შეხვედრის დროს, კანდიდატმა ზუსტად განსაზღვრა ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი და დამსწრე საზოგადოებას რეპლიკებით ხშირად ახსენებდა _ “აი, ახლა მე ჟანა მაკონტროლებს, რომ წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ, რაიმეს არ დაგპირდეთ…”
შეხვედრაზე ყველაზე მეტი პრობლემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს აღმოაჩნდა. ექთნები ამ განყოფილების მეოთხე სართულიდან მეორეზე გადმოსვლას, ასევე, ვადაგასული და ამორტიზებული მანქანების ახლით შეცვლას ითხოვენ.
“ჩვენ ხომ არ ვითხოვთ სხვა რამეს?! გვაქვს მედიკამენტები, ყველაფერი, მანქანის გარდა, ამაში დაგვეხმარეთ”, _ განუცხადეს მათ ნიკოლაიშვილს.
აღნიშნეს ისიც, რომ დიდი პრობლემაა სამსახურში სოფლებიდან ჩამოსვლა და ამიტომ, დილით, სარეისო ავტობუსების სოფლებიდან გამოსვლას ნახევარი საათით ადრე ითხოვენ.
რამაზ ნიკოლაიშვილმა “გურია ნიუსთან” თქვა, რომ მისი შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვან დაზღვევის პროცესს ამ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვებოდა.
“მილიონნახევარი ადამიანი უკვე დაზღვეულია. შეიძლება, ამან გარკვეული დისკომფორტი შექმნას, რადგან რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა და მაინტერესებდა, თუ როგორ ლაგდება ეს პრობლემა ამ კონკრეტულ საავადმყოფოში. არის პრობლემები სასწრაფო სამედიცინო სამსახურში და ჩვენ შევთანხმდით, რომ მოვაგვარებთ”.
ნიკოლაიშვილის წარდგენისას, საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ შემოქმედში, რატომღაც კანდიდატის წარმომავლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისიც კი დააზუსტა, რომ “ზოგიერთები ამბობენ, რომ ნიკოლაიშვილი კი არა ნიკოლიშვილია”…
_ ბატონო რამაზ, ამ ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ, რომ არ ხართ გურული და ბახველი…
_ ჩემ გვართან დაკავშირებით გაინტერესებთ, ალბათ, ხომ?
_ დიახ.
_ ვის აინტერესებს ჩემი გვარი, რომ მე არა ვარ ნიკოლაიშვილი?
_ და ის, რომ არ ხართ ბახველი…
_ მინდა ავუხსნა იმ ადამიანებს, ვინც ანგაჟირებული და მოტივირებულია, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ; მარტო ეგენი კი არა, სამწუხაროდ, ის ადამიანებიც ამბობენ ამას, ვინც არ უნდა ამბობდეს. იმედი მაქვს დამეთანხმებით, რომ თქვენ ჩემგან ჩემს კონკურენტებზე ცუდი სიტყვა არ გაგიგიათ არასდროს და ვერც გაიგონებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეც ვიცოდე რაღაც. შემიძლია, გითხრათ, რომ ინფორმაციებზე, რომლებიც გაკეთდა გარკვეულ საიტებზე, ამ აბსურდულ ტყუილზე, მე კომენტარებს არ გავაკეთებ. ეს არის ტყუილი და აბსურდი. ასე მეც შემიძლია თქვენზე ვილაპარაკო, თქვენ _ ჩემზე… მესმის ეს რატომაც ხდება – უნდათ ჩემს კამპანიაში ხელი შემიშალონ. ეს არ გამოუვათ, რადგან მე ორიენტირებული ვერ კონკრეტულ საქმეზე, არა მარტო ბახველების, არამედ ყველა სოფლის კეთილდღეობაზე და პრობლემაზე.
_ და მაინც, ბატონო რამაზ, სკოლა სად დაამთავრეთ, სად სწავლობდით?
_ მე ზუსტად ვიცი, ვინ ვარ, რა გვარის ვარ; ვიცი, სკოლა სად დავამთავრე და სადაც ვსწავლობდი; აქედან გამომდინარე, ეგ არის ტყუილი, წინა დღეს გაკეთებული განცხადება, როცა იცოდნენ, რომ მე მაჟორიტარ კანდიდატად უნდა წარვდგენილიყავი. ოზურგეთის მოსახლეობამ და ბახველებმა იციან, სადაც ჩემი ფესვებია. იციან, მე ვინ ვარ, საიდან ვარ და რისი გამკეთებელიც ვარ. ეს გამოჩნდება პირველ ოქტომბერს, ეს არის სპეციალურად გაკეთებული განცხადება, რომ გამომიყვანონ წყობილებიდან, მაგრამ არ გამოვალ!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა წარდგენისას თქვა: “მიხედეთ რამაზ ნიკოლაიშვილს! ამაზე მეტი გურული არ დეიარება საქართველოში! არის ერთი გურული კაცი რამაზ ნიკოლაიშვილი! ” კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის წარმომადგენელი მარინე სუნგულია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ “ეჭვი აქვს რამაზ ნიკოლაიშვილის გურულ წარმომავლობაზე”.
“პრეზიდენტმაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას ერთი ბებია გურული ჰყავს და თვითონაც ნაწილობრივ გურულია; ამჯერად, გურულებს ნიკოლაიშვილი წარუდგინა როგორც ყველაზე დიდი გურული. ან ერთი ან მეორე მართლაც რომ გურულები ყოფილიყვნენ, კარგად უნდა სცოდნოდათ გურულების ხასიათი _ გურულები არჩევანს გურულობის მიხედვით არასდროს აკეთებენ; გურიაში დემოკრატი და გონებაგახსნილი საზოგადოება ცხოვრობს. მიუხედავად შევარდნაძის გურული წარმოშობისა, მისი შეცდომების და დანაშაულების გამო, საქართველოში პირველმა გურიამ უთხრა შევარდნაძეს უარი; ასე რომ, გურია ღირსეულ მამულიშვილებს უჭერს მხარს.
სრულიად სამართლიანი შეკითხვა მიჩნდება ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან, დაგვისახელოს მისი სანათესაო შტო ბახვში და წინაპრების საფლავი, რაც დასტური იქნება მისი ბახვიდან წარმოშობისა”.