ფუტკრის ამოუწურავი შესაძლებლობები მეცნიერებს ბოლომდე არ აქვთ შესწავლილი. იგი 6 სახეობის პროდუქტს იძლევა და ექვსივე გამორჩეულია სასარგებლო თვისებებით. თაფლი, სანთელი, დინდგელი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი და შხამი _ ყველა ამ პროდუქტს გამოყენება აქვს, როგორც ყოველდღიურ მოხმარებაში, ისე მეცნიერებასა და კოსმეტოლოგიაში.
ჭაბუკა ფაცურია მოყვარული მეფუტკრეა, მაგრამ ბევრი რამ იცის ამ საქმის შესახებ და ცოდნას გამუდმებით იღრმავებს.
ახალგაზრდა მეფუტკრე გვიყვება: _ 9 წელია მეფუტკრეობას მივყვები. საქმე ფუტკრის ერთი ოჯახით დავიწყე, რომელიც მაჩუქეს. თავიდან არაფერი ვიცოდი. ამ საქმის შესწავლაში 2 მეგობარი დამეხმარა. საქართველოს მეფუტკრეობის ინსტიტუტში 6-თვიანი კურსები გავიარე. ამ ინსტიტუტის რექტორია საქართველოში ცნობილი პიროვნება ვენერა სტეფანიშვილი. ის დაახლოებით ასორმოცდაათი შრომის ავტორია და ფუტკრის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებს თვითონ ამზადებს.
ამის შემდეგ უკვე პრაქტიკულ საქმიანობას ვეწეოდი ჩემს საფუტკრეში. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია _ გაზაფხულიდან იწყება ფუტკართან მუშაობა. პირველ რიგში, როცა გავხსნით სკას, ფუტკარი მოწმდება საკვებ მარაგზე, ანუ რა რაოდენობით აქვს თაფლი. ამის შემდეგ მოწმდება დედის ავკარგიანობა, შემდეგ რა სიძლიერისაა ოჯახი _ ითვლება ჩარჩოების რაოდენობა. შემდეგ ხდება ეტაპობრივი განვითარება, მაგალითად, ბუდის გაფართოება _ ძირითადი შევსების შემდეგ ზევიდან ვამატებთ მეორე კორპუსს. მე ვმუშაობ კაშკოვსკის მეთოდით, რომელიც შედარებით ახალი მეთოდია. წინა წლებში ბუდეს ვაფართოვებდი მრავალჯერადად, ახლა ქვედა კორპუსი რომ შეივსება, ზედა კორპუსში ვამატებთ 12 ჩარჩოს. აქედან 6 ხელოვნური ფიჭაა, 6 კი _ წინა წელს აშენებული. პირველად წელს გამოვიყენე ეს მეთოდი და ძალიან გაამართლა _ ერთი ოჯახიდან ერთჯერადად 65 კილოგრამი თაფლი დავწურე. წინა წლებში ერთი ოჯახიდან სეზონზე 50-60 კილოგრამ თაფლს ვიღებდით. ამ მეთოდით მეფუტკრის შრომის დაზოგვაც ხდება და ერთ ადამიანს შეუძლია გაცილებით მეტ სკას მოუაროს. ყოველ თვეში დავდივარ ქუთაისში სემინარებზე. სემინარებს ატარებს ამ დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი საქართველოში იუზა გიგაშვილი. ეს ადამიანი ხელს უწყობს მეფუტკრეობის განვითარებას მთელ საქართველოში. იგი პრაქტიკოსი მეფუტკრეა, თერჯოლაში მეურნეობა აქვს მოწყობილი. ამ სემინარებზე გვაცნობს სიახლეებს, გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, რაც ჩვენს სინამდვილეშია დანერგილი.
საუბარში ერთვება ჭაბუკას მამა გოგი ფაცურია: _ ინგლისში ცხოვრობს ლანჩხუთელი ახალგაზრდა კოტე კუტალაშვილი. მას დიდი სურვილი აქვს ლანჩხუთის განვითარებაში ჩაიდოს ინგლისური ინვესტიცია.მისი მეშვეობით გავიცანით ინგლისელი ბიზნესმენი იკრამ ლოკატი. იგი დაინტერესდა ჩვენი მეურნეობით, მინისაწარმოთი და გადაწყვიტა ფული ჩადოს ამ საქმეში. 2 კვირის წინ იყო ჩამოსული და შეისწავლა სიტუაცია. სექტემბრიდან ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და შევძლებთ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გავხსნათ. ინგლისელი ბიზნესმენი მოიხიბლა ჩვენი თაფლის გემოვნური თვისებებით. ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია ბაზრის ათვისება. მოგეხსენებათ, რომ თაფლის რეალიზაცია რთულია. ლოკატის მეშვეობით ჩვენ მოვახერხებთ ინგლისის ბაზარზე გასვლას და თუ ეს მოხდა, ჩვენი საწარმო რეგიონული მნიშვნელობის გახდება. მან ჩამოიტანა ინგლისიდან თაფლი. არც კი შეიძლება ჩვენებურ თაფლს შევადაროთ. ჩვენთან ბუნებრივი გარემოა ისეთი, რომ ხარისხობრივად უკეთეს თაფლს ვიღებთ.
რაც შეეხება ფუტკრის რძეს, ჩვენ ვერ ვახდენთ მის მიღებას. ჭაბუკამ შეისწავლა მიღების მეთოდი და მომავალი წლიდან ვაპირებთ დანერგვას. ჩვეულებრივი ფუტკარი 3 დღის განმავლობაში იკვებება ამ რძით, შემდეგ იღებს უხეშ საკვებს _ თაფლს და ჭეოს. ფუტკრის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 40 დღეა. დედა ფუტკარი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იკვებება ფუტკრის რძით და 5 წელიწადს ცოცხლობს. იაპონიაში დააკვირდნენ ამ პროცესს და თავისდა სასარგებლოდ გამოიყენეს _ ატომური დაბომბვის შემდეგ, იაპონელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან შემცირდა. იაპონელები ტონობით ყიდულობენ ფუტკრის რძეს და პატარა ასაკიდანვე აჭმევენ ბავშვებს. დღესდღეობით სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია იაპონიაში.
უცხოეთში ყველამ კარგად იცის ფუტკრის რძის სასარგებლო თვისებების შესახებ, ჩვენთან კი ინფორმაცია ძალიან ნაკლებია. ამ დარგს ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან თითქმის არ ექცევა. რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება, მით უფრო მეტ ცოდნას მიიღებს ხალხი. იმუნიტეტის ასამაღლებლად ფუტკრის რძე შეუცვლელი პროდუქტია. ქართველი მეცნიერი ივანე ნიკოლაძე ამტკიცებს, რომ ქართული ფუტკრის რძეში უფრო მეტი რაოდენობითაა ამინომჟავები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ვიდრე სხვა ჯიშის ფუტკრის რძეში. მსოფლიოში ფუტკრის 6 ჯიშია და მათ შორის ერთ-ერთია ქართული ფუტკარი.
_ მეფუტკრეები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, _ ამბობს გოგი ფაცურია, _ ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო პრეპარატები ფუტკარს ანადგურებს და თითქმის ანახევრებს მის რაოდენობას. არსებობს ბიოლოგიური ხსნარი _ დიპელი, რომელიც კარგად უმკლავდება ამერიკულ მავნებელს და არ მოქმედებს ფუტკარზე. მაგრამ ის უფრო ძვირი ღირს ჩვეულებრივ პრეპარატებთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი თავს არ იწუხებს მისი შემოტანით. ხომ შეიძლება ვისაც ფუტკარი ჰყავს, ეს ხსნარი დაურიგდეს, რომ ეს სასარგებლო მწერი არ განადგურდეს?! წელს მაქვს ინფორმაცია, რომ ხუთჯერ უფრო ტოქსიკური ხსნარით მოხდება შეწამვლა, გამოდის რომ ხუთჯერ უფრო მეტი ფუტკარი დაიხოცება. ამ საქმესაც მოვალეობის მოხდის მიზნით ეკიდებიან.
ჩვენ ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ეს ხალხი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და სახელმწიფოდან მხარდაჭერას იმსახურებს.