აღსანიშნავია, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, უკანასკნელი ორი თვე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი იყო. ამ სიაში მოხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის მოზარდი, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია მისთვის საზღვარგარეთ უნდა გაეკეთებინათ, რასაც ძალიან დიდი თანხა სჭირდებოდა.
ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით, ორი თვის წინანდელია, მაგრამ ეს წერილი დღემდე იმიტომ ვერ გამოვაქვეყნეთ, რომ შეიძლებოდა ბავშვისთვის შეპირებული ფული აღარ მიეცათ _ ხელისუფლება მოზარდის ოჯახს, თანხის სანაცვლოდ, სიჩუმეს და არჩევნებში ხმების შეგროვებას სთხოვდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, აგვისტოს დასაწყისში, 17 წლის მოზარდს კ. ლ.-ს სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია, რომელიც საზღვარგარეთ უნდა გაკეთებულიყო და ძალიან ძვირი ღირდა. როგორც ამბობდნენ, ამის გამო, შეწუხებული სოფელი ოჯახის დასახმარებლად თანხებს აგროვებდა. როგორც კ. ლ.-ს დედა, ქალბატონი მ. დ. “გურია ნიუსთან” ამბობდა, მათ დასახმარებლად ხელისუფლებასაც მიმართეს და ოპერაციის დაფინანსების პირობაც მიიღეს, თუმცა სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სანაცვლოდ, ნაციონალები არჩევნებზე ამ სოფელში მაქსიმალური რაოდენობის ხმებს მიიღებდნენ.
“როცა შენი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როცა გეუბნებიან, რომ შეიძლება ინვალიდი დარჩეს, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შვილის სიცოცხლისთვის, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად! ეს ფული არის საჩქარო, ჩქარა გვჭირდება,” _ ეს სიტყვები 17 წლის მოზარდის დედას ეკუთვნის.
_ ერთი წლის წინ, სკოლაში წაიქცა და კრუნჩხვა მოუვიდა. წავიყვანეთ თბილისში, არაფერი სერიოზული არ დაუდგინდა _ ჩათვალეს, რომ იყო მოწამვლა. ეს მოხდა შარშან, 29 მაისს. ახლა 19 ივლისს, მეზობლის ბავშვთან ერთად იყო, ცივი ყავა როგორც კი დალია, თქვა, რომ ყურში რაღაც ესმის. ამას ერთი წელია იჩემებდა, ჩვენ კი ემოციურობაში ვუთვლიდით. ამასთან, მეტყველებაც ეკარგებოდა, მოექცა ყბა, თუმცა აზრი არ დაუკარგავს, ბავშვი იყო ნაცრისფერი, _ ჰყვება ქალბატონი მ. დ. _ წავიყვანეთ თბილისში, ავუღეთ ყველანაირი ანალიზი, გადავუღეთ ტომოგრაფია, რომელმაც აჩვენა, რომ თავში, ურთულეს ადგილზე აქვს სიმსივნე. არის დიდი შანსი, რომ ბავშვი დაინვალიდდეს. უნდა გაუკეთდეს ოპერაცია საზღვარგარეთ _ თურქეთში, ჩეხეთში ან გერმანიაში. ჯერჯერობით, არ ვიცი, ზუსტად რა დაჯდება, ამ სამ ქვეყანაში გაგზავნილი გვაქვს წერილი და პასუხს ველოდებით.
_ მიმართეთ თუ არა ვინმეს დასახმარებლად?
_ ნათესავები, მეზობლები მეხმარებიან, მივიდნენ გამგეობაში, გვპირდებიან დახმარებას. ჩვენი სოფლის რწმუნებული და ჩემი მეზობელი იყვნენ მისული ხელისუფლებაში, სთხოვეს დახმარება. მე თვითონ არ მივსულვარ, ლაპარაკიც არ შემიძლია. სოფელიც აგროვებს ფულს და ხელისუფლების იმედიც მაქვს. სხვას ვის უნდა მივაკითხო, არ ვიცი… დაახლოებით, 10 000 დოლარი ჯდება ამ ოპერაციის გაკეთება თურქეთში, თანაც, ძალიან სასწრაფოა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მივედით. მაგათ იმედზე ვართ. თბილისში რომ გაგვეკეთებინა, 70 პროცენტით დაფინანსებას გვპირდებოდნენ, მაგრამ აქ ვერ ენდობი, ვერ გააკეთებენ ისე, როგორც საჭიროა. ფულის გამო, ბავშვს ვერ გავიმეტებ.
_ ვინ იყო მისული “ნაციონალურ მოძრაობაში”?
_ სოფლის რწმუნებული. ის ძალიან გვეხმარება.
_ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი შვილის ოპერაციის გასაკეთებლად, ნაციონალებს ხმების შეგროვებას შეჰპირდა თქვენი კუთხე, აგროვებენ პირადობის მოწმობის ნომრებს.
_ ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, მეც ასე ვიცი. მითხრეს მეზობლებმა, რომ მზად ვართ, ყველამ დავუჭიროთ მხარი ნაციონალურ მოძრაობას, ვართ თუ არა მათი მომხრე, ოღონდ ამ ბავშვს ეს თანხა გადმოურიცხონო. მე ვიცი ეგ მეზობლებისგან, _ გვიყვებოდა ორი თვის წინ ქალბატონი მ. დ.
ერთ-ერთი მეზობელი, პედაგოგი, “გურია ნიუსს” 17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის შესახებ, შეწუხებული უყვებოდა: _ მე დამრიგებელი ვარ მაგ ბავშვის და ძალიან განვიცდი მისი ავადმყოფობის ამბავს, ერთხელ სკოლაშიც გახდა ცუდად. ჩვენც, ბავშვებიც, მეზობლებიც _ ყველა ვაგროვებთ ფულს; მე ასე ვიცი და ასე მითხრა ჩვენმა მეზობელმა, ვიყავით მისულები რაიონის გამგებელთან, რომელმაც დაგვპირდა, რომ ნიკოლაიშვილს შეგახვედრებთო თუ შევხვდითო. ნიკოლაიშვილი დაგვპირდაო, ვინაიდან უცხო ქვეყანაში თანხის გადარიცხვა არ შეიძლება, ხელზე ფულს მოგცემთ, რისი საშუალებაც გვექნებაო. სამწუხაროდ, ახლა ვერ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი დაფინანსებას, თორემ ხომ დაუფინანსებდა მაგ ოპერაციას?! ასე მითხრა მისმა მეზობელმა ი.ს.-მ, მე და გამგებელი დავრბივართ მაგ საქმეზეო და მას ჰკითხეთ, ეცოდინება, რას დაპირდა ნიკოლაიშვილი! _ აცხადებდა ჩვენთან საუბრისას ქალბატონი.
ი.ს.-ს დედამთილი: _ ჩემი რძალი საარჩევნო კომისიის წევრია ნაციონალებისგან. დაპირდნენ დახმარებას, ნიკოლაიშვილმა დაპირდა, ჯერ უთხრეს, რომ გადავცემთ ნიკოლაიშვილს, დავუკავშირდებითო, მოგეხმარებითო. ჩემი რძალი იყო პირადად მისული.
_ რაში დაგეხმარებითო?
_ არჩევნებზე დაგეხმარებითო, ასე უთხრეს…. რა ვიცი, ვისაც უნდა, მისცემს ხმას და ვისაც არ უნდა, არ მისცემს, მაგას ძალას ვინ დაატანს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამავე სოფლის რწმუნებული “გურია ნიუსს” მაშინ ამ საქმესთან დაკავშირებით, გაკვირვებული ეკითხებოდა:
_ რა ხდება, შემოვიდა მაგასთან დაკავშირებით ვინმე განცხადებით, თუ რა? ბავშვი ძალიან გაჭირვებულია, დახმარება უნდა ნამდვილად.
_ რითი ეხმარებით?
_ იცის მთავრობამ, საქმის კურსშია. ჯერ არ ვიცით, ზუსტად, რა დაჯდება ოპერაცია. საქმის კურსშია ყველა, ვუთხარი მე მაგათ, რომ ასეა საქმე,-მეთქი..
_ ვის უთხარით?
_ პირადად ვესაუბრე დეპუტატს, ჩვენი პარლამენტარს, გოჩა შანიძეს, მე და ი.ს. ვიყავით ჩასულები. დაგვპირდა, როცა დოკუმენტს წარვადგენთ, მაშინვე დაეხმარებიან და ჩაურიცხავენ თანხასო.
_ რამაზ ნიკოლაიშვილთან გქონდათ საუბარი ამის თაობაზე?
_ არ მქონია. თუ საჭირო იქნება, იმასაც შევაწუხებ. საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება აბა, ავადმყოფებს არ უნდა დაეხმარონ? მაგის მეტს რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება? მაგ მხრივ ვინ იტყვის, რომ არ დაგვეხმარაო? ყველას ეხმარებიან! _ გვითხრა რწმუნებულმა.
საარჩევნო კომისიის წევრი ი.ს., ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი “გურია ნიუსთან”კატეგორიულად უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ნაციონალებს დახმარებისთვის მიმართა.
_ თქვენ ბრძანდებით სოფელში საარჩევნო-კომისიის წევრი ნაციონალური პარტიიდან, უკვე რამდენიმე წელია.
_ კი, ბატონო. გისმენთ.
_ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ ნაციონალებს მოთხოვეთ 17 წლის ავადმყოფი ბავშვისთვის დახმარება, ფულის ჩარიცხვა საოპერაციოდ და სანაცვლოდ, არჩევნებში ხმების შეგროვებას დაჰპირდით. თუ გინდათ არჩევნებზე დახმარება, თქვენც დაგვეხმარეთო.
_ ეს არის აბსურდული და ცრუ ინფორმაცია. არ მაინტერესებს, ვინ გითხრათ. გეუბნებით, რომ აბსოლუტურად ცრუ ინფორმაცია გაქვთ მიღებული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს გამგეობა გარკვეული თანხით დაეხმარა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით, თავიდანვე საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. მისი განცხადებით, შესაბამისად, არც ინფორმაციას ფლობს იმასთან დაკავშირებით, გამგეობა დაეხმარა თუ არა და რამდენი ლარით.
_ ერთი ის კი ვიცი, რომ მეზობლებმა და საერთოდ სოფელმა შეუგროვა ფული, გამგეობის ამბავი ნამდვილად არ ვიცი, _ აცხადებს მაჟორიტარი.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა სოფლის რწმუნებულს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტად აგრესიული ჩანდა:
_ არ ვიცი არაფერი, არ ვიცი და რა გითხრათ. ვიცი, 500 ლარით დაეხმარნენ.
_ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ გამგეობა კ. ლ.-ს უფრო სოლიდური თანხით დაეხმარა.
_ მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას და რა გიყოთ? გითხარი, არ ვიცი არაფერი,-მეთქი, თქვენ თუ ფლობთ სხვა ინფორმაციას, ფლობდეთ, კაცო! _ გვითხრა რწმუნებულმა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოზარდს, ოპერაცია დროულად ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.