“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა:
“ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახლდათ გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცედენტი დემოკრატიული გზით პირველად ხელისუფლების შეცვლისა, საქართველოს ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით. სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მისი გაგრძელება.
ჩვენ ვაცხადებდით და ვაცხადებთ დღესაც, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი კულტურა. ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ორივე მხარეს გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროატლანრიკური სივრცე ჩვენი აუცილებელი სტრატეგიაა, გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების, ჩვენი სწრაფვა იქნება ევროპისკენ.
საქართველო უახლოეს პერიოდში აუცილებლად, მოახერხებს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. დაახლოებით ასეთი ტიპის საუბარი გვქონდა. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა; მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შეუქე, რაც მან გააკეთა არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ კულტურული ერი. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით”.