პრაქტიკულად, ეკლესია ორ ბანაკად გაიყო _ ხელისუფლების მომხრეებად და ოპოზიციონერებად. როგორც ჩვენი რამდენიმე წყარო ამბობს, ორიოდე კვირის წინ, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, რომ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ:
_ მიხეილ სააკაშვილი ღმერთისგან მოვლენილია და მას მხარი აუცილებლად უნდა დავუჭიროთ, _ გვითხრა მოძღვარმა, _ ამბობს ჩვენი წყარო, რომელიც ამ მოძღვრის მრევლია და წუხს, რომ ეკლესია, შესაძლოა პოლიტიკური მოწოდებების არენად იქნას გამოყენებული.
პოლიტიკაში სასულიერო პირების ჩარევა, სამწუხაროდ, ახალი არ არის. “გურია ნიუსის” არქივში დაცულია კადრები, როცა სასულიერო პირები და მათ შორის, შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იოსები, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, “ნაციონალების” მაჟორიტარ კანდიდატთან, კორნელი კუკულავასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად კანდიდატის წარსადგენად დადიოდა ჩოხატაურის ქუჩებში: “ჩვენ გვერდით დავუდგებით ბატონ კორნელის. დავლოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ. მეც ჩოხატაურელი ვარ და კარგად ვიცი ჩვენი რაიონის კუთხე-კუნჭული. ვიცნობ ადამიანებს. ბატონი კორნელი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ჩოხატაურელთა გულშემატკივარი ვუწოდოთ და ნდობა გამოვუცხადოთ,” _ სწორედ ეს სიტყვები თქვა მეუფე იოსებმა, 2008 წელს, ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კორნელი კუკულავას წარდგენის დღეს და ეს კუკულავას წინასაარჩევნო სარეკლამო მასალაშიც იქნა გამოყენებული.
ბოლო პერიოდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეუფეს იობის გამოჩენას მცხეთაში, “ქართული ოცნების” აქციაზე, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურად ჩატარდა წმინდა სინოდის კრება. ამ კრების გადაწყვეტილებით, ეკლესიის წარმომადგენლებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა აეკრძალათ.
ამ ეტაპზე, მართალია, სასულიერო პირები შეხვედრებში ღიად არ მონაწილეობენ, თუმცა, როგორც ამბობენ, მათი ნაწილი ხელისუფლების მხარდასაჭერად მუშაობს. ამბობენ იმასაც, რომ არიან მღვდლები, რომლებიც აღსარების ჩაბარების დროს, ადამიანებს ივანიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არც ერთ ღვთისმსახურს არ სურს, თუმცა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი მართლაც აქვს. ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლება მათ “კორპორაციულად” ხვდება და დახმარებას პირდება.
_ გვითხრეს, რომ რაც გვჭირდება, ყველაფერს გაგვიკეთებენ. მართალია, პირდაპირ არ უთქვამთ, რომ სანაცვლოდ მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ასე გამოდის, უსასყიდლოდ არავინ არაფერს აკეთებს, _ აღნიშნა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჩვენთან საუბარში, თუმცა იდენტიფიცირება არ ისურვა.
ამ ინფორმაციებით მრევლი შეშფოთებულია და ზოგიერთი, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, წუხს და ვარაუდობს, რომ “უკვე აღსარების ჩაბარებაც საშიში ხდება”. მოქალაქე, რომელმაც გვთხოვა, რომ ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა, ამბობს, რომ აღსარების ჩაუბარებლობით საკუთარ მოძღვარს უფრთხილდება: _ მეშინია, ხელისუფლებამ რაიმე არ ავნოს, აღსარებად ნათქვამის გათქმა რომ დაჟინებით მოთხოვონ?!
სასულიერო პირები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, რომ მსგავსი შიშები უსაფუძვლოა და ეკლესიას მხოლოდ ერთი _ ადამიანის სულიერად გაძლიერების ფუნქცია აქვს. თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებები რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს პატრიარქის ქადაგებიდანაც გამოჩნდა. მან ბრძანა, რომ ეკლესია ვინმესკენ კი არა, საქართველოსა და ეკლესიისკენაა.
არა ერთი წყარო ადასტურებს, რომ ხელისუფლება მღვდლებითაა დაინტერესებული და შეხვედრებიც იმართება. ხელისუფლებამ ჯერ ბოლომდე არ იცის, ვისი ნდობა შეიძლება. შესაბამისად, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მღვდლების პოლიტიკური შეხედულებების დასადგენად, ეკლესიებში აგენტები შეაგზავნეს. წყარო ამტკიცებს, რომ ყველა მათგანს ერთი დავალება აქვთ _ ჩაიწერონ ყველა მღვდლის ქადაგება და ჩანაწერები “ზემდგომს” წარუდგინონ.