ამასთან დაკავშირებით, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.
„გურია ნიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში შექმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. დასრულდა ერთპარტიული მმართველობა, რომელიც მთავარი მიზეზია იმისა, რომ რეალურად არ არსებობდა ხელისუფლების დანაწილებისა და კონტროლის მექანიზმები. თავის მხრივ, ეს ფაქტი იყო იმის მიზეზი, რომ უკონტროლოდ დარჩენილი აღმასრულებელი ხელისუფლება ძალიან ხშირად იღებდა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც მორჩილად და უყოყმანოდ მუდამ ასრულებდა სრულიად უუფლებოდ დარჩენილი სასამართლო. ერთ-ერთი ასეთი სფერო იყო პოლიტიკური ოპონენტების “სამართლებრივი”დევნა, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ დღეისათვის საქართველოს 119 მოქალაქე აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. ძირითადად ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იქნენ რეპრესირებულნი. სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად უდანაშაულოა, ხოლო დანაშაულის რეალურად ჩამდენ მათ მცირე ნაწილს სრულიად არაადეკვატური სასჯელები აქვთ შეფარდებული.
განურჩევლად იმისა, ამ ადამიანებს საერთოდ აქვთ თუ არა ჩადენილი რაიმე დანაშაული, ფაქტია, რომ ყველა მათგანი დღეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება და გაავრცელოს მისი რეკომენდაცია საქართველოს ციხეებში დღეს მყოფი ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ“ – ნათქვამია მიმართვაში.



























































