ეს სამშენებლო კომპანია გვხვდება სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაშიც.“
ამ სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და 100% -იან მეწილეს ნახავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა სიაში.
კომპანია იმ ფირმების სიაშიც გვხვდება, რომლებმაც ტენდერის გზით, შენობების ფუძე-საძირკვლების, მიწისზედა მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების, ასევე წყალსადენის, საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფოსგან მილიონები აიღეს.
წყალდიდობას, რომელიც ექსპერტების აზრით, სწორედ სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გაუმართაობამ გამოიწვია, თბილისში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ, გიგი უგულავამ, მთელს ამ ტრაგედიას ერთადერთი დამნაშე გამოუძებნა _ უკანონო ნაგებობები, რომელიც თურმე მდინარის კალაპოტსა სა კოლექტორის თავზე იყო განლაგებული. თუმცა, იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ტენდერების გზით მილიონები აიღეს კოლექტორებისა და სანიაღვრე ქსელების აღდგენა-გამაგრებაში, დღემდე არავის მოუთხოვია პასუხი.
„გურია ნიუსი“ ციკლიდან _ „ნაცმოძრაობის“ „რიგითი“ შემომწირველები, სამშენებლო კომპანია „ალიანსს“ წარმოგიდგენთ.
„ალიანსის“ დირექტორსა და 100 %-იან მეწილეს, თეიმურაზ კანკავას, მმართველი პარტიის შემომწირველთა ნუსხაში 387-ე ადგილი უკავია 10 000 ლარით.
როგორც “გურია ნიუსის” მოკვლევის შედეგად იკვეთება, “ალიანსი” მერიისა და ფინანსთა სამინისტროს ფავორიტებშიც შედის _ შპს “ალიანსი” გამარჯვებულად გვევლინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში #2 ლოტზე. კომპანიასთან ხელშეკრულება 2010 წლის 02 ივლისს გაფორმდა; ფინანსთა სამინისტრო ზუსტად 2 თვეში იგივე კომპანიასთან კიდევ ერთ ხელშეკრულებას აფორმებს ერთ პირთან მოლაპარაკებით გახორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე _ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე (6 ლოტად) გამოცხადებულ ტენდერში (გაზეთი “24 საათი”, 2010 წლის 03 მარტი) ლოტებზე №1, №2 და №6 გამარჯვებულად გამოვლინდა შპს “ალიანსი”.
საერთო ჯამში, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მიმწოდებელთა ზოგად აქტივობაში მოცემული მონაცემებით, რომელიც ამავე სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, შპს “ალიანსს” საპატიო ადგილი უკავია _ 19 ტენდერიდან (2010 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 20 აპრილის პერიოდში), 11 ტენდერზე ხელშეკრულება გაუფორმდა, ამ ტენდერებით მიღებულმა თანხის ოდენობამ კი 13 მილიონზე მეტი (13, 288, 358. 00) ლარი შეადგინა.
აღნიშნული კომპანიის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი კი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს უკავშირდება.
2008 წლის 26 აგვისტოს, იმ დღეს, როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 1 089 178-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა შპს “ალიანსთან”.
გამარჯვებულ კომპანიას თბილისში, ჭონქაძის ქ, #11-ში მდებარე შენობის ფუნდამენტის, მიწისზედა მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების, ასევე წყალსადენის, საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების ჩატარება დაევალა მილიონზე მეტი ლარის ფარგლებში.
ამ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ამ კომპანიამ შეიტანა და სატენდერო წინადადება 2008 წლის 21 აგვისტოს წარადგინა. ამ დღეს, საქართველოში ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის წარმომადგენელთა 15-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გადასულ საქართველოში, მილიონიანი ტენდერების გაფორმება არ ავიწყდებოდათ.
რა თქმა უნდა, არც ის არის შემთხვევითი, რომ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებიც განსაკუთრებული შეღავათებითა და უპირატესობებით ისარგებლებენ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში“ შპს „ალიანსიც“ მოხვდა.
ერთადერთი, რაც მთელს ამ ისტორიაში ყველაზე უცნაურად ჩანს, ის „მცირე“ შემოწირულობაა, რაც შპს „ალიანსს“ იმ დიდი სამსახურის და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ აქვს გაღებული, რასაც სახელმწიფო წლების განმავლობაში უწევდა…