(გაგრძელება)
14. თუ წიწილებს უკრუხოდ ვზრდით (ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები), პირველ კვირას სადგომის ტემპერატურა 32 გრადუსი უნდა იყოს, მეორე კვირას _ 29, მესამე კვირას _ 27, მეოთხე კვირას _ 24, მეხუთე კვირას _ 21, მეექვსე კვირიდან _ 18. ტემპერატურის ასეთი რეჟიმის დაცვა შესაძლებელია ელექტროგამათბობლების გამოყენებით.
15. წიწილების საუკეთესო საკვებია რძე, შრატი, ხაჭო, ნადუღი და მაწონი. ისინი წარმოადგენენ ადვილად მოსანელებელი ცილების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების წყაროს, რაც ხელს უწყობს ფრინველის ნორმალურ ზრდა-განვითარებასა და ჯანმრთელობას.
16. კვერცხმდებლობის დაქვეითების ან შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს ამინდის მკვეთრი ცვლა (ტემპერატურის სწრაფი დაცემა 8 გრადუსზე ქვევით, ან პირიქით _ აწევა 28 გრადუსზე ზევით), ფრინველის ჯანმრთელობის გაუარესება, ბუმბულის ცვლა და სხვადასხვა სტრესები.
17. ფრინველის ჯანმრთელობაზე და კვერცხმდებლობაზე დიდ გავლენას ახდენს არასრულფასოვანი კვება, ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობა, სუფრის მარილის სიჭარბე ან ნაკლებობა.
18. ხშირად ქათამი კვერცხს საქათმეში არ დებს (“კარგავს”). ამის მიზეზი შეიძლება იყოს საბუდრის სიპატარავე, ცუდი განლაგება. კვერცხის “კარგვის” ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პარაზიტებიცაა, რომლებიც საბუდარში ბინადრობენ.
19. ზოგჯერ ქათმები ცუდ ჩვევას ავლენენ: კვერცხებს ჭამენ. ასეთი არასასურველი მოქმედების მიზეზი მრავალია. მათ შეიძლება განეკუთვნოს ახლად გატეხილი კვერცხის ნაჭუჭის (რომელსაც ჯერ შერჩენილი აქვს ცილა) ქათმებისათვის მიცემა, საბუდარში შემთხვევით გატეხილი კვერცხის არსებობა და სხვა. ასეთი ზნის ქათმებს აჭრიან ნისკარტის ზედა წვეტიან ნაწილს და გაცხელებული მეტალით მოუწვავენ. ისე კი სასურველია, ასეთი ჩვევის ქათმები გუნდს მოვაცილოთ.
20. რამდენი მამალია საჭირო საფრინველეში? ერთ მამალზე უნდა მოვიდეს არა უმეტეს კვერცხმდებელი ჯიშის 15 ფრთა დედალი. ჩვეულებრივი ნარევი ჯიშის ქათმებში _ არა უმეტეს 12, მეხორცული მიმართულების ქათმებში _ არა უმეტეს 8. ამ ნორმის გადამეტების დროს კვერცხი შეიძლება განუყოფიერებელი დარჩეს.
21. ქათმის (ვარიის) დადებული პირველი 12-18 კვერცხი შედარებით პატარა ზომისაა. მათი მასა იმ კვერცხებთან შედარებით, რომლებსაც დედალი შემდგომ დადებს, 30-40%-ით დაბალია. პირველი კვერცხები საინკუბაციოდ გამოუსადეგარია, ისინი მხოლოდ სასურსათო მიზნით უნდა გამოვიყენოთ. პირველ წელს დადებული კვერცხები, მეორე წელს დადებულ კვერცხებზე, 8%-ით მსუბუქია. კვერცხის ნაჭუჭის ფერი ქათმის ჯიშზეა დამოკიდებული.
22. დინდგელის 5%-იანი სპირტწყლის ნაყენის გამოყენებისას მეკვერცხული ქათმების კვერცხმდებლობა 18%-ით იზრდება, 14%-ით მცირდება საკვების დანახარჯი, წიწილების სიკვდილიანობა _ 22%-ით. ცდებით დადგენილია, რომ საკვებთან ერთად დინდგელის 10%-იანი სპირტწყლის ნაყენის მიცემისას წიწილების შენარჩუნება 89,4%-ს აღწევს, ხოლო სადღეღამისო წონამატი _ 24,4 გრ-ს: მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად შენახულ წიწილებში შენარჩუნება 85,2% იყო, წონამატი კი _ 21,7 გრ.
23. ქათმებმა მოსვენება დაკარგეს, კვერცხის დება შეამცირეს ან საერთოდ შეწყვიტეს; ნისკარტით ბუმბულში საათობით იქექებიან. წიწილა საკვების მიღებას წყვეტს, ცუდად იზრდება, ფრთები ჩამოშვებული აქვს, ნისკარტით იქექება ბუმბულში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ფრინველს პარაზიტები (ტილი, ტკიპი) გასჩენია. თუ ზომები დროზე არ იქნა მიღებული, ფრინველის პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა. წიწილები შეიძლება კიდეც დაიხოცონ.
24. ფრინველი მოუსვენრადაა, ნისკარტით ბუმბულში იქექება, ბუმბული განსაკუთრებით ბოლოზე, კისერსა და მკერდზე სწრაფად სცვივა, კვერცხისმდებლობა კლებულობს და ფრინველი ცუდად ვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ფრინველს პარაზიტი _ ბუმბულჭამია ტკიპი გასჩენია. ტკიპა ერთი ფრინველიდან მეორეზე სწრაფად გადადის. მისი კვერცხები ანტიპარაზიტული პრეპარატების მიმართ მდგრადია. ამ პრეპარატების გამოყენების დროს ზრდასრული პარაზიტები სწრაფად იხოცებიან, მაგრამ კვერცხებიდან 8-14 დღის შემდეგ ისევ იჩეკებიან. ამიტომ, ანტიპარაზიტული პრეპარატების გამოყენება მრავალჯერადი უნდა იყოს _ ისინი 8-14 დღის ინტერვალით 2-3-ჯერ მაინც უნდა გამოვიყენოთ.
25. თუ ფრინველს ტილები, ბუმბულჭამიები და სხვა პარაზიტები აწუხებენ, მისი პროდუქტიულობა შესამჩნევად იკლებს. ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითების გამო, ფრინველი სხვადასხვა დაავადებებით ადვილად ავადდება. მოზარდებში დიდია სიკვდილიანობა. ამ შემთხვევაში პარაზიტების საწინააღმდეგო ღონისძიებები კომპლექსურად, რამდენიმე პრეპარატის გამოყენებით უნდა ჩავატაროთ.
26. ქათამი საბუდარს სხვადასხვა სიმაღლეზე ირჩევს, ერთ ნაწილს მაღალი საბუდარი მოსწონს, მეორეს _ პირიქით, დაბალი. აქედან გამომდინარე, საქათმეში საბუდარი სხვადასხვა დონეზე უნდა მოვაწყოთ.
27. ინდაურის ჭუკებს, ვინაიდან ისინი ცუდად ხედავენ, მკაფიო ფერის საკვები უნდა მივცეთ, მაგ., წვრილად დაჭრილი მწვანე ბალახი, გახეხილი სტაფილო, ყვითელი სიმინდის ღერღილი და სხვ.
28. დამწყვდეულ ქათმებს ხშირად ახალმოგლეჯილ ბალახს უყრიან. ეს სასურველ შედეგს არ იძლევა. ქათამი ბალახის გრძელ ფოთლებს ჭამს, ისინი შეიძლება ჩიჩახვში ერთმანეთს ჩაეხვიოს და ქათამი დასაკლავი გახდეს. უკეთესი შედეგის მისაღწევად ბალახი მცირე ზომებად უნდა დავჭრათ.
29. ხშირად საჭირო ხდება რამდენიმე კრუხის წიწილების გაერთიანება _ ერთმანეთში არევა. ეს პროცესი ფრთხილად უნდა ჩატარდეს. წიწილები, სასურველია, ერთი ასაკისა და შეფერილობის იყვნენ. კრუხს უცხო წიწილებს უსვამენ ღამე, წყნარად და ფრთხილად, დილით კი აკონტროლებენ კრუხის მოქმედებას.
30. წიწილებს პირველი ორი დღის განმავლობაში კვებავენ ყვითელი სიმინდის ღერღილით და დაქუცმაცებული კვერცხის გულით. უნდა მიეცეს ნადგომი წყალი, ოთახის ტემპერატურის. შემდგომ დღეებში წიწილებს ეძლევა ღერღილში არეული პრემიქსები, რომლებიც ცილას, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავენ. სასმელ წყალს პერიოდულად ურევენ კალიუმის პერმანგანატს ღია ვარდისფრის მიღებამდე. აუცილებელია, წიწილებს წვრილად დაჭრილი ბალახი ან მწვანილის ნარჩენები მიეცეს. ფრინველის დაავადებებისგან დასაცავად საკვებში ან წყალში ურევენ ანტიბიოტიკებსა და სხვა პრეპარატებს. უკეთესია, წიწილებს პრობოტიკები (პათოგენური მიკრობების ანტაგონისტი მიკროორგანიზმები) მიეცეს.
31. კვერცხმდებელი ქათამი, თუ ის განსაკუთრებული ჯიშის არ არის, უნდა შევინახოთ ორი წლის მანძილზე. შემდგომ მისი პროდუქტიულობა (კვერცხმდებლობა) იკლებს. ქათამი ოთხი წლის შემდეგ ფაქტობრივად ბებერია და საჭირო რაოდენობის კვერცხს აღარ დებს.
32. ძროხების საკვებად ხშირად ნახერხს იყენებენ. ეს დაუშვებელია, რადგან მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნახერხს ცხოველი ვერ ითვისებს, პირიქით, ის ცხოველის ჯანმრთელობისათვის საშიშია.
33. თუ ჭაობიან ადგილებში ფართოდ გავრცელებული ლელის ნედლ ნაზარდებს დავუმატებთ ცოტაოდენ შესველებულ ქატოსაც, ცხოველისათვის კარგ საკვებს მივიღებთ.
34. ხბოების კუჭ-ნაწლავის და სხვა დაავადებების თავიდან აცილების მიზნით დედას ხბო არ უნდა მოვაცილოთ. ხბო დედასთან უნდა მივუშვათ დაბადებისთანავე. 2 კვირის შემდეგ ხბო ძროხასთან, სასურველია, მივუშვათ შუა წველაში. 1,5 თვის (ე.ი. 2 თვის ასაკში) შემდეგ კი _ წველის ბოლოს. ასეთ პირობებში 4 თვის ასაკში ხბო კარგად განვითარებული და ჯანმრთელია.
35. ძროხა უნდა მოვწველოთ, როგორც იტყვიან, რძის ბოლო წვეთამდე, ანდა წველის ბოლოს ხბო მივუშვათ, რათა ბოლომდე გამოსწოვოს რძე. ცურში დარჩენილი რძის მცირე ნაწილიც კი ძროხის შემდგომ პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს, იგი წველადობას ამცირებს. კიდევ ერთი ფაქტი _ უნდა ვიცოდეთ, რომ რძის ბოლო წვეთები მდიდარია ცხიმით და ეს გავლენას ახდენს რძის საერთო ცხიმიანობაზე.
36. ფურებში მომყოლის ადვილად მოცილების ერთ-ერთი საშუალება მოგებისთანავე ძროხის მიერ ხბოს აქტიური ლოკვა და ხბოს მიერ ხსენის უშუალოდ გამოწოვაა. ამ მიზნით ახალშობილ სველ ხბოს ტანზე ქატოს აყრიან, რათა ძროხამ იგი ინტენსიურად ალოკოს. ეს ძველი ხალხური ხერხია.
37. ზაფხულსა და შემოდგომაზე ხბო ძირითადად მწვანე ბალახით იკვებება, მაგრამ სიცხის გამო იგი საკმარისი რაოდენობის ბალახს ვერ ძოვს. ამიტომ საჭიროა, ხბოს დავუყაროთ მოთიბული ბალახიც, რომელსაც იგი ხალისით ჭამს.
38. ძუძუს ახალმოშორებულ ხბოს საკვებად ფქვილისაგან დამზადებული რძისმაგვარი ნარევი უნდა მივცეთ. ნელ-ნელა შეეჩვევა მას და ძუძუს წოვას მალე დაივიწყებს.
39. ხბოს ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია მინერალური საკვები, პირველ რიგში სუფრის მარილი. ერთ წლამდე ასაკის ხბოს ყოველდღიურად საკვებთან ერთად უნდა მიეცეს 5-10 გრ. მარილი, 100 კგ-ზე მძიმე მოზარდებს _ უფრო მეტიც. უკეთესია, ცხოველს საკვებურში მუდმივად ედოს ქვამარილი.
40. ტიმპანიის (გაბერილობის) დროს, სწრაფი დახმარების მიზნით, ძროხას ვასმევთ 1 ლიტრ საჭმელ ზეთს პირდაპირ პოლიეთილენის ბოთლიდან, ისე, რომ სასულეში არ გადასცდეს. წელზე ვაფენთ ცივ წყალში დასველებულ სქელ ტომარას, ვუკეთებთ ოყნას 5-8 ლიტრის ოდენობის ოთახის ტემპერატურის წყლით.
41. ახალშობილი ხბო დღეში 4-ჯერ უნდა ვკვებოთ. პირველ კვებას ვატარებთ დაბადებიდან არა უგვიანეს 1 საათისა, უშუალოდ მიშვებით ან ხსენის პირველი მონაწველით _ საწოვარას საშუალებით. პირველ კვებაზე _ 1,5 ლიტრი, შემდგომ დღეებში ყოველდღიურად 1 ლიტრის მიმატებით.
10 დღიდან ხბოს რძე ნებაზე ეძლევა. პირველი ოთხი დღე აუცილებელია ხბოს მიეცეს 0,5 ლ. ანადუღარი წყალი ყოველდღიურად. მეოთხე დღიდან უკეთესია მივცეთ კარგი ხარისხის თივის ნაყენი (თივას ვასხამთ ადუღებულ წყალს და ვაჩერებთ 1-2 სთს). ერთი კვირის ასაკიდან ხბო თივას გემოს უსინჯავს. თუ გინდათ, ჯანმრთელი, სანაშენე ხბო გამოზარდოთ, რძეს ნუ დაინანებთ.
42. მარცვლეული (სიმინდი, ქერი, ხორბალი) მსხვილ რქოსან პირუტყვს, განსაკუთრებით მოზარდს, დაუფქველად არ უნდა მივცეთ. ვინაიდან მას მთლიანად ვერ ინელებს და დიდი რაოდენობით გამოყოფს ფეკალიებთან ერთად. თუ მარცვლეულის დაფქვის საშუალება არ გვაქვს, მაშინ მარცვლეული დარბილებამდე უნდა მოხარშოთ.
43. როდესაც ჩალას, ნამჯას, უხეშ თივას პირუტყვს დაუკუწავად ვაძლევთ, დიდია დანაკარგი. კარგ შედეგს მივიღებთ, თუ ამ საკვებს დავაქუცმაცებთ (5-7 სმ ზომაზე) და დავასველებთ თბილ, მარილიან წყალში (ყოველ 10 კგ საკვეზე 8-10 ლ წყალი და 150-200 გრ. სუფრის მარილი). ასეთი დამუშავების შემდეგ ცხოველი საკვებს სიამოვნებით ჭამს, უკეთესად ინელებს და საკვების დანაკარგებიც ნაკლებია. შეიძლება საკვები ჩაიორთქლოს. ამისათვის ხის კასრში ყრიან დაქუცმაცებულ საკვებს და ყოველ 10 კგ საკვებზე ასხამენ 10 ლ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 7-10 საათს. უკეთესია, თუ დაორთქლილ უხეშ საკვებს ქატოს მოყრით გავამდიდრებთ.
44. ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა ძროხის ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებით კი _ რძის პროდუქტიულობაზე. 24° ტემპერატურა რძის პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. 4°-ზე დაბალი ტემპერატურის დროს, თუ ცხოველი არ იღებს დამატებით საკვებს, წველადობა მცირდება. ასევე უარყოფითად მოქმედებს რძის პროდუქტიულობაზე 24°-ზე მაღალი ტემპერატურა. ჰაერის ტენიანობა აძლიერებს და აქვეითებს ცხოველებზე ტემპერატურის გავლენას.
45. წველის ჯერადობის გაზრდა 2-დან 3-მდე დღიურ მონაწველს 15-20%-ით ზრდის. 3-დან 4-მდე ნაწველი 5-10%-ით იზრდება. ეს განპირობებულია სარძევე ცურის მოცულობით და რძის სეკრეცის გააქტიურებით. ორჯერადი წველიდან ერთჯერადზე გადასვლისას პროდუქტიულობა მცირდება 40-50%-ით. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ, რამდენჯერ მოვწველოთ ძროხა დღეში.
46. ახალშობილი ხბოები ცუდად არიან დაცული სიცივისაგან. მათ თხელი კანი, თხელი და მოკლე ბეწვი აქვთ. თითქმის არ გააჩნიათ კანქვეშა ცხიმი. ამიტომ თუ ცივ, ნესტიან ამინდში მათ სათანადო პირობები არ შეექმნათ, ისინი ცივდებიან და ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით.
47. თუ ძროხას ერთ ვედრო სალაფავზე დავუმატებთ ერთი ღვინის ჭიქა (თლილი) ვაშლის ძმარს, წველადობა საგრძნობლად მოიმატებს. თუ ძროხის ყოველ 40 კგ ცოცხალ მასაზე საკვებში დაემატება 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1-2 წვეთი იოდის 5%-იანი ნაყენი, პირუტყვს მასტიტი გაუქრება და ძროხა წველას მოუმატებს, გაუმჯობესდება რძის ხარისხიც.
48. ზოგჯერ ახალშობილი ხბო უდედოდ რჩება; მისი ჯანმრთელად გამოზრდისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ხსენი, რომელიც შეიძლება დავამზადოთ შემდეგნაირად: ძროხის რძეს ემატება 15 მლ ვიტამინიანი თევზის ქონი (მისი შეძენა შეიძლება სამედიცინო აფთიაქებში), 5 გრ სუფრის მარილი და ქათმის ერთი ახალი კვერცხი. მიღებული მასა კარგად შერევის შემდეგ ეძლევა ხბოებს 400-500 მლ-ის ოდენობით დღეში 3-ჯერ 4-5 დღის განმავლობაში. შემდგომ ხბო უნდა გადავიყვანოთ ნატურალურ ძროხის რძეზე.
49. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფურების დროულად გაშრობას. ეს უნდა მოხდეს მოგებამდე 2 _ 2,5 თვით ადრე. იმ ფურების გაშრობა, რომლებიც ამ პერიოდისათვის იწველიან 3-4 ლ. რძეს, ხდება სწრაფად. მეტი წველადობისას ძროხა თანდათანობით, წველის ჯერადობის შემცირებით უნდა გაშრეს.
50. ხბოს მოგების შემდეგ ძროხებს ხშირად უვითარდებათ მასტიტი (სარძევე დვრილის ანთება), და თუ დროზე არ უმკურნალეს, სარძევე დვრილი გამოდის მწყობრიდან. მასტიტის მკურნალობის ერთ-ერთი ნაცადი მეთოდი შემდეგია: სუფთა თიხას უნდა დაესხას ძლიერი ღვინის ძმარი თხელი ფაფის მიღებამდე. მიღებული მასა უნდა წაუსვან მთელ ცურს დილა-საღამოს იძულებითი წველის შემდეგ. უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ თიხას გამოვაშრობთ და მასში მოვათავსებთ მაგნიტს. დამაგნიტებულ თიხას ვინახავთ ამ მალამოს დამზადებამდე.
51. ახალშობილ ხბოს დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევაბათ საყელური ან თოკი, რასაც ადვილად ეგუება. მოგვიანებით ამ პროცედურის ჩატარება გაძნელდება, რადგან ხბო შემდგომში ძნელად ეგუება უცხო საგანს.
52. ხშირად ფიქრობენ, ვინაიდან ხბო დიდი რაოდენობით იღებს ხსენსა და რძეს, მას სასმელი წყალი არ სჭირდებაო. ხბოსთვის პირველი დღიდანვე აუცილებელია წყალი. ხბოს საწოვარათი უნდა მივცეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. კარგი შედეგი ახლავს სხვადასხვა მცენარეთა ნახარშებისა და ნაყენების მიცემას.
53. დაბადებიდან პირველი 3-5 დღის განმავლობაში ხბოებს კვებავენ 4-5-ჯერ დღეში. ერთ მიღებაზე ასმევენ 1-1,5 ლიტრ ხსენს. ხბო რაც მეტი ხალისით იღებს ხსენს პირველ დღეებში, მით უკეთესია; მაგრამ ხბოს ზედმეტად გაძღომა დაუშვებელია, რადგან კუჭის აშლილობა მოჰყვება. საკვების მაქსიმალური დღეღამური დოზა ხბოებისათვის 6-8 ლიტრია. ხბო არ უნდა დავტოვოთ მშიერი, რადგან შიმშილის გამო იგი წოვს და ლოკავს მის ირგვლივ არსებულ საგნებს, რომლებიც შეიძლება დაბინძურებული იყოს დაავადების გამომწვევი სხვადასხვა მიკროორგანიზმებით.
54. ხბოების ჯანმრთელობის კონტროლის გასაწევად უნდა ვიცოდეთ, რომ მათ სიცოცხლის პირველ დღეებში დღე-ღამეში 18-20 საათი სძინავთ. 1-3 დღის ასაკის ხბოს ორგანიზმის ტემპერატურა 38,5° _ 39.3-ია, პულსი _ 150 _ 170, სუნთქვა _ 50 _ 70 წუთში. ხბო სიცოცხლის პირველ დღეებში ფეკალიას გმოყოფს 3-ჯერ, შარდს კი _ 4-ჯერ.
55. გოჭების დაყრის ყავლი შეიძლება განვსაზღვროთ ნეზვებიდან რძის გამოყოფის მიხედვით. თუ დვრილიდან რძე გამოიყოფა ინტენსიური თეთრი ფერის წვრილი წვეთების სახით, მაშინ დაყრამდე დარჩენილია 1-2 დღე-ღამე. თუ რძე გამოიყოფა ნაკადად, მაშინ დარჩენილია 3-6 სთ. გოჭების დაყრა ძირითადად ხდება ღამით. ამ დროს მომვლელის მათთან ყოფნა აუცილებელია, რათა ავიცილოთ გოჭების გაჭყლეტა და ჩავატაროთ სათანადო ვეტერინარული ღონისძიებები. რძის გამოყოფა უნდა შევამოწმოთ ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
(გაგრძელება იქნება)
ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია “ელკანას” კოორდინატორი გურიის რეგიონში