სუფსის ცენტრში შეკრებილ ასაკოვანთა შორის უკმაყოფილო და მოწყენილი სახეებიც დავაფიქსირეთ, რომლებიც ავტობუსებისგან შორიახლო იდგნენ და ისე ადევნებდნენ თვალ-ყურს პროცესს.
68 წლის პენსიონერი იზოლდა გერგედავა “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ არ იცის მიზეზი, რატომ ვერ მოხდა პროექტში.
_ მე ღრმაღელედან ვარ. არ მიმიღეს.
_ რატომ არ მიგიღეს?
_ არ ვიცი. თქვენ სხვა სოფლიდან ხართ და იქ მოვალთო, მითხრეს.
_ არ მიმართეთ ვინმეს, რომ დაგხმარებოდათ? რა გითხრეს, მარტო სუფსის მცხოვრებლებს ვემსახურებითო?
_ არა, ჩემს მეზობლებსაც გაუკეთეს, მაგრამ ეტყობა, მე რატომღაც არ მოვეწონე.
_ სოფლის რწმუნებულს არ მიმართეთ?
_ ბევრი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვინაა პატრონი? გზა ჩვენ არ გვაქვს და წყალი, რა ქნას რწმუნებულმა? რასაც მისცემენ, იმით დაგვეხმარება. “ზევიდან” რომ იყოს ნება, კი დაგვეხმარება _ რწმუნებულით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ.
გულდაწყვეტილია ლეილა კალანდარიშვილიც: _ ცოტა დაგვიანებით მოვედი და არ ჩამსვეს პროგრამაში, ვერ მოვასწარითო. ისე, ვიყავი სიაში და რა მოხდა მერე, არ ვიცი, შევსებული ფურცელი დაგვეკარგაო, მითხრეს. რა ვქნა, ვდგავარ და ვუყურებ სხვებს გულდაწყვეტილი, _ ამბობს ქალბატონი ლეილა.
_ კი, ჩვენ გავიკეთეთ კბილები, კმაყოფილები ვართ, _ გვითხრა რამდენიმემ.
_ ჩვენ რიგში ვდგავართ და ველოდებით. მე ძალიან გვიან ამოვიღე კბილი და ველოდები გაკეთებას, _ ამბობს მოქალაქე.
საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” მთავარი კოორდინატორის ნუცა ზურაბიანის განცხადებით, ყველანი ერთად იმ კეთილ საქმეს აკეთებენ, რასაც საპრეზიდენტო პროგრამა ჰქვია:
_ ეს პროგრამა, 5 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გაგრძელდება, სადაც იგივე პრინციპით გაეწევა მომსახურება მოსახლეობას. ორმაგი მუხტით მივდივართ ამ სოფელში და იქაც გავჩერდებით სამი კვირის განმავლობაში.
დადგენილებით, 50 წელს ზევით ასაკის ადამიანები მიიღებენ სრულყოფილ სტომატოლოგიურ მომსახურებას, იგულისხმება, როგორც თერაპიული, ისე ორთოპედიული.
10 აგვისტოდან, ჩვენი მობილური ჯგუფები თბილისიდან, ასევე, ადგილობრივი კადრებიც ჩართულნი არიან ამ პროექტში. 1000-მდე პაციენტს გავუწიეთ ასეთი მომსახურება. ჩვენი ჯგუფი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, _ გვითხრა ნუცა ზურაბიანმა.