_ ბატონო ირაკლი, თქვენ კარგად იცით პანკისის თემა და ასევე, მუშაობა გიხდებოდათ იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და რომლებმაც ეს სპეცოპარაცია დაგეგმეს. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა ლაფანყურში, რა სახის სპეცოპერაციასთან გვქონდა საქმე რეალურად?
_ მე, მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ რაც მოხდა, ის მეტყველებს აბსოლუტურ არაკომპეტენტურობასა და საქმისადმი გულგრილობაზე, რასაც ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში. კითხვებზე პასუხები არის გასაცემი და აუცილებლად ამაზე გავაცემინებთ პასუხს, ვისაც საჭიროა. გაგვცემენ პასუხს იმაზე, თუ რატომ იქნა დაგეგმილი განადგურების და არა აყვანის ოპერაცია. საერთოდ, როგორ აღმოჩნდა ეს ჯგუფი ლაფანყურის ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო თუ არა შეთანხმება მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იმ ჯგუფს შორის, რაც შემდეგ დაირღვა და შეიცვალა. ასეთი ტრაგედია მოხდა და ჩვენი სამი ვაჟკაცი, თანამებრძოლი დაიღუპა, ასევე 11 ადამიანი დაიღუპა მეორე მხრიდან და ამ შემთხვევაში, საზოგადოება, პრაქტიკულად, იზოლირებული იყო პრეზიდენტის მხრიდან, უშიშროების საბჭოს მდივნის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც და ისინი დანაშაულებრივად მალავდნენ რეალობას. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რომ ჩვენ ავტორიტარულ, პოლიციულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ეს არის ის, რომ არც პრეზიდენტს და მაღალი რანგის არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ის არ მოხდებოდა, რაც აქ მოხდა. ეს შეკითხვები პასუხგაუცემელია და მე არ მაქვს იმედი, რომ ვინმე, ამ შეკითხვებს, რეალურ პასუხს გასცემს ოქტომბრის არჩევნებამდე, მაგრამ გპირდებით საზოგადოებას და მოსახლეობას, რომ აუცილებლად ჩატარდება დეტალურული გამოძიება, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებას, რატომ იყო ეს მოლაპარაკება ასე წარუმატებელი, რატომ ჩატარდა განადგურების და არა დაკავების ოპერაცია. ასე რომ, ეს არის შეკითხვები, რომელსაც გამოძიება პასუხს გასცემს ოქტომბრის ბოლოს.
ვრცელ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.