მკურნალიძე წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთადანაა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი 2009 წლიდან ეკავა. გაგა მკურნალიძის სახელს პატიმრების ცემასთან დაკავშირებული არაერთი გახმაურებული ფაქტი უკავშირდება. ოზურგეთში, მკურნალიძეების კლანზე ხშირად, მაგრამ შეფარულად და შიშით საუბრობდნენ. “გურია ნიუსის” არქივში არაერთი მასალა მოიპოვება, რომელთა გამოქვეყნებას მკურნალიძეების მხრიდან სერიოზული აგრესია მოჰყვა.
დღეს უკვე, “გურია ნიუსისთვის” კონკრეტული ფაქტები ხდება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აშინებდა და აშანტაჟებდა მკურნალიძის მამა, ავთანდილ მკურნალიძე ბაზრის მოვაჭრეებს. როგორ გადასცა მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიწის ის ნაკვეთი, რომელიც შპს “აგრარულ ბაზარსა” და მოქალაქეთა ჯგუფს შორის, ხელშეკრულებით, უკვე იყო გაფორმებული.
როგორც ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს: “მთავარი არის ის, რომ იჯარა არ არის გაუქმებული, ისეა გადაცემული სასყიდლიანი ხელშეკრულებით ავთანდილ მკურნალიძეზე, რომელმაც ამ 178 კვადრატულ მეტრზე ააშენა უზარმაზარი შენობა და გაქირავებული აქვს მევაჭრეებზე, ფლობს პატარა მაღაზიებს და ა.შ.”
2011 წლის 17 მარტს, “გურია ნიუსის” ვებგვერდზე განთავსდა წერილი _ “მოვაჭრეები მშენებლობას აპროტესტებენ”, სადაც ვწერდით, რომ ოზურგეთში ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ძალიან დიდი ტერიტორიის მფლობელი სწორედ გაგა მკურნალიძის მამა, ავთანდილ მკურნალიძე იყო.
2000 წელს, ოზურგეთში შპს ” აგრარულ ბაზარსა” და მოქალაქეთა ჯგუფს შორის, გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. მოქალაქეთა მხარეს წარმოადგენდნენ იაკობ და ავთანდილ ბურჭულაძეები, დავით ნაცვალაძე და კიდევ ცხრა კაცი. ხელშეკრულების თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შედგომოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. 2009 წლამდე ეს მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე ისედაც მუშაობდნენ, რის შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს. 2010 წლის აგვისტოში ბაზარში მომხდარი ხანძრის შედეგად, ბევრი და მათ შორის, ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები ძალიან დაზარალდნენ. მათ მიმართეს ოზურგეთის გამგეობას, რათა უფლება მიეღოთ, კვლავ აეშენებინათ სავაჭრო ჯიხური. თუმცა, ხელისუფლებამ, როგორც თვითონ მოვაჭრეები ამბობენ, კატეგორიული უარი უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ამ მოიჯარეებმა გაიგეს, რომ სადავო ფართობი, სასყიდლიანი იჯარით გადაეცა ვინმე ავთანდილ მკურნალიძეს. დაზარალებულებმა ვის აღარ მიმართეს, მაგრამ ყველგან უარი მიიღეს.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ მხოლოდ ახლა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაბედეს და სასამართლოს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ აქამდე მათ აშინებდნენ, რადგან ავთანდილ მკურნალიძის შვილი, გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ადვოკატი გოჩა ძიმისტარაშვილი: _ 2009 წლის აგვისტოს თვეში, ოზურგეთში დაიწვა აგრარული ბაზრის ტერიტორია, თუმც ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია. ხალხში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დაწვეს. ამის შემდეგ მეწარმეებმა მიმართეს აგრარული ბაზრის დირექციას, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობას, ვინაიდან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება და გამგეობის გარეშე არანაირი მიწის გაცემა არ ხდება. ისინი ითხოვდნენ, მიეცათ ნებართვა, რომ ამ ტერიტორიაზე ისევ აეშენებინათ თავიანთი სახსრებით მაღაზია და ისევ გაეგრძელებინათ საქმიანობა. გადის რამდენიმე თვე და აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია, 178 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებით გადაეცა ვინმე ავთანდილ მკურნალიძეს.
სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება, 2010 წლის 26 აპრილს აგრარულ ბაზარსა და ავთანდილ მკურნალიძეს შორის გაფორმდა.
ამის შესახებ გაიგეს დაზარალებულმა მოქალაქეებმა და კვლავ მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, აგრარულ ბაზარს. თუმცა, თანადგომის მაგიერ, ამ მოქალაქეებზე დაიწყო სერიოზული ზეწოლა.
_ იქნებ, გვითხრათ, რაში გამოიხატებოდა ზეწოლის ფაქტები?
_ იყო მუქარა, აშინებდნენ ავთანდილ მკურნალიძის შვილის _ გაგა მკურნალიძის სახელის ხსენებით, რომელიც მოგეხსენებათ, იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, თურმე ქვეყანას აზანზარებდა. როგორც მე ვიცი, ცალკე გამგეობა შეუშინებია იმ პიროვნებას და ცალკე _ აგრობაზრის დირექტორი, ასევე _ ის მოქალაქეებიც, რომლებიც დავობდნენ. ფაქტობრივად,, ყველა გაჩუმდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ისიც განმიცხადა, რომ შვილი მყავდა პატიმარი, სხვა გზა არ მქონდა და გავჩუმდიო. ზოგს, პირიქით, დაწერის შეეშინდა. მოგეხსენებათ, როგორი პერიოდი იყო მაშინ. ეს იყო ორი წლის წინ, ახლა არც ერთი არ აპირებს, გაჩუმდეს. მოვამზადე სარჩელი ავთანდილ მკურნალიძის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ ეს ტერიტორია კანონიერი გზით, რადგან იჯარით ფლობდნენ წლების მანძილზე, დასაკუთრებაზე არ არის საუბარი. მე მოვიძიე დოკუმენტები, სადაც ძალიან ბევრი სიყალბეა. წარმოიდგინეთ, იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულიც არ არის და ისეა გადაცემული სხვა პიროვნებაზე სასყიდლიანი იჯარით ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, არის საკუთრება. მას შეუძლია, გაასხვისოს, გაყიდოს ან მემკვიდრეობით გადასცეს.
_ რას აპირებთ ახლა?
_ ამ მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ სასყიდლიანი იჯარის გადაცემის გაუქმება ან არის მეორე გზა _ მივმართო პოლიციას. მე არ მაქვს უფლება, სანამ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, მანამდე დავადანაშაულო პირი. თუმცა, არსებობს სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდა კანონის უხეში დარღვევით და ძალადობით. საუბარია არა ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ძალადობაზე, რომელიც გახორციელდა იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც საქმიანობას ეწეოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მკურნალიძემ დააშანტაჟა მაშინდელი გამგებელი. მაშინ ნებართვა გასცა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამია ბარამიძემ, რადგან იყო წინასაარჩევნო პერიოდი და გამგებელი, მექვაბიშვილი შვებულებაში იმყოფებოდა.
ნუგზარი ფრანგიშვილი: _ ჩვენ ავაშენეთ ეგ შენობა, ფაქტობრივად, ჩვენი სახსრებით. სულ ვიყავით 12 ადამიანი. ვის “ბეტონი” მოჰქონდა და ვის _ სილა. სამჯერ გაგვიფორმეს იჯარის ხელშეკრულებები, უწყისებიც გვაქვს. ბაზრის ადმინისტრაცია ხელფასსაც გვაძლევდა. მერე ხდებოდა ზეწოლა, დაგვიბარეს კიდეც და მოგვთხოვეს ტერიტორიის დათმობა. გვითხრეს, რომ ამაში თანხას გადაგვიხდიდნენ, რაზედაც ჩვენ უარი განვაცხადეთ. გადის თვეები და ბაზარიც დაიწვა. ამის შემდეგ, მივმართეთ გუბერნატორს. თათბირზე დაგვიბარეს რამდენიმე კაცი. გამგებელიც იყო, მექვაბიშვილი. გამოიტანეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს, თქვენს ტერიტორიაზე არ აშენდება არაფერი, მშენებლობა გაჩერებულიაო. გაგვაჩუმეს და თურმე, ამისთვის მზადდებოდა ყველაფერი. დაგვეწვა მაცივრები, ხორციც, იარაღები. გავწმინდეთ ტერიტორია. არავის არ უკითხავს ამბავი, არავის არავინ დაუკითხავს. ძალიან დიდი ზარალი ვნახეთ. გავიდა ხანი და ალბათ, იფიქრეს, ამათ მოულბათ გულიო და… მისცეს მკურნალიძეს. ასე მოგვისპეს არსებობის წყარო.
_ აქამდე რატომ არ თქვით არაფერი?
_ რა აზრი ჰქონდა? ვისთვის გვეთქვა? სასამართლო გაგვამართლებდა თუ ვინ? ყველაფერი მაგათი იყო, ძალაუფლება მაგათ ხელში იყო, დამიჭერდნენ და ამიტომ გავჩერდი. მარტო მე კი არა, ყველას დაჭერის ეშინოდა. ჩვენ ვიყავით მუშები, არ ღირდა მაგათთან ბრძოლა. ვუყურებდით, იმედი გვქონდა, შესაფერისი დრო დადგებოდა. ასეც მოხდა და ახლა მხოლოდ ერთი ადამიანის _ მკურნალიძის მიმართ კი არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, არამედ სხვებისაც მიმართაც _ ვინც უკანონობა ჩაიდინა და გასცა საბუთი.