_ რამდენიმე წუთის წინ გამართეს შეხვედრა და თან მოსახლეობას ანტენები მიუტანეს. ეს ფარულად არ გაუკეთებიათ, ღიად გააკეთეს, _ გვითხრა ასკურავამ.
როგორც გავარკვიეთ, “ქართული ოცნების” აქტივისტებმა ჯაპანაში შეხვედრა მართლაც გამართეს. ერთ-ერთი წარმომადგენლის, ლევან იზორიას განცხადებით, საჩუქრების დარიგებაზე არაფერი სმენია: _ ეს მორიგი ტყუილია. მე მსგავსი არაფერი მსმენია. ჩვენ საჩუქრები არავისთვის ჩაგვიტანია, _ გვითხრა იზორიამ.
“ქართული ოცნების” ლანჩხუთის ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე კი, ჯაპანაში ანტენების ჩატანის პროცესს ადასტურებს: _ ანტენები კი ჩაიტანეს, მაგრამ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ ჩაუტანიათ. უბრალოდ, დროში დაემთხვა. შეხვედრას და ანტენების მონტაჟს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. სამტრედიიდან ჩამოსულია “გლობალ TV”-ს ჯგუფი, რომელიც ანტენებს ამონტაჟებს ყოველგვარი კანონის დაცვით, _ გვითხრა ბოლქვაძემ.
ჩვენ შევეცადეთ “გლობალ TV”-ს წარმომადგენლებსაც დავკავშირებოდით, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ტელეფონის ნომრები გამორთული იყო. “გურია ნიუსი” კვლავ შეეცდება ეს ინფორმაცია აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებთანაც გადაამოწმოს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრები და აქტივისტები გურიაში საინფორმაციო შეხვედრას მართავენ, სოფელ-სოფელ დადიან და მოსახლეობას 17 ივნისს ოზურგეთის აქციაზე ეპატიჟებიან.