“გურია ნიუსი” რამდენჯერმე უკვე წერდა, პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის დროს, საჯარო მოხელეები, სოფლის რწმუნებულები “ტყავში ძვრებიან”, რომ პრეზიდენტს, რაც შეიძლება მეტი ხალხი დაახვედრონ. საჯარო მოხელეებს თუ აიპ-ებში დასაქმებულ ნებისმიერ პირს, პედაგოგებს, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ წინა საარჩევნოდ 10 ხმის მიტანა, ახლა ამ “გარანტირებული” ადამიანების პრეზიდენტთან დასახვედრად მოყვანაც ევალებათ. ხოლო სოფლის რწმუნებულებს _ მინიმუმ 250 ადამიანის ჩამოყვანა.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ქალაქისა თუ სოფლების თითოეულ უბანში, “ნაციონალებს” დანიშნული ჰყავთ კოორდინატორები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კოორდინატორებს ევალებათ, თავიან უბნებში გაშიფრონ, ვინ არის მათი მხარდამჭერები და ვინ _ არა. ასევე, ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული წინა მმართველი გუნდის სასარგებლოდ საარჩევნო მუშაობაში. ასევე, მობილიზებული უნდა იყვნენ პრეზიდენტთან დასახვედრად.
სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” არაერთხელ აღნიშნავენ, რომ “ხალხზე აშკარა ტერორია _ ხშირად აძალებენ ადამიანებს, უნდა წამოხვიდეთო. ხან კი ხვეწნაზე გადადიან _კიდევ ერთხელ დაგვდეთ ხათრიო”.
გარდა ამისა, პრეზიდენტთან შეხვედრის სამზადისშია სამარშრუტო ტაქსის მძღოლებიც _ ისინი მმართველ პარტიას ხალხის გადაყვანაში უნდა დაეხმარონ. ამის შესახებ გაფრთხილება უკვე ავტოსადგურის სამარშრუტო ტაქსებმაც მიიღეს.
ერთ-ერთი სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მას დაუძახა სოფლის რწმუნებულმა და შემოქმედში ხალხის გადაყვანა მოსთხოვა: _ უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი _ კი იცით, რა დროცაა! მძღოლი ვარ, დაიმახსოვრებენ და … დარწმუნებული ვარ, დამიძახებენ და მეც უნდა წავიდე, რა ვქნა? _ ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი მძღოლი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთი სოფლის რწმუნებული “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მას დაავალეს, თავის სოფელში მცხოვრებლების სია გააკეთოს, აღწეროს, ვინ არის პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველი და ვინ _ არა. რაც უფრო მეტ ადამიანს წამოიყვანს, ეს მისთვის უკეთესი იქნება.
სოფელ ბოხვაურის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი თენგიზ საბაშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ჯერ არ იცის ზუსტი სია:
_ ჯერ არ ვართ დაკომპლექტებული. ზუსტად ვერ გეტყვით, როცა დავკომპლექტებით. მერე გეტყვით, რამდენი ადამიანი წამოვა. როცა მეცოდინება ზუსტად, მე თვითონ დაგირეკავთ და გეტყვით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ნინიძე აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, რამდენი კაცი წამოვა თავისი სოფლიდან.
_ ვერ გეტყვით, რამდენი წამოვა, _ ამბობს ის.
_ ბატონო ლევან, რა დაგავალეს _ რამდენი ადამიანი უნდა წამოიყვანოთ თქვენი სოფლიდან?
_ დავალებით ჩემთვის არავის დაუვალებია. რწმუნებულს შეიძლება, დაავალონ და უთხრან. ასე რომ, ზუსტად ვერაფერს გეტყვი.
_ ყოველ შემთხვევისთვის, ხალხის მობილიზებას აკეთებთ…
_ მობილიზებას ასე ვაკეთებთ _ ჩვენთან ნიკოლაიშვილს ველოდებით ამ დღეებში, მოსახლეობას ხვდება და ალბათ, მოვა ხალხი. ზოგს მოვიყვანთ, აბა, რა ვიცი, რა გითხრათ, _ გვითხრა ლევან ნინიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი კობა ანდღულაძე აცხადებს, რომ სიას უნდა გადახედოს: _ ზუსტად არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ გადამიხედია სიებისთვის, დღეს უნდა გადავხედო, ალბათ, 300 კაცი იქნება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ნემსაძე “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს: _ ვერ გეტყვით ზუსტად. ისე ბევრი წამოვა. რა მნიშვნელობა აქვს ზუსტ სიას, ხომ მობრძანდებით თქვენც და თვითონაც ნახავთ, რამდენი კაცი იქნება მთისპირიდან? არ გაგიჭირდებათ, მგონი, ამის გაგება.