“რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, თურმე, მე წასვლამდე, საკუთარი თავს 700 000 ლარიანი პრემია გამოვუწერე. მინდა, გითხრათ, რომ ეს არის სრული ტყუილი. არც ერთი ლარის და არც 700 000 ლარის ოდენობით ჩემთვის პრემია არ გამომიწერია. თუმცა, ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვახალისებდი შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს პრემიების მეშვეობით. ეს პროცესი იყო გამჭვირვალე და ხდებოდა კანონის სრული დაცვით,” _ წერს შაშკინი.
ვინ არიან ის “კეთისლსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანები რომლებსაც განათლების მინისტრი შაშკინი ყოველთვე ანებივრებდა პრემიებით?
“გურია ნიუსს” ნათია უკავშირდება, რომელიც მეექვსე წელია განათლების სამინისტროში მუშაობს და იმ პროცესების თვითმხილველია, რაც სამინისტროში შაშკინის მისვლის შემდეგ დაიწყო.
“შაშკინის მოსვლის შემდეგ, სამინისტროში დასაქმდნენ მინისტრის და მისი ცოლის ნათესავები, მათი შვილების ყოფილი ძიძები, ბიძაშვილები, ბიძაშვილების ცოლები, ნათლიები და მეგობრები. ეს ადამიანები ყოველთვიურად იღებდნენ პრემიას ხელფასის 100% და 50%-ის ოდენობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება არასოდეს ყოფილა თანამშრომელთა წახალისების კრიტერიუმი. ყველა “წახალისებული” თანამშრომელი დაკავებული იყო პოლიტიკური აქტივობით: სოციალურ ქსელებში მინისტრის და პრეზიდენტის გვერდების დალაიქებით, ბიძინა ივანიშვილის და კოალიციის სხვა ლიდერების გვერდებზე უარყოფითი შინაარსის კომენტარების დაპოსტვით, წინასაარჩევნოდ მხარდამჭერების მობილიზებით. თითოეულ მათგანს უნდა მოეტანა მინიმუმ ხუთი მხარდამჭერის მონაცემი _ მისამართი, ტელეფონი, პირადი ნომერი. გარწმუნებთ, რომ პრემიები მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე ნაწილდებოდა,” _ აცხადებს ნათია “გურია ნიუსთან” საუბარში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გადასულმა შაშკინმა განათლების სამინისტროდან პოლიტიკურად ყველაზე აქტიური გუნდი წაიყვანა. ამ ადამიანებმა ახალ სამსახურში გაცილებით მაღალი ხელფასი და კიდევ უფრო მაღალი პრემიები მიიღეს. 1 ოქტომბრის შემდეგ კი, როდესაც მინისტრმა გაურკვეველ ვითარებაში დატოვა სამინისტრო, თანამშრომლების ნაწილმა განათლების სამინისტროში ძველ თანამდებობებზე დაბრუნება დაიწყო. მმართველი პარტიის აქტიურმა მხარდამჭერებმა საკუთარი კაბინეტებიდან 2 ოქტომბერსვე ჩამოხსნეს სააკაშვილის ფოტოები და კედლები სკოლის მოსწავლეების თემატური ფოტოებით დაამშვენეს. 1 ოქტომბრის შემდეგ თანამშრომელთა უმრავლესობამ აღმოაჩინა, რომ უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩა.
“არჩევნების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტრო პარალიზებულია. თანამშრომლებმა არ იციან, რა აკეთონ. მათ აღარც მხარდამჭერთა სიების შედგენა ევალებათ, აღარც ფეისბუქის გვერდებზე აქტივობა. მუშაობის ზეაქტიური რიტმი, რაც პიარითა და შოუებით გატაცებულმა შაშკინმა დანერგა, უსაქმურობამ და უფუნქციობამ შეცვალა. ალბათ, გახსოვთ, რომ სააკაშვილი ყველაზე ხშირად განათლების სამინისტროს სტუმრობდა. პრეზიდენტის ვიზიტების გარდა, თავად მინისტრიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მართავდა ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებს. ეს იყო არანორმალური რეჟიმი , აბსურდის თეატრი. მთელი სამინისტრო შოუების შექმნაში იყო ჩაბმული,” _ აცხადებს ნათია “გურია ნიუსთან” საუბარში.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთადერთ ფუნქციას “წარმატებული და ბედნიერი სკოლის მოსწავლეების”, 1000-ლარიანი ხელფასით გამდიდრებული პედაგოგებისა და დირექტორების აღმოჩენა წარმოადგენდა. ხშირად გაზრდილ ხელფასებზე ისეთი ადამიანები საუბრობდნენ, რომლებსაც არასოდეს მიუღიათ 1000 ლარი. სამსახურის დაკარგვის შიშით ისინი მაინც უხდიდნენ მადლობას პრეზიდენტსა და მინისტრ შაშკინს მათი შრომის სათანადოდ დაფასებისათვის: “არასოდეს გაგჩენიათ კითხვა, რატომ გადიოდა ყველა ნაციონალურ არხზე ერთი და იგივე შინაარსის სიუჟეტები? იმიტომ, რომ ყველა ამ სიუჟეტს ერთი და იგივე ავტორი ჰყავდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახით. სამსახურს ევალებოდა წინასწარ დადგმული სიუჟეტებისთვის სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, დირექტორების შერჩევა. მათთვის წინასწარ იწერებოდა ტექსტები. უკვე გამზადებულ ვიდეოებს სამინისტროში ამონტაჟებდნენ და ტელევიზიებს მზა სიუჟეტებს უგზავნიდნენ,” _ აცხადებს ნათია.
განათლების სამინისტროში ბოლო პრემია 3 ოქტომბერს, არჩევნებიდან მესამე დღეს დარიგდა. პრემია მიიღო ყველამ _ მინისტრის მოადგილემ, რიგითმა თანამშრომელმა, დამლაგებელმა. ნათია ამბობს, რომ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, როდესაც “წახალისებული თანამშრომლები” ნათესაობის და პოლიტიკური აქტივობის კრიტეტრიუმით არ შეურჩევიათ: “მოულოდნელმა პრემიამ ყველა გაოცებული დაგვტოვა. რატომ, რა დამსახურებისთვის? ჩვენ ხომ არჩევნები წავაგეთ? ვთვლი, რომ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ბიუჯეტის გაფლანგვა იყო. თუმცა, თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა ეს დამსახურებულ ჯილდოდ აღიქვა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ეს ადამიანები მომავალს იმედით უყურებენ და ერთმანეთს მუდმივად ახსენებენ ახალი ხელისუფლების დაპირებას, საშუალო რგოლს არ შევეხებითო. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ 6 თვეში ნაციონალური მოძრაობა კვლავ დაიბრუნებს მართვის სადავეებს და ამისათვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ.”
დიმიტრი შაშკინი ღია წერილში თავდაცვის სამინისტროში მის ხანმოკლე მოღვაწეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პრემიებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემა კანონის შესაბამისად გახორციელდა: “ასევე, ვეხმაურები ამა წლის სექტემბრის თვეში ბინების სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის არასამართლიანად გადაცემის ბრალდებას. ესეც არის სრული სიცრუე. მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ ამ ბინების მშენებლობა მიმდინარეობდა 2007 წლიდან და ჩემი თავდაცვის სამინისტროში გადასვლისას, მშენებლობის პროცესი შეჩერებული დამხვდა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელებულიყო და 2 თვეში დავასრულებინე ამ კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი _ ოთხი კორპუსის აშენება. გაერთიანებულ შტაბში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ოფიცრები და სწორედ მათ გადაანაწილეს აღნიშნული ბინები 800 სამხედრო მოსამსახურისთვის. დარჩენილ სამხედრო მოსამსახურეებს ეს ბინები გადაეცემოდათ 2013 წლის მაისში, როდესაც დასრულდებოდა დანარჩენი კორპუსების მშენებლობა. ჩემი ერთადერთი თხოვნა კომისიის მიმართ იყო ის, რომ, პირველ რიგში, დაეკმაყოფილებინათ ავღანეთში დაჭრილი სამხედროები და მათი ოჯახები და ლოპოტის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის ოჯახი. თუ ეს დანაშაულია, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო ამისთვის ქართული საზოგადოების წინაშე,” _ ნათქვამია შაშკინის წერილში.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნაჩუქარი ბინების ოფიციალურად გადაფორმების პროცესი შეჩერებულია. ამის მიზეზი კი ბინის მიმღებთა სიაში ისეთი ადამიანების აღმოჩენაა, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბინები ხშირ შემთხვევაში ნათესავ-მეგობრობსა და პირადი სიმპათიების საფუძველზე გადანაწილდა.