27 აგვისტოს 1 კილოგრამი “გულშიშველას” ფასი 2 ლარია. გურიის მოსახლეობის უმეტესობას, ძირითადად ასეთი ჯიშის თხილის პლანტაციები აქვს. ერთი კილოგრამი “ბერძნულას”ფასი 2 ლარი და 40 თეთრია.
_ წელს თხილს, გასულ წელთან შედარებით, სანახევროდ ასხია, მაგრამ ერთის მხრივ, იმედი გვქონდა, რომ ფასი იქნებოდა მაღალი, არადა, ხდება ისე, რომ ყოველდღე უკლებენ. ახლა მარიამობის დღესასწაულის გამო, უფრო დაუწევენ ფასს, რომ სისხლი გამოგვწოვონ. მერე კი, სწავლის დაწყების წინა პერიოდში, უარესს იზამენ, _ ამბობენ გურულები.
ახალს ვერაფერს ამბობენ თხილის პუნქტებში მომუშავე ჩამბარებლები.
_ როდის იყო უკეთესი მდგომარეობა? წელს ჩვენთან თუ არ არის თხილი, სამაგიეროდ თურქეთშია უხვი მოსავალი და ფასი არ არის მაღალი, ჩვენ რასაც გვთავაზობენ “უფროსები”, ეს ფასია,_ ამბობენ ისინი.
ასე რომ, გურიაში თხილის სტაბილური ფასი, ლამის საუკუნის პრობლემადაა ქცეული. გაურკვეველი ჯურის “უფროსები” თხილის ბიზნესს კვლავ თავის ნებაზე ატრიალებენ.