ავტომანქანის მძღოლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ქუჩის ამგვარი დახაზვა ბიუჯეტის შევსებისთვის არის განკუთვნილი:
_ 37 წელია მძღოლად ვმუშაობ და ასეთი რამ არ მინახავს _შუაფარცხმიდან წამოსული ავტომანქანით ნახევარი ქუჩა უნდა გაიარო, რომ ბენზინგასამართ სადგურთან მიხვიდე. ცალმხრივი გზა გააკეთეს. საავადმყოფოსთან კი უარესი სიტუაციაა _ უწყვეტი ხაზის გამო, გზის დაგრძელება გვიწევს, _ აღნიშნა ერთ-ერთმა.
_ გუშინ ავადმყოფი მიგვყავდა საავადმყოფოში. საკმაოდ ცუდად იყო და ვჩქარობდით. საავადმყოფოსთან მოვუხვიეთ და პატრულმა დაგვაჯარიმა. 50 წელია ჩოხატაურში ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მინახავს. ეს რა კანონის დაცვაა, ვერ გავიგე, _ ამბობს კიდევ ერთი ჩოხატაურელი.
აღსანიშნავია, რომ უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა ცოტა ხნის წინ გაიზარდა და 200 ლარი შეადგინა. როგორც გაირკვა, ამ ნახაზების გამო, ჩოხატაურის პოლიციამ უკვე დაწერა ათეულობით ჯარიმა.
ამ ნახაზებმა, ჩოხატაურის იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძართან პარკინგის ადგილიც შეამცირა. უნდა ითქვას ისიც, რომ ქუჩებში საგზაო ნიშნები ჯერ არ დაუდგამთ, რაც როგორც წესი, გზის დახაზვასთან ერთად კეთდება.
პოლიციელები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ქუჩა არასწორადაა დახაზული. მათივე განმარტებით, ნახაზები პოლიციის ჩოხატაურის სამმართველოს უფროსის, ლევან სიხარულიძის და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ტარიელ ჩხიკვაძის უშუალო ზედამხედველობით გაკეთდა.
იმავეს ადასტურებს კომპანია “ბლექ სი გრუპის” წარმომადგენელი, რომლის თქმით, კომპანიამ მხოლოდ მითითებები შეასრულა.
ლევან სიხარულიძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს სამორიგეოში კი განმარტავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
რაც შეეხება ტარიელ ჩხიკვაძეს, როგორც ჩანს, გამგეობის საჯარო მოხელეებმა ურთიერთობის ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს _ ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ჩვენს მიერ დასმული კითხვა: არსებობს თუ არა გეგმა, რომლის მიხედვითაც ნოდარ დუმბაძის ქუჩა დაიხაზა, ვის მიერ არის შედგენილი და რატომ არის არასწორად დახაზული, მოისმინა და ტელეფონი ისე გაგვითიშა, რომ არაფერი აუხსნია, მოგვიანებით კი ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
საავადმყოფოს ეზოში, მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მანქანით, წრეზე გავლის გარეშე, ვერ მოხვდები