აღნიშნული ინფორმაცია დავით ბერძენიშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დაადასტურა.
დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს დავით ბერძენიშვილმა საქართველო დატოვა.
ინფორმაციის გასარკვევად, “გურია ნიუსი” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს დაუკავშირდა.
“ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია დავით ბერძენიშვილის შესახებ, ის თბილისშია, პოლიტსაბჭოს წევრია ჩვეულებრივ, კოალიციაშია, თავის ადგილზეა და არაფერი შეცვლილა. ავრცელებენ რაღაც არასწორ ინფორმაციას”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
რადგან, დავით ბერძენიშვილის წასვლასთან დაკავშირებით ერთ-ერთ წყაროდ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ბიძინა გუჯაბიძეც სახელდებოდა, “გურია ნიუსი” მასაც დაუკავშირდა.
_ ბატონო ბიძინა, თქვენ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან განაცხადეთ, რომ დავით ბერძენიშვილმა საქართველო დატოვა, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
_ არა, არა, მე ვთქვი, რომ დავით ბერძენიშვილი გარკვეული მისიის შესასრულებლად წავიდათქო.
_ სად წავიდა?
_ არ ვიცი, არა გენაცვალე, საქართველოში არ არის, მე ასე ვიცი და… რა ვიცი ახლა, თქვენ როგორ გინდათ ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. მერე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე მითქვამს, რომ ქართული კოალიცია დატოვათქო. რა სისულელეა.
დავით ბერძენიშვილი რჩება “ქართულ ოცნებაში და საქართველოდან თუ გავიდა, იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” დატოვა?
_ ჩვენ არ ვიცით, სწორედ მაგიტომ გეკითხებით თქვენ.
_ არა, არა გენაცვალე, მე მასეთი რამ არ მითქვამს და ასე როგორ შეიძლება?
“გურია ნიუსი” დავით ბერძენიშვილთანაც ცდილობდა დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს.