თვითმხილველების ცნობით, ამბაკო ავალიანს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე უკავშირდებოდა მისი ძველი თანაგუნდელი სინჯიკაშვილი და თხოვდა შეხვედრას. თან არწმუნებდა, რომ ჩამოშორებოდა პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნებას”. ბოლოს, ამბაკო ავალიანი დათანხმდა მასთან შეხვედრას, რომელიც ეკლესიასთან შედგა. სინჯიკაშვილი შეხვედრის ადგილას ორი ჯიპით და სამი მსუბუქი მანქანით, დაახლოებით, 20 თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. მათ ავალიანი ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შემდეგ ავალიანს გამორთული ჰქონდა ტელეფონი და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
“ქართული ოცნება” დაუკავშირდა უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას, რის შემდეგ ამბაკო ავალიანი ძალიან მალე დაბრუნდა.
“მიუხედავად იმისა, რომ, ავალიანმა გათავისუფლების შემდეგ არ ისურვა საუბარი, თუ რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია გავასაჯაროოთ ეს ფაქტი, რადგან მისი გატაცება მოხდა აბსოლუტურად უმიზეზოდ. მომხდარი ფაქტი მოითხოვს დეტალურ გამოძიებას”, _ ამბობენ “ქართულ ოცნებაში”.