როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, შალვა კიკნაველიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, ძველი გამგებლის გადაყენება და ახლის არჩევის პროცედურა კანონდარღვევით წარიმართა.
_ წუხელ ღამით, საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და დაიბარეს საკრებულოს სხდომაზე, ხოლო დღის წესრიგში ზემოთ აღნიშნული საკითხი შეიტანეს. იმის მიუხედავად, რომ ამ პროცედურას ერთკვირიანი ვადა აქვს, რომელსაც წინ კანდიდატურების დასახელების კონკურსის გამოცხადება უნდა უძღოდეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაცული არ იქნა და საკრებულოს მუშაობაზე ზეწოლა მოახდინა საქართველოს პარლამენტის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, აკაკი მინაშვილმა. რომელის შალვა კიკნაველიძის თქმით, საკრებულოს სხდომაზე შეიჭრა.
კიკნაველიძე ამბობს, რომ როდესაც საკრებულოს სხდომაზე გაურკვეველი ვითარება შეიქმნა, საკრებულოს თავმჯდომარე კი კანონდარღვევაზე ვერანაირ ახსნა-განმარტებას ვერ აკეთებდა, აკაკი მინაშვილიც სწორედ მაშინ გამოჩნდა:
_ ამ დროს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, შემოვიდა აკაკი მინაშვილი, რომელიც პირდაპირ გაემართა საკრებულოს თავმჯდომარისკენ, მოუჯდა გვერდში და რამდენიმე წუთის განმავლობაში სხდომა მასთან ერთად მიჰყავდა. ამის შემდგომ, საკრებულოს თავმჯდომარემ გამოაცახდა შესვენება და საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” აკაკი მინაშვილთან ერთად შევიდნენ ცალკე ოთახში და დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში თათბირობდნენ. შემობრუნდნენ თუ არა, იკითხა, _ ვინ უჭერს ხელს კახაბერ კიკნაძის კანდიდატურასო, არც დაუთვლიათ ნორმალურად, ვინ აწია ხელი, დამტკიცებულიაო, თქვა და დატოვა იქაურობა.
აკაკი მინაშვილმა როგორც კი შეასრულა თავისი მისია, დატოვა ზესტაფონის გამგეობის შენობა, _ განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ჩვენ კომენტარის მიღება აკაკი მინაშვილისგანაც ვცადეთ, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.