როგორც თავად კალაძე ამბობს, ეს ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატის თემურ ჩხაიძის მხარდასაჭერი აქცია იყო.
აკეთის ცენტრში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობის ნანგრევებთან, კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თემურ ჩხაიძემ საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა და ცნობილი ფეხბურთელი წარუდგინა. კახი კალაძეს ხანგრძლივ, ემოციურად დატვირთულ სიტყვას ხალხი ხშირად აწყვეტინებდა ტაშით. მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე -სიღარიბეზე, მასობრივ უმუშევრობაზე, იძულებით ემიგრაციაზე, საყოველთაოდ გამეფებულ შიშსა და უსამართლობაზე, რამაც შიგნიდან გამოხრა და შეცვლის აუცილებლობამდე მიიყვანა არსებული პოლიტიკური რეჟიმი.
იგი შეეხო ზოგადად ქართულ სოფელში და, კერძოდ, აკეთში არსებულ ყველა პრობლემას და დაპირდა მოსახლეობას, რომ ხელისუფლების შეცვლის მეორე დღიდანვე დაიწყება რეალური მუშაობა ხალხის პირობების გაუმჯობესებისთვის, ცხოვრების დონის ამაღლებისთვის; რომ ყველა დაპირება, რომელსაც ხალხს აძლევს კოალიცია “ქართული ოცნება”, აუცილებლად იქნება შესრულებული.
მან ისაუბრა იმ პრიორიტებებზეც, რომლებიც დამოუკიდებელ პუნქტებადაა ჩამოყალიბებული კოალიციის პროგრამაში და რომელთა შესახებ ამომრჩეველმა უკვე იცის.
კალაძის საკმაოდ ემოციური გამოსვლის შემდეგ სახელდახელოდ მოწყობილი სცენიდან თანასოფლელებს მიმართეს აკეთელებმა _ ზაირა მორჩილაძემ, ლიანა ნაკაიძემ, ჭანჭათელმა სულიკო წულაძემ. ისინი საკუთარი სოფლის პრობლემებზე და სატკივარზე საუბრობდნენ, თუ როგორაა მივიწყებული უზარმაზარი სოფელი ხელისუფლებისგან, როგორ ძალით წაართვა აკეთს ერთადერთი შემორჩენილი და ჯერ კიდევ მოქმედი ჩაის ფაბრიკა ეკონომიკის სამინისტრომ არარენტაბელურობის მომიზეზებით და როგორ გაყიდა ჯართად.
კახი კალაძემ აკეთელებს სიტყვა მისცა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად აღდგება და სოფელს დაუბრუნდება ჩაის ფაბრიკა.
სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკეთელებს ხუმრობით ერთი საიდუმლო გაუმხილა _ მისი თქმით, როცა ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ პროექტებს საზეიმოდ ხსნიდა, თურმე, ამ ხელისუფლების საკუთრება წითელი ლენტის გასაჭრელი მაკრატელიც კი არ ყოფილა!