საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საანგარიშო შეხვედრების გრაფიკს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 31 მაისის #69 ბრძანების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის პერიოდი ყოველი წლის ივლისია.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტის, ირაკლი პაპავას თქმით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 5 დასახლებაში (თხინვალი, მაკვანეთი, მერია, ჭანიეთი, დაბა ურეკი) ვაკვირდებოდით ამ დასახლების მაჟორიტარი წევრების საანგარიშო შეხვედრების პროცესს საკუთარ ამომრჩევლებთან. შეხვედრები, შეიძლება ითქვას, წმინდა ფორმალობას წარმოადგენდა და თითქმის, ყველგან ხარვეზებით ჩატარდა.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების თანახმად, საკრებულოს წევრის ანგარიშს უნდა ესწრებოდეს საკრებულოს თავმჯდომარე და ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი, აგრეთვე საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის და სხდომის ოქმის შედგენა. ამასთან, საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი, საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ეს სავალდებულო მოთხოვნები ზემოხსენებულ ხუთ დასახლებაში ჩატარებულ საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ანგარიშის მოსმენასთან მიმართებაში არცერთ შემთხვევაში არ დაცულა: საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ანგარიშის მოსმენას არც საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, არც საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე და არც საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ; არც საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი გამოქვეყნებულა საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ირაკლი პაპავამ.