_ განაცხადა “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე საარჩევნო ქცევის წესების დეკლარაციის კომენტირებისას.
“ეს იყო არასამთავრობოების, კერძოდ “ეს შენ გეხება”-ს ინიციატივა, რომელიც მიიტაცა მმართველმა პარტიამ და წარმოადგინა, როგორც საკუთარი იდეა. ნაციონალურმა პარტიამ არავის და არაფერს უგდო ყური და გამოაქვეყნა ჯერ 4-პუნქტიანი დოკუმენტი, შემდეგ კი მას არასამთავრობოების 17 პუნქტიც მიამატა, არადა პირიქით უნდა მომხდარიყო “, _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ .
“ქართულ ოცნებაში” წინასაარჩევნო დეკლარაციას არასრულფასოვან დოკუმენტად თვლიან, რადგან მასში ის პრინციპები აისახა, რასაც ისედაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი და საარჩევნო კანონმდებლობა.
“არ შეიძლება მმართველი პარტია ამბობდეს, არ გამოვიყენებთ ადმინისტრაციულ რესურსსო და ამაზე ხელს აწერინებდეს ისეთ პარტიებს, რომლებსაც ადმინისტრაციული რესურსი ისედაც არა გააჩნიათ. არ შეიძლება შეთანხმება დაიდოს იმ პრინციპებზე რაც ისედაც ასახულია სისხლის სამართლის კოდექსში და საარჩევნო კანონმდებლობაში”, _ აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გავრცელებული განცხადებით, მმართველი პარტია საკუთარ თავს მართლაც დეკლარაციის ინიციატორად და ავტორად ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ მან საკუთარ 4-პუნქტიან დეკლარაციას კიდევ 17 პუნქტი დაამატა, დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაში, კვლავაც დოკუმენტის პირველი ვარიანტი გამოჩნდა ცნობილი 4 პუნქტით.
✔ ძალადობისა და შუღლის გაღვივების უარყოფას;
✔ ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობას;
✔ ამომრჩევლის მოსყიდვის პრაქტიკაზე უარს;
✔ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული შედეგების ცნობას.
“სამწუხაროდ, ამ დეკლარაციას არ შეუერთდა “ქართული ოცნება”. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი რეკლამით კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შემოუერთდეს ერთობლივ დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს ყოველგვარი წინაპირობების, შესწორებებისა და დამატებების გარეშე. სხვა შემთხვევაში ჩნდება ლეგიტიმური მოსაზრება, რომ “ქართულ ოცნებას” არ სურს, მონაწილეობა მიიღოს კონკურენტულ და სამართლიან არჩევნებში, რომელიც აღიარებული იქნება საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”, _ ამ განცხადებას საკუთარ ვებგვერდზე მმართველი პარტია ავრცელებს.
მმართველი პარტიის მიერ დეკლარაციის შესახებ დამზადებულ კლიპში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება”ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელმაც ხელი არ მოაწერა დოკუმენტს.
“რატომ, რას გეგმავენ ისინი?” _ ეკითხება ქართველ ამომრჩეველს მმართველი პარტია.