ავღანეთში არჩევნებს “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპელი დემოკრატებისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
“გურია ნიუსი” ქართული ოცნების წევრ ირაკლი ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცედურამ დარღვევების გარეშე ჩაიარა: “არჩევნებმა ჩაიარა მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე, ჯარისკაცებმა გამოხატეს თავისუფალი ნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებოდით და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ასე რომ, ვფიქრობ არჩევნები ავღანეთში სამართლიანად ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ასე იყო,” – აცხადებს ჟორჟოლიანი.
მისი თქმით, დამკვირვებლები ავღანეთში 23 სექტემბერს ჩაფრინდნენ, თუმცა, ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო კენჭისყრის ჩატარება იმ დღეს ვერ მოხერხდა და მეორე დღეს, 24-ისთვის დაიგეგმა.
კოალიციის მეორე წარმომადგენელი, ვახტანგ ასანიძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა ავღანეთში, აცხადებს, რომ მათი მხრიდან არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზებზე მოეწყო. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე (”ბ ასეულის ბაზა” და ”შუკვანი”) მისცეს. საარჩევნო უბნებზე სიაში მყოფი თითქმის ყველა სამხედროს მოსამსახურე გამოცხადდა.
“არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1033 სამხედრო მოსამსახურემ, თითქმის ყველამ ვინც საარჩევნო სიაში იყო. ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, რომ ისინი განიცდიდნენ რაიმე სახის ზეწოლას, რადგან თითქმის არ შემოდიოდნენ ჩვენთან კონტაქტში. აგიტაციის უფლება კანონმდებლობით გვეკრძალება და, შესაბამისად, გვქონდა დისტანციური ურთიერთობა”, _ აცხადებს ჟორჟოლიანი “გურია ნიუსთან” საუბარში. მისი თქმით, საარჩევნო ყუთი პროცედურების სრული დაცვით დაილუქა და არც ამ დროს ჰქონია ადგილი კანონდარღვევას: “იმდენად დაძაბულ სიტუაციაში ვიყავით, რომ მთავარი იყო ყველაფერი დამთავრებულიყო მშვიდობიანად. ჩვენი კომისიის ერთ წევრს, რომელიც უკვე ვერტმფრენში იჯდა, თალიბებმა ესროლეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ყუთიც მშვიდობიანად ჩამოვიტანეთ,” _ აცხადებს ჟორჟოლიანი “გურია ნიუსთან” საუბარში.
დღეისათვის სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი და მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი ასრულებს, რომელიც ამჟამად როტაციის პროცესში იმყოფება.
დალუქული ყუთები უკვე თბილისშია და 1 ოქტომბერს, არჩევნების დამთავრების შემდეგ, საზღვარგარეთის უბნებიდან მიღებულ ხმებთან ერთად დაითვლება.































































