შენობის პირვანდელი სახის დაკარგვას მოქალაქეები ვანდალურ აქტად აფასებენ და მშენებელ კომპანიასა და ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩერონ შენობის ნგრევა.
“ძველი ბათუმი თანდათან კარგავს თავის ისტორიულ სახეს, ნადგურდება ბევრი არქიტექტურული შედევრი, ბათუმის სიმბოლოები. დღეს, ბათუმის უმთავრესი სიმბოლოს, ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ნაგებობის – ყოფილი ფოსტის შენობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია: შენობა პრაქტიკულად “გამოშიგნეს” და ჯერ მხოლოდ ფასადი დატოვეს, მალე დაიწყებენ რამდენიმე სართულის დაშენებას და საბოლოოდ დაამახინჯებენ ძეგლს. ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი გადარჩენა. დარწმუნებული ვართ, არა ერთ თქვენგანს მოსწონს ეს შენობა და გული შესტკივა მის ბედზე, ამიტომ ყველას, ვინც ეწინააღმდეგებით ამ ვანდალურ აქტს, გთხოვთ შეუერთდით პეტიციას.
თითოეული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ძეგლი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მის გადასარჩენად დავხარჯოთ 1-2 წუთი და შევეცადოთ მის გადარჩენას!” _ ნათქვამია პეტიციაში.
ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 256 ინტერნეტ მომხმარებელი აწერს ხელს და მათი რიცხვი თანდათან იზრდება.
პეტიცია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა.
შექმნილია ასევე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა აქტივობებით ცდილობენ შენობის გადარჩენას.
მსურველებს პეტიციაზე ხელის მოწერა შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: http://www.petitions24.com/batumi-post