მისი განცხადებით, კომისიაში მოწვეული იქნებიან კომპეტენტური პირები, იურისტები, ექსპერტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც დააკვირდებიან კომისიის მუშაობას.
_ 2003-2004 წლებში, როცა ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მაშინ აპატიეს მავანს მათი დანაშაულები, შეცდომებზე პასუხი არავის მოუთხოვია, მაგრამ ახლა ასე აღარ იქნება, ჩვენ ამ შეცდომას არ გავიმეორებთ, აუცილებლად შესწავლილი უნდა იქნას ის საქმიანობა, რაც ამ ხელისუფლებამ გაწია და საჭიროების შემთხვევაში, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი.
კოტე შარაშენიძეს (“ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის უფროსი. ავტ.) ვეუბნები, რომ დადგეს იმ ხალხის გვერდით, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერის აზრებს იზიარებს, ანუ ის ნაკლოვანებები, ის რაც ამ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გაუკეთა შესწავლილი და გამოძიებული უნდა იქნეს. _ განაცხადა ლელა ნაცვალაძემ.
ის იმ პოლიტიკოსებსაც თხოვს გვერდით დგომას, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დროს აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში.
ნაცვალაძის განცხადებით, სოფლის განვითარების პროგრამის განხორციელების კუთხით სერიოზული დარღვევებია:
_ ეს დარღვევები აუცილებლად იქნება საზოგადოების განსჯის საგანი, ჩვენ არავის ვაშინებთ, არც არავის დასჯას ვაპირებთ, ჩვენ საზოგადოებას დავუდებთ კონკრეტულ ფაქტებს, რითაც ნათელი გახდება, თუ რამდენად წესიერად და სამართლიანად იმუშავა ჩვენმა ხელისუფლებამ. სოფელი ძიმითში დაიგო ასფალტის საფარი, ერთი კვ.მ-ის დაგების საფასური არის 30-32 ლარი, მაგრამ საამისოდ ხარჯებში გაწერილია 50 ლარი. _ თქვა ლელა ნაცვალაძემ.
პრესკონფერენციის დასასრულს, “ქართული პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა გორდელაძე განცხადება გააკეთა. ის ახალშექმნილი კომისიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი გამოსვლა ლევან ნინიძეს და იმ ადამიანებს დაეთმო, რომლებიც ტოვებენ საკრებულოს ფრაქციას “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას” და ახლა “ქართული ოცნების” მხარეს გადადიან:
_ ლევან ნინიძემ, როცა სოფელ ასკანის მაჟორიტარობაზე იყრიდა კენჭს, როგორ მოიგო არჩევნები, არ დაგვიწყებია. ეს ის კაცია, წლების განმავლობაში ნიკოლაიშვილის თითის ქნევაზე რომ დადიოდა. ამდენად, ასეთი პიროვნებების წამოტივტივება ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლებას სხვა გეგმა აქვს. იგი ისევ უმრავლესობით აპირებს საკრებულოში მოსვლას და საამისოდ იყენებს ასეთ ადამიანებს. ან ვინ არის კოტე შარაშენიძე, შავ სიას რომ ქმნის, კალიგულაა თუ ნერონი? რაც წარსულში შეცდომები იყო, მისი განმეორება არ მოხდება, აღარ იქნება უზნეობისა და უნიჭობის აღლუმი ოზურგეთში, – თქვა გოჩა გორდელაძემ.