_ ქალბატონო ეკა, როდის და რა მოტივით მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით მიწის რეგისტრაცია უფასო გახდა?
_ 2012 წლის 28 ივნისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით _ #231, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისმიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ოთხი სამუშაო დღის ვადაში გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასური გაუქმდა.
_ კონკრეტულად როგორი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას არ შეეხება ეს ცვლილება?
_აღნიშნული ცვლილება არ ეხება თვითმმართველი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და რეკრეაციულ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.
_ რას ნიშნავს პირველადი რეგისტრაცია?
_ პირველადი რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის ბაზაში არ არის რეგისტრირებული მონაცემები.
_ ეს კანონი ნებაყოფლობითი იქნება თუ იგი დაავალდებულებს მოქალაქეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას?
_ კანონი არ ავალდებულებს მოქალაქეს.
_ მხოლოდ რეგისტრაცია გახდა უფასო თუ ის მოსამზადებელი სამუშაოც, რომელიც რეგისტრაციამდეა შესასრულებელი? მაგალითად: ნაკვეთის ციფრული აზომვა.
_ საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაცია გახდა უფასო. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით სამუშაოებს საჯარო რეესტრი არ ახორციელებს. აზომვით სამუშაოებს ასრულებენ კერძო საამზომველო კომპანიები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ მომსახურების საფასურს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ნაკვეთი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ბაზებში სისტემურად უკვე არსებულ საკადასტრო ინფორმაციას, მოქალაქეს არ მოუწევს ახალი აზომვითი ნახაზის მომზადება. ამ სამუშაოს ღირებულებას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი.
_თუ მოქალაქე იყიდის მიწის ნაკვეთს, ასეთ შემთხვევაში როგორ მოხდება პირველადი რეგისტრაცია?
_ ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივი წესით გადაიხდის, როგორც იყო.
_ ქალბატონო ეკა, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ქმედება გათვლილია არჩევნებზე თუ ამიერიდან ასე იქნება?
_ არა, არა, ეს არჩევნებს არ უკავშირდება, ამიერიდან ასე იქნება.
პ.ს საზოგადოებაში უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ ქვეყანაში, სადაც ხალხს ნაგვის გადასახადი დაუწესეს, ასე უცებ როგორ გაკეთილშობილდა ხელისუფლება, რომ გადასახადისგან ათავისუფლებს მიწის რეგისტრაციაში გატარების მსურველებს?