ამისთვის იყენებენ პირად კონტაქტებს, ნათესაურ კავშირებს, ზოგი კი არ თაკილობს ამტკიცოს, რომ მართალია, ხელისუფლებას ემსახურებოდა, სინამდვილეში იდეურად ოპოზიციურ მოძრაობას უჭერდა მხარს.
ლანჩხუთში რამდენიმე დღეა, საზოგადოების განსჯის და მღელვარების საგნად არის ქცეული ხმები, რომლებიც გიორგი გოგუაძის და სხვა მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების გადანაწილების მცდელობას ეხება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყოფილი გამგებელი ყველა მეთოდით ცდილობს, დაიბრუნოს თანამდებობა და პრივილეგიები, რომლებიც ამ თანამდებობას თან ახლდა. ამისთვის არც საკრებულოს თავმჯდომარეზე ზეწოლის მოხდენას ერიდება. მოკლედ, ყველა შესაძლო და აკრძალული ხერხით ცდილობს მიზნის მიღწევას. პარალელურად ვრცელდება ხმები, რომ კულტურის ცენტრის ამჟამინდელი დირექტორი, სოფიკო ჭელიძე ცდილობს, კარიერული ნახტომი გააკეთოს და გამგეობის მოადგილის თანამდებობა მიიღოს, ამაში კი ახალი პარლამენტის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი დაიხმაროს. ჯაჭვლიანი ქალბატონ ჭელიძის სიძეა. ამ მითქმა-მოთქმამ ძალიან გააღიზიანა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას აკისრებს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და მისგან მოითხოვს რეაგირებას.
კულტურის ცენტრის დირექტორი სოფიკო ჭელიძე, როგორც მოსალოდნელი იყო, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს. იგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კვამლი უცეცხლოდ გაჩნდა და ყავასთან მისატანებელი ჭორები უსაფუძვლოდ გაუვრცელეს.
_ ვინ იყო დაინტერესებული, თქვენთვის მსგავსი ხმები გაევრცელებინა?
_ ხმების გამავრცელებლების მეტი რა არის? ის კი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მე არ მიმიცია საფუძველი ჭორების გავრცელებისთვის. არც პირადად და არც კერძო ურთიერთობისას, ამაზე საუბარი არ მქონია. არავისთვის არანაირი თანამდებობა არ მითხოვია.
_ თქვენი აზრით, ამ ხმების გავრცელების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი და სოსო ჯაჭვლიანის ნათესაური კავშირი გახდა?
_ სოსო ჯაჭვლიანი ჩემთვის უფრო ახლობელია, ვიდრე სიძე. ვიღაცის ტვინში მომწიფდა, ალბათ, აზრი, რომ ჩვენს ნათესაობას ბინძური ჭორების გავრცელების საბაბად გამოიყენებდა. მე ამის საფუძველი, ვიმეორებ, არავისთვის მიმიცია. სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი ახლანდელი სამსახური და არანაირ თანამდებობრივ ცვლილებას არ ვგეგმავ. ეს ჭორები უკვე ძალიან შემაწუხებელი გახდა ჩემთვის და სწორედ, ეს მინდა, დავაფიქსირო _ არანაირ თანამდებობას არავისგან არ ვითხოვ.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი რომან ბიწაძე ამბობს, რომ გოგუაძის დაბრუნებას წინ არაფერი უდგას. ხოლო ის, რომ ზეწოლა მიმდინარეობს საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებზე, არის აბსურდი: _ ზეწოლა უნდა მიმდინარეობდეს ოპოზიციის წევრებზე, ასეთი კი საკრებულოში არავინ გვყავს. ხოლო ის ფაქტი, რომ ვიღაცები თბილისიდან ახდენენ ზეწოლას, უსაფუძვლოა. ვინ ჰყავთ ზემდგომი? ჩიტაიშვილი? გია გოგუაძის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს გამგებლად დაბრუნება და არც ჩიტიძის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს მისი დაბრუნება. საკრებულო თამაშობს “ჭრელი პეპლის” როლს ამ შემთხვევაში.
_ შეიძლება, მათი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა?
_ ჩვენ არ გავდივართ კანონის ფარგლებიდან. მართალია, კანონი ამ შემთხვევაში არის დრაკონული, მაგრამ მაინც არ ვაპირებთ მისი ფარგლებიდან გასვლას. შეიქმნება საპარლამენტო კომისია. რომელსაც დიდი ალბათობით თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს, რომელიც შეისწავლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების კანონიერებას. მათი უმრავლესობა უარს იტყვის საკუთარ მანდატებზე. გაუქმდება “ნაციონალური მოძრაობის” სია ლანჩხუთის საკრებულოში და შეიცვლება ძალათა კონსოლიდაცია კოალიციის სასარგებლოდ. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება თანამდებობების გადანაწილება. ჩემზეც ავრცელებენ ხმებს, რომ თითქოს გამგეობის ერთ-ერთ განყოფილებას ჩავუდგები სათავეში. მე დათა თუთაშხიას სიტყვებით მივმართავ როლანდ ლაშხიას: “ჩემს საკეთებელს და შენს საკეთებელს ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია”. არ ვიცი, ალბათ, ვიღაც ჭკვიანი მტერი გვყავს ორივეს.
ამ საკრებულოს არ აქვს მორალური კრიტერიუმები, ზნეობრივი ნორმები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, გააუქმონ “ნაციონალური” სიები, კიდევ უფრო რომ არ გაირთულონ მდგომარეობა.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ იანვრამდე ცვლილებებს ლანჩხუთის ხელისუფლებაში არ უნდა ველოდოთ?
_ ალბათ, არ იქნება. ახლა ამცირებენ თანამშრომლებს. მათ გასაკეთებელს ჩვენ ხომ არ გავაკეთებთ!
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ე.წ. ააიპ-ები ზედმეტ ტვირთად აწვება ბიუჯეტს?
_ ჩვენი ბიუჯეტი არის სახელფასო ბიუჯეტი და რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ რამდენიმე აიპ-ი უნდა გაუქმდეს და რამდენიმე უნდა გაერთიანდეს. მაგალითად, ტურიზმის ცენტრი, აგრობიზნეს ცენტრი, გამწვანების სამსახური, დასუფთავების სამსახური. სრულიად უფუნქციო სამსახურები უნდა გაუქმდეს, ხოლო მსგავსი პროფილის უნდა გაერთიანდეს და გამოთავისუფლდეს კადრები. ხოლო ეს ხალხი კერძო სექტორმა უნდა დაასაქმოს.
აბსურდული ფაქტი მოხდა ლანჩხუთში. ქალბატონი გაუშვეს კომერციული სტრუქტურიდან იმის გამო, რომ მისი მეუღლე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. ამაზე ევროპელებს რომ ესაუბრო, ვერაფერს გააგებინებ _ არ დაიჯერებენ.
_ სოფო ჭელიძეზე მინდა გკითხოთ. რას ფიქრობთ ამ საქმესთან დაკავშირებით?
_ ჯაჭვლიანს ვიცნობ და ვიცი, რომ არ არის ის ადამიანი, ვინც ასეთ რამეს გააკეთებს. თუ მსგავს მომენტს ექნება ადგილი, ჩვენ დაგვიკავშირდებიან და გვკითხავენ, ღირს თუ არა კონკრეტული პირის გამო თავი შეიწუხონ. ქალბატონმა ჭელიძემ კულტურის სახლის ბიუჯეტს ჩახედოს და საზოგადოებას პასუხი გასცეს, 3 000 ლარი როგორ გადაიხადა ერთი ჩინოვნიკის შვილიშვილის დაბადების დღისთვის; ხიდაშელის კომისიას გასცეს ამ კითხვაზე პასუხი. ვიცი, რომ ამას არ დაადასტურებს, იმიტომ, რომ მერე ეს ფული გაათეთრა.
“ჩაწყობები” ნაკლებად იქნება. ის, რომ კონკრეტულად ერთი დარეკვით რაღაც გადაწყდეს, გამორიცხულია. აქ ვართ სამი ადამიანი _ მე, სოსო ბოლქვაძე, ელგუჯა ჩხაიძე და სიტყვას ვიძლევით, რომ თუ მსგავს ამბებს კიდევ ექნება ადგილი, ჩვენ ავამხედრებთ ხალხს მთავრობის წინააღმდეგ.
მოკლედ, კოალიცია “ქართული ოცნების” ლანჩხუთის ოფისის წევრები კატეგორიულად გვარწმუნებენ, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსების თანამდებობებზე დაბრუნებას, ან მათ დაწინაურებას ჩაწყობით, პროტეჟეებით ან სხვა გავრცელებული მეთოდებით, აღარ დაუშვებენ.
რომან ბიწაძეს მიაჩნია, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას ნათესავია, ამიტომ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს რაღაც რეკომენდაციებს და თხოვნას ვინმეს დანიშვნასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს, რევაზ ჩიტიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ეღიმება და მოკლე განმარტებით იფარგლება: _ არც გია გოგუაძე ბრუნდება ამ ეტაპზე გამგებლის თანამდებობაზე და არც სოფიკო ჭელიძის გამგებლის მოადგილედ დანიშვნაზე მსმენია რამე: _ გამგებლის მოადგილეობის შემსრულებელი ამჟამად არის კახა ასკურავა. კანონი არ განსაზღვრავს, რა დროით შეიძლება, შეასრულოს მან ეს მოვალეობა. მე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დაახლოებით, 2 წელი ვიყავი. როცა შემოვა კანდიდატების განცხადებები, გია გოგუაძეს უფლება აქვს, საკუთარი კანდიდატურაც წარადგინოს, მაგრამ დაამტკიცებს თუ არა საკრებულო, ეს სხვა საკითხია. არანაირი ზეწოლა საკრებულოზე მისი მხრიდან არ მიმდინარეობს, ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელსაც მოცლილი ხალხი იგონებს. არც სოფიკო ჭელიძის თანამდებობრივ წინსვლაზე ვიცი რამე, _ გვითხრა რევაზ ჩიტიძემ. მისი თქმით, ყოველივე ეს ჭორებია, რომელსაც უსაქმურები ავრცელებენ და გვირჩია, რომ ჟურნალისტებმა თავი ავარიდოთ ჭორების გამოდევნებას. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, მისგანვე შევიტყვეთ, იმდენი ჭორი და ტყუილი ესმის, რომ ჩვენ “არც კი დაგვესიზმრება”.