პერიოდულად, სხვადასხვა წყაროები, ჩვენი ვარაუდით – მიზანმიმართულად, ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიცვალებულები უკვე დაკრძალეს. დაკრძალვის ადგილებად ჯერ ყარაჯალის სასაფლაო დასახელდა, შემდეგ სართიჭალის და ბოლოს _ იორმუღანლოსი.
„გურია ნიუსმა”გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაციები, რომლებიც არ დადასტურდა.
ჩვენმა წყარომ პანკისის ხეობიდან, ამასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ “ეს ინფორმაციები სპეციალურად ვრცელდება, რადგან ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ხეობაში, კატეგორიული წინააღმდეგები არიან ცხედრების გადაცემა მოხდეს მანამ, სანამ ერთი ჟურნალიტი მაინც დარჩება ხეობაში”.
ამავე წყაროს ცნობით, “დღეს გვიან ღამით, გარდაცვლილების ნათესავებს ელოდებიან და გვამების გადაცემა სწორედ ამ დროისთვის მოხდება, ოღონდ იმ პირობით, თუ სასწრაფოდ დაასაფლავებენ და დუმილსაც შეინარჩუნებენ”.
მიუხედავად იმისა, რომ მზის ჩასვლის შემდეგ დასაფლავება კატეგორიულად ეწინააღმდეგება რელიგიურ ადათ-წესებს, გარდაცვლილთა ნათესავები მზად არიან, ამ დათმობაზე წავიდნენ, ოღონდ კი ცხედრები გადასცენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რითაც დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლოპოტას სპეცოპერაციის დროს მოკლული ეწ.ბოევიკთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება. იდენტიფიცირებული 7 ცხედრიდან 2 საქართველოს მოქალაქეა”.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ ყველა კომენტარში კატეგორიულად გამორიცხავდა ჩვენი წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილების რაიმე კავშირს პანკისის ხეობასთან.