურნალისტები რაიმე საკითხზე დაუკავშირდებოდნენ, თქვენთან უნდა დაერეკათ. მათ თქვენი ნომერიც კი ჩააწერინეს.
_ ვაიმე, რა სისულელეა!
_ ისიც აუხსნეს, ჟურნალისტები თუ დაგიკავშირდებიან, შეიძლება თქვენი სიტყვები დაამახინჯონ და ინტერვიუში სხვაგვარი ინტერპრეტაციით გაუშვან, ამიტომ, ჯობს, მათთან ურთიერთობას თავი აარიდოთო.
_ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ამ სისულელეზე ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.
პასუხების არცოდნის ან არარსებობის შემთხვევაში, ასეთი “კულტურული” დამშვიდობება პოტრჟებსკაიასგან პირველი შემთხვევა არ არის. არასასურველი ჟურნალისტების თავიდან მოსაშორებლად მას კიდევ ერთი “ფანდი” აქვს, _ ალო, იცით რა, თქვენი ხმა არ მესმის, _ განაცხადებს ხოლმე შუა საუბრისას და ტელეფონს თიშავს, შემდეგ კი ზარებს აღარ პასუხობს. ეს მეთოდი მან ამ ორი დღის წინაც გამოიყენა “გურია ნიუსთან”, რომელზედაც დეტალურად შემდეგ გესაუბრებით _ თემა განათლების მინისტრის კიდევ ერთ “უჩვეულო” ინიციატივას ეხება.
მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ასეთი ქმედებების შემდეგ, ძალიან რეალურად გამოიყურება ამ უწყების ლექცია-სემინარები ჟურნალისტებთან ურთიერთობისას “მოსალოდნელი საფრთხეების” აცილების შესახებ.
თანაც, ეს პირველი შემთხვევა არ არის ერთ დროს “პიარშიკი” შაშკინის უწყებისგან.