შუაფარცხმის საარჩევნო უბანზე გავარკვიეთ, რომ განცხადებები, რომელთა თანახმადაც, კონკრეტული პირები გადასატან ყუთს ითხოვდნენ ხმის მისაცემად, ერთი ხელით იყო დაწერილი. შეტანილ საჩივარზე საოლქომ იმსჯელა და მდივანს შენიშვნა გამოუცხადა. შენიშვნით შემოიფარგლა ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია ხიდისთავის საარჩევნო უბნის მდივნის მისამართითაც _ მდივანს ჟურნალში სატელეფონო შეტყობინებები არ ჰქონდა გატარებული და აპირებდა, რომ მოგვიანებით ჩაესწორებინა. ზოტის საარჩევნო უბანი, 28 სექტემბერს, იმ დღეს, როცა ხიდისათვის და შუაფარცხმის დარღვევები აღმოვაჩინეთ, 6-ის ნახევარზე დაკეტილი დაგვხვდა. კომისიის არც ერთი წევრი უბანზე არ იმყოფებოდა. კომისიის თავმჯდომარე რევაზ ირემაძე უბანზე ნახევარი საათის დაგვიანებით, მას შემდეგ მოვიდა, რაც სამჯერ დავურეკეთ. ირემაძის თქმით, იგი სადილად იყო გასული. კითხვაზე, სად იმყოფებოდნენ ამ დროს კომისიის დანარჩენი წევრები, პასუხი ვერ გაგვცა. აღსანიშნავია, რომ კომისიისთვის განკუთვნილ ოთახში ირემაძემ ფაილი შემოიტანა, რომელსაც საგულდაგულოდ გვიმალავდა და ამბობდა, რომ პირადად მას ეკუთვნოდა, თუმცა, ბოლოს გაირკვა, რომ ჯიბეში ჩადებულ ფაილში, კომისიის თავმჯდომარის სახელზე შემოტანილი განცხადებები იყო, რომლის თანახმადაც კონკრეტული პირები გადასატანი ყუთის საშუალებით ითხოვდნენ ხმის მიცემას. განცხადებების უმრავლესობა ერთი ხელით იყო დაწერილი. ერთ განცხადებაზე კი განმცხადებლის გვარი და ხელმოწერა სხვადასხვაა. კომისიის თავმჯდომარეს ამაზეც აქვს პასუხი. ირემაძე ამბობს, რომ განმცხადებელმა… საკუთარი გვარი არ იცის! აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნში 53 განცხადებაა გატარებული, თუმცა, ირემაძესთან 52 განცხადება აღმოჩნდა. როგორც მან გვითხრა, ერთი განცხადება სადღაც გადააგდო, რადგან განმცხადებელი… გარდაიცვალა! აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქოში ირემაძის მიერ შეტანილ განცხადებაში, არაფერი იყო ნათქვამი დამატებით შემოტანილ განცხადებების ავტორებზე. ირემაძეს მხოლოდ განცხადებების რიცხვი _ 19 აქვს მითითებული. კითხვაზე, რატომ არ არის განმცხადებლების ვინაობა მითითებული, გვპასუხობს, სია გვერდის მეორე მხარეს წერია, თუმცა, გვერდის მეორე მხარე ცარიელი აღმოჩნდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ის განცხადებებია, რომლის დამალვას საგულდაგულოდ ცდილობდა რევაზ ირემაძე. ამ შემთხვევაშიც საოლქომ გადაწყვიტა რომ ზოტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, რომლის ვალდებულება ჟურნალის დახურვაა 6 საათზე, შენიშვნა გამოცხადებოდათ. აღსანიშნავია, რომ ყველა დამრღვევი, საოლქოს მიერ არჩეული პირები არიან, თუმცა, ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თემურ კუტუბიძე პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ვერც კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ზომების მიღების საჭიროებას ხედავს, რომელიც დამრღვევების მიმართ ხელფასის დაკავებას ითვალისწინებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved