2012-2013 სასწავლო წელს 1 069 530 სასკოლო სახელმძღვანელო 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, 128 919 მოსწავლეს სახელმწიფოსაგან უფასოდ გადაეცემა. სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ:
• სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები (70001-ზე ნაკლები ქულით);
• იმ ოჯახების მოსწავლეები, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში;
• 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები.
სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ,” _ ეს განცხადება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე 5 სექტემბერს სასწავლო წლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე გამოქვეყნდა.
სასწავლო წლის დაწყებიდან თითქმის 1 თვე გავიდა, სკოლის მოსწავლეებს კი დაპირებული წიგნები დღემდე არ მიუღიათ.
“გურია ნიუსის” ჟურნალისტს ეკა ალფაიძეს სამი შვილი ჰყავს. როდესაც განათლების მინისტრ შაშკინის ინიციატივის შესახებ გაიგო, სკოლას განცხადებით მიმართა და უფასო სახელმძღვანელოები მოითხოვა. მისი განცხადება არ მიიღეს. მოტივი იყო ის, რომ მესამე შვილს წინა ორისაგან განსხვავებული გვარი ჰქონდა. ძველი თბილისის რესურს-ცენტრში ალფაიძეს განუმარტეს, რომ წიგნები მხოლოდ ერთი დედ-მამისაგან გაჩენილ ბავშვებს ეკუთვნოდათ. მათი განცხადებით, განათლების სამინისტროს არ გააჩნდა მატერიალური რესურსი იმისათვის, რომ უფასო წიგნებით მარტოხელა ან მეორედ გათხოვილი დედების შვილებიც დაეკმაყოფილებინა. როდესაც ეს ამბავი მედიით გახმაურდა, განათლების სამინისტრომ პოზიციები დათმო. ეკა ალფაიძის განცხადება ჩაიბარეს და სექტემბრისთვის უფასო სახელმძღვანელოებს დაჰპირდნენ.
17 სექტემბერს, განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ალფაიძის პირველ კლასელ შვილს აჩუქა, მე-7 კლასელს სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილი ერგო, ხოლო მეხუთე კლასელ მოსწავლეს დღემდე არც ერთი წიგნი არ მიუღია.
სკოლაში აცხადებენ რომ წიგნები არ აქვთ და ეტაპობრივად ელოდებიან, თუმცა, სასწავლო პროცესი დაიწყო და ეკა ალფაიძემ სხვა მშობლების მსგავსად ამაო ლოდინს წიგნების ყიდვა არჩია.
განათლების სამინისტროსგან გადაგდებული მოსწავლეების უმეტესობამ სახელმძღვანელოები საკუთარი ხარჯით იყიდა. უფასო წიგნებს სკოლები დღემდე ელოდებიან.