„მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები,“ _ განაცხადა მან.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას:
„მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის ბედი აბარიათ, სრულიად სამარცხვინოდ იქცეოდნენ.“
თავის გამოსვლაში, ივანიშვილმა პატივი მიაგო ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს და იქვე დასძინა, რომ უზნეობაა, ლამის გამარჯვებად გამოაცხადო ომი, რომელსაც ასზე მეტი სოფლის ოკუპაცია მოჰყვა.
„ჩვენ, ყველამ ერთად, რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე უნდა ვთქვათ. და როცა სიმართლეს არ გავექცევით, იმასაც ადვილად დავინახავთ, რა გზებით შეიძლება სასიკეთო ცვლილებების მიღწევა.
ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო ქმედითი მხარდაჭერა. ასეთ მხარდაჭერას კი, მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა საქართველო რეალურად დაადგება დემოკრატიის მშენებლობის გზას. დემოკრატიას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ამას აუცილებლად დავამკვიდრებთ.
ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს ჩვენს ოს ძმებთან, გამოვიყენებთ სახალხო დიპლომატიას, გამოვნახავთ საერთო ინტერესებს და ამას დაეფუძნება ჩვენი სამომავლო ურთიერთობები,“ _ განაცხადა ივანიშვილმა.