რა თქმა უნდა, ჩემი მოთხოვნიდან ეს ერთ-ერთია, მაგრამ ჩემთვის ეს ერთადერთი არ არის. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის მორალური და ფიზიკური ტერორი, რომელიც მე, ჩემი ოჯახის წევრებმა და შვილებმა გადავიტანეთ.
წართმეული პროფილაქტიკის მაგივრად ახალ პროფილაქტიკას ააშენებ, წართმეული ბინის მაგივრად _ ახალ ბინას, მათ ყველაზე მთავარი მომპარეს – დრო. მე 9 წელი ციხეში ვიყავი, მხოლოდ შეზღუდული “კამერის” მაგივრად ცოტა მეტი სივრცე მქონდა გადაადგილებისთვის,” _ აცხადებს “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრი შალვა ოგბაიძე “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, სადაც დეტალურად ყვება მისთვის “მოპარულ” 9 წლიანი ისტორიას.
_ ბატონო შალვა, კონკრეტულად რა ფაქტებთან დაკავშირებით მიმართეთ პროკურატურას?
_ მე და ჩემი ოჯახი ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებად ვიქეცით. პირადად ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კლასიკური ნიმუში “ნაციონალების” მიერ ადამიანის გარიყვის. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ეს მათ დაამკვიდრეს _ გამარგინალების. საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, მაწანწალა ძაღლების უფლება მეტად იყო დაცული, ვიდრე ჩვენი. ჩვენი უფლებების დარღვევაზე ხმის ამომღები კაცისშვილი არ იყო გარდა რამდენიმე მედიასაშუალებისა, რომელიც ორი ხელის თითებზე ძლივს ჩამოსათვლელია.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, როდესაც ხელისუფლებისთვის ადამიანი მიუღებელი ხდება, ის ანგარიშსწორებას იწყებს თავის თანამოქალაქეებთან. ხელისუფლება იმდენად შევიდა ეშხში ჩემთან ანგარიშსწორებაზე, ბოლოს უბრალოდ აინტერესებდათ, რამდენს გავუძლებდი.
გირგვლიანი რაზე მოკლეს?! რაზე დაჩხვლიტეს?! უბრალოდ ისინი აიძულებდნენ ბოდიში მოეხადა. ვერ გატეხეს და პრინციპულობის გამო ხელში ჩააკვდათ. გახსოვთ ვაჟას “სტუმარ-მასპინძელი”, სადაც ზვიადაურს აიძულებენ დარლამს შეეწიროს, მაგრამ ვერაფრით გატეხეს, გახსოვთ ზვიადაურის პასუხი _ “ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადაო.”
_ როდის დაიწყო თქვენი და ხელისუფლების დაპირისპირება?
_ ჩვენს შორის პირველმა კატამ 2004 წლის დასაწყისში გაირბინა. მაშინ როდესაც გიგი უგულავას ოჯახი რატი ალექსიძის მოპარული მანქანით დადიოდა, დამიბარა გია ბარამიძემ და მთხოვა: “შენ უნდა გადადგე”. მოკლედ, მთელი ლექცია წამიკითხა ძმობაზე, მეგობრობაზე, სააკაშვილის როლზე, რომ ეს საქმეს სჭირდება, ჩვენ ხელი არ უნდა შეუშალოთ… გუნდური თამაში და ასე შემდეგ…
ზურა ჟვანიამ ყელი გამომიწია და მთხოვა: ენისთვის კბილი დამერტყა. ზუსტად ასე მითხრა: “ენას კბილი დააჭირე, თორემ შენ ან მოგკლავენ, ან დაგიჭერენ,” _ ეს მითხრა პირადად ზურაბ ჟვანიამ.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, 2005 წლის გაზაფხულიდან მე საერთოდ ჩამოცილებული ვიყავი პოლიტიკას.
_ როდესაც ბარამიძემ დაგიბარათ, თქვენ რა უპასუხეთ?
_ იცით რა? რანაირი პასუხიც არ უნდა მქონოდა, ვერავითარი არგუმენტი იმისა, რომ ჩამოვკიდებოდი თანამდებობას – არ მქონდა, ამას მე ნამდვილად ვერ ვიზამდი. ჩემთვის, ჩემი ცხოვრებისეული პრინციპი უფრო ძვირფასია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” პრინციპი, ანუ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევდა… ამ ხროვის პრინციპი მე არ მივიღე. ჩემი ცხოვრების პრინციპი იყო დარღვეული, ამიტომ მე არც მიფიქრია, არ გინდათ და კარგად იყავით მეთქი. დაიწყო დაბარება პროკურატურაში…
შავი ფიარის აგორება გურამ დონაძის მონაწილეობით დაიწყო. არავითარი სურვილი არ მქონდა ჩავმდგარიყავი თავის მართლების რეჟიმში. ზურას გარდაცვალების შემდეგ, პოლიტიკას ჩამოცილებული ვიყავი. მე არ ვარ სააკაშვილი, რომ ვთქვა ჩემით დაიწყო ავტოსპორტი საქართველოში. ეს გაცილებით ადრე დაიწყო, საბჭოთა კავშირის დროს, უბრალოდ 1992 წლის შემდეგ, სხვადასხვა სახელწოდებით არსებობდა. გვქონდა დაცემის პერიოდი, კარგი პერიოდი, მაგრამ როდესაც ახალგაზრდებმა მთხოვეს ჩავდგომოდი საავტომობილო ფედერაციას, ქართული ავტოსპორტს მართლა სუდარაგადაფარებული იყო. ალბათ თქვენც გახსოვთ, ავტოსპორტისა და შალვა ობგაიძის სახელი რაღაცნაირად ერთმანეთს დაუკავშირდა. მედიის დახმარებით, ქართულ ავტოსპორტს სოციალური დატვირთვა მივეცით. მხედველობაში მაქვს უსაფრთხოების ღვედების შემოღება. 2006 წელს საქართველოში ჩამოვიდა საავტომობილო ფედერაციის საერთაშორისო პრეზიდენტი. ადრე სააკაშვილის ვთხოვეთ რუსთავის ყოფილი ავტოდრომის, ანუ ყოფილი “დოსააფის” დამტვრეული ასფალტის ნაშთი ჩვენთვის გადმოეცა, იაღურჯის ფერდობზე. სხვათაშორის, ეს საკითხი დამუხრუჭდა.
_ თქვით, რომ გურამ დონაძემ დაიწყო თქვენი “შავი პიარი”, ვანო მერაბიშვილს რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში?
_ ახლავე აგიხსნით. 2006 წელია. მირეკავს ვანო მერაბიშვილი. მან დამპატიჟა შს სამინისტროში, მაგიდაზე მაჩვენა რუსთავის ყოფილი ავტოდრომის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის დიდი მაკეტი. ამიხსნა, რომ იქ უნდა აშენებულიყო მომსახურების სააგენტო (რომელიც მოგვიანებით მართლაც აშენდა). გვერდზე უნდა აშენებულიყო ავტობაზრობის კომპლექსი, რომელიც აშენდა. ამ სქემაზე მე გულმოდგინედ ვეძებდი ჩვენს ძველ ავტოდრომს, მაგრამ ვეღარ ვიპოვე.
მერაბიშვილმა მითხრა, რომ ის ნაწილი, რომელიც ძველ ავტოდრომს ფარავდა, გამოცდების ჩასაბარებელ პოლიგონად იყო გადაკეთებული. მითხრა, სამუშაო რომ დამთავრდება, 5 საათის მერე სულ თქვენი იყოსო. ის ცდილობდა “შევეხვიე”, ბევრი არ გვეყვირა. მთელი ჩემი ხელოვნება და უნარი გამოვიყენე იმის დასაბუთებაში, რომ ეს იყო წამგებიანი, როგორც ვანოსთვის, ასევე ხელისუფლებისთვის. მაშინ იყო ტენდენცია ძველ საჭიდაო დარბაზებს აძლევდნენ ჭიდაობის ფედერაციებს, ანუ ფედერაციებს გაუჩნდათ საშუალება ამ ქონების მეშვეობით ინვესტორი მოეზიდათ. ხაზს ვუსვამ ეს ფედერაციის, კოლექტიურ კუთვნილებაზეა საუბარი და არავითარ შემთხვევაში კერძო კუთვნილებაზე. ეს გამორიცხულია.
2007 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა ეს ავტოდრომი ჩვენ გადმოგვეცა. თუმცაღა 3-4 წელი მოლაპარაკებას ვაწარმოებდით შოთა აფხაზავასთან, რომელიც რუსთავის ავტოდრომის ამჟამინდელი მფლობელია.
2008 წლის გაზაფხულზე მირეკავს გია გალდავა, სპორტის და ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე და მეუბნება: იქნებ, მოიცალო, მოხვიდე, გელოდება დავით ნამგალაური, მე და თემურ ალასანიას შვილი, ნიკა ალასანიაო. მივედი, იქ დამხვდა თამაზ შაფათავა “ასტრა დიღომის” მფლობელი, დავით მჭედლიშვილი, კახა გეწაძე. საუბარში გეწაძე არ ჩარეულა. საუბარი წავიდა ასე: კარგი იქნება, თუ გადადგები ფედერაციის პრეზიდენტობიდან და თუ ავირჩევთ ამ ახალგაზრდა ბიჭსო, მაჩვენებენ ნიკა ალასანიას.
_ რაიმე მიზეზს თუ გეუბნებოდნენ, რატომ უნდა გადამდგარიყავით?
_ კარგი იქნება, თუ დაწერ, შენ ახალ ავტოდრომს გადააბარებ ახალ ფედერაციას რომელსაც ჩამოვაყალიბებთ, სადაც შენ მოადგილე იქნები, ეს ახალგაზრდა ბიჭი კი პრეზიდენტიო.
მე ვუთხარი, დიდი ბოდიში, მაგრამ მე ბიუჯეტიდან არ ვფინანსდები, ვთვლი, რომ ცუდად არ ვუძღვები ქართულ ავტოსპორტს. მიპასუხეს: “იცი რა, შენ გყავს განაწყენებული ხალხი”. განაწყენებული ხალხი ვის არ ჰყავს, კონსტანტინეს სიტყვები მახსენდება “მთავარი ის კი არ არის, რას იტყვის ხალხი შენზე, მთავარი ის არის, შენ რა გაქვს გაკეთებული ხალხისთვის”. მოკლედ, მე ვუთხარი: აქედან რომ გავიდე, რა ვუთხრა საზოგადოებას, ფედერაციას, რის გამო გადავდექი-მეთქი?! მაფინანსებთ, ვერ ვუძღვები, საჭეს ვერ ვატრიალებ, ახალგაზრდებს ვერ ვზრდი, საერთაშორისო შეჯიბრზე არ დადიან ქართველები, რა არის მიზეზი, რის გამოც უნდა გადავდგე?!
ამის შემდეგ, გახსნილი ტექსტით მითხრა ნამგალაურმა, რომ მე შემექმნებოდა პრობლემები. მეორე დღეს, ნიკა ალასანია დავპატიჟე შეჯიბრზე. ის მართლაც მოვიდა. მე ავუხსენი, რომ ავტოსპორტში ასე არ მოდიან. მოდი ხვალ როგორც სტუმარი, ზეგ _ როგორც მეგობარი და რამდენიმე კვირაში შენ იქნები მასპინძელი. გაგაცნობ შენს ტოლებს, არაჩვეულებრივი სამყაროა… ამის შემდეგ, მისი აქტიურობა, მე არ გამიგია. აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს. ამის შემდეგ, პრობლემები მალე დაიწყო. ალბათ, იცით, რომ სახელმწიფოსთან პარტნიორობის გარეშე, წმინდა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია საავტომობილო შეჯიბრის ჩატარება. ვატყობდი, რომ ურთიერთობა გაცივდა. ჩვენთან ტელევიზიები არ მოდიოდნენ. ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა ჟურნალისტმა მითხრა: შალვა, შენი გამოჩენა “რუსთავი 2”-ის ეთერში, (დილის გადაცემები მიგვყავდა ხოლმე), არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შენ ხარ აკრძალულ და დაბლოკილ ადამიანთა ნუსხაში. რადგან შენ რასაც ლაპარაკობ, არის პოზიტივი. ეს პერიოდი დამთავრდა შენთვის. შენ მხოლოდ ნეგატიური მხრიდან უნდა იყო წარმოჩენილი, როგორც ამ საზოგადოებიდან გარიყული. მე თქვენ არ გიყვებით ჰიჩკოკის ფილმის სცენარს, მე გიყვებით იმას, რაც მე გადამხდა თავს.
ამ პერიოდში დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც ჩემი უმცროსი ვაჟი მოხალისედ წავიდა. ხოლო მე და ჩემი უფროსი ვაჟი მოხალისეებად ჩავეწერეთ. როდესაც ჩემი შვილი ცხინვალში იყო, ვიღაცა “ნაციონალები” და ვირთხები წითელ ხიდზე და თურქეთის საზღვარზე რიგში იდგნენ. როგორც კი ომი დამთავრდა, ისინი შემოტრიალდნენ და პირველი რაც გააკეთეს, დაიწყო ბრუტალური სახელმწიფოს ძალით შემოტევა საავტომობილო ფედერაციაზე. როდესაც ხელისუფლებაში “გაპრავდა” სააკაშვილის რეჟიმის დარჩენა, მაშინვე დაიწყო მასირებული შემოტევა.
_ და საავტომობილო ფედერაციაში მალევე შემოვიდა საგადასახადო, რასაც თქვენი გადადგომაც მოჰყვა…
_ საავტომობილო ფედერაციაში შემოვიდა საგადასახადო. მათ აღმოაჩინეს რაღაც მილიონნახევარ ლარზე მეტი დარღვევა. ეს არ ეყოთ და დარღვევა ერთი კვირის მერე, ორ მილიონ ლარზე ავიდა. მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ და ჩემს მაგივრად აირჩიეს ჩვენი ავტოსპორტის აღზრდილი, ქართველი ახალგაზრდა, ძალიან კარგი ბიჭი მამუკა მელაძე. ამ ნაბიჯმა თითქოს შეანელა რაღაც პროცესები, მაგრამ არ ენდნენ და რაღაც… დამავიწყდა მეთქვა მთავარი, გენერალი ირაკლი კოდუა გახლდათ კოლეგიის წევრი, რადგან მისი შვილები ჩვენი ავტოსპორტის აღზრდილები იყვნენ. სხვათაშორის ერეკლე კოდუა მე მაფრთხილებდა: იყავი ფრთხილად, ჭკუით იყავი. რადგან მე მოხვედრილი ვიყავი, მაშინ გავიგე სოდ-ის სიის და “შავი სიის” არსებობა. ანუ ამ ხელისუფლების არასასურველ ადამიანთა სიის შესახებ, რომლებსაც აქ, საქართველოში, მომავალი არასდროს არ ექნებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ 2 500 000 ლარი ჯარიმა ჩამოაწერეს, ანუ რადგან აღარ ვიყავი, მოხსნეს ეს პრობლემა, ეტყობა მელაძესაც არ ენდნენ. პატარა ჯარიმა, 50 000 ლარი მაინც დაუტოვეს. ამიტომ ჩამოაყალიბეს რაღაც ძალიან საინტერესო კონფიგურაციის ავტოსპორტის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი იყო დავით კირთაძე, ცესკოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე, ვიცე-პრეზიდენტი ლევან თარხნიშვილი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე. ალბათ გახსოვთ ასეთი გამოჩენილი ვეტერანი მბრბოლელი _ ბიულეტენებით რბოლაში იყო შემჩნეული. შემდეგი ვიცე პრეზიდენტი გახლავთ ცესკოს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელი. მეოთხე ვიცე პრეზიდენტი გახლავთ ლევან გახელაძე. სად ერეკლე და სად იმის კარდანიო. ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და წარმომადგენლები. იმ გვარებს რომ გადახედოთ, დღესაც ამ ფედერაციის ხელშია ქართული ავტოსპორტი. ამის შემდეგ ნამგალაურის უწყებიდან, თუ ვარძელაშვილის აღარ მახსოვს, 2009 წელს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში აგზავნიან წერილს, რომ ჩვენი სტატუსი, საქართველოში როგორც კანონმდებელის ავტოსპორტში, შეჩერებულია და ჩვენს მაგივრად ამ უფლებამოსილებას ახორციელებს “ცესკოს ნაციონალური” ფედერაცია.
_ რა ეწერა წერილში, რის საფუძველზე შეგიჩერეს სტატუსი?
_ რის გამო შემიჩერეს სტატუსი?! არ ვიცი რა ეწერა. ხომ არ ჩაწერდნენ შალვა ოგბაიძე ხალხის მტერია, შემჩნეულია ამ ხელისუფლების არალოიალურ დამოკიდებულებაშიო. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ქართული ავტოსპორტი და პოლიტიკა მკვეთრად მქონდა გამიჯნული ერთმანეთისგან. უბრალოდ, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება მას შემდეგ მოხდა, რაც 2008 წელს ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შემომთავაზა გავმხდარიყავი “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” წევრი. აბსოლუტურად მარტო და დაუცველი ვიყავი. ვგრძნობდი რომ ერთ ადამიანს როგორც ასფალტის სატკეპნი მანქანა ტკეპნის ასფალტს, ისე გადამივლიდა ეს ხელისუფლება. მე დავდექი არჩევანის წინაშე: წავსულიყავი საქართველოდან ან დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა ჩემი უფლებების და ზოგადად ამ რეჟიმთან პოლიტიკური ბრძოლა. მე ვარჩიე პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება. მივიღე ქალბატონი ნინოს შემოთავაზება. ამის შემდეგ, ჩემზე და ჩემს ოჯახზე შემოტევა გაათმაგდა. ჩემი და ჩემი კომპანიონების კუთვნილ სადილერო ცენტრში შემოვიდა ფინანსური პოლიცია და მან ნახევარმილიონიანი დარღვევა ,,აღმოაჩინა”.
_ სასამართლოს თუ მიმართეთ?
_ გავიარეთ ყველა ინსტანცია: საგადასახადო დავების საბჭო, შემოსავლების სამინისტროს დავების საბჭო, სასამართლო, აპელაცია, მერე იყო უზენაესი. ერთმანეთის მიყოლებით მივიღეთ უარი. თუმცა, პირველივე ინსტანციის წაგების შემდეგ გადაწყდა ქონების აუქციონზე გატანა. თქვენ იცით, რომ ადრე ჩვენ თუ ვიჩივლებდით, ეს აღსრულებას აჩერებდა. ახლა კი ცინიკურად გვითხრეს, თქვენ გააგრძელეთ ჩივილი, თუ მოიგეთ უკან დაგიბრუნებთ, არა, უკეთესს გიყიდითო. ეს ქონება იძულებით აუქციონზე გაიყიდა.
ბედის ირონიით, მაშინ საგადასახადოს უფროსი მალხაზ ბიწაძე იყო, ისიც “მწვანეთა პარტიიდან”. 2009 წლის დეკემბერში, ზურა ჟვანიას სასაფლაოზე შემხვდა. ვუთხარი: ბიჭო ეს რა ქენი. რა მიქენი, ასეთი რა დაკვეთა გქონდა მეთქი. რას მეუბნება არ გაინტერესებთ?! _ რაც დაიმსახურე, ის მიიღეო. ამას ჟვანიას საფლავზე მეუბნება. დღესაც არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი. ე.ი. საგადასახადომ შეასრულა ვიღაცის დაკვეთა. ჩემი სარჩელის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ ადამიანისთვის შეკითხვის დასმაა. შინაგანი მრწამსით მოქმედებდა თუ ვინმემ დაავალა?!
_ ანუ, სასამართლოზე მალახაზ ბიწაძის დაკითხვას ითხოვთ?
_ ადამიანი ფასობს იმით, რომ საჭირო დროს, საჭირო “არა” უნდა თქვა. ახლა, მე თქვენ რომ გიბრძანოთ, _ წადი რა, თუ შეიძლება ის დაიჭირეო, რა საზღაური, რა ხარკი გაქვთ ამისთანა გადასახდელი, ეს რომ შემისრულოთ? თქვენი გაზეთის რედაქტორმა რომ გითხრათ, _ მიდი, ის ადამიანი გააუბედურეო, არ იზამთ ამას. ჩვენთვის ეს მარტივია. მალხაზ ბიწაძე არის ერთ ერთი ფრაგმენტი.
მე პირადად, ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს, ჩემს ბიზნესს უზარმაზარი ზარალი მიადგა, არ ვსაუბრობ მორალურ და ფიზიკურ ზარალზე. პროფილაქტიკის გაყიდვის შემდეგ, მას ბანკში ჩადებული ქონება მიჰყვა. მე და ჩემი მეუღლე ვიშენებდით 3 ოთახიან ბინას, კარკასი გვქონდა, რომელიც ბანკში იყო ჩადებული. მიწის ნაკვეთი, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. აგრეთვე ჩემი რძლის ბინა, რომელიც აუქციონზე იქნა გატანილი. ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა ბინის გამოხსნისთვის საჭირო 20 ათასი დოლარი და ჩემმა რძალმა შეიძინა აუქციონში მონაწილეობის ბილეთი, ბანკმა უთხრა, რომ არავინ სხვა მსურველი არ არის. როგორც წესი, აუქციონზე არ ყიდულობენ ისეთ ბინებს, რომელსაც პატრონი ცდილობს აუქციონის მეშვეობით დაიბრუნოს. ეს იყო ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მდებარე 2 ოთახიანი ბინა. როდესაც ჩემმა რძალმა ერთი ბიჯი გააკეთა 500 ლარით მეტი, 30000 ლარი, ვიღაც უცხო პიროვნებამ დაასახელა 37 500 ლარი. ჩაქუჩი სამჯერ დაარტყეს სწრაფად და ბინა გაიყიდა. 15 წუთში, ეს ბინა, თანხის გადახდის გარეშე გადაფორმდა პიროვნებაზე. ეს პიროვნება ჩემს რძალს ძალიან არეულად ელაპარაკა. უთხრა, რომ მას ისე უჭირდა, 45 000 რომ დაეფასებინათ, მაინც უნდა ეყიდა.
_ ხომ არ გაგირკვევიათ, ვინ შეიძინა ეს ბინა, ვის დაავალეს თქვენი უსახლკაროდ დატოვება?
_ ჩემმა უფროსმა ვაჟმა მოინდომა მასთან შეხვედრა, რომელიც ტელევიზიის გვერდით, კოსტავას გამზირზე პოლიციის გამჭვირვალე შენობასთან შედგა. პოლიციის შენობიდან გამოვიდა თანამშრომელი. გიორგიმ უთხრა: მე აქ მოვედი იმის გამო, რომ ჩაგაყენო საქმის კურსში, შენ ხარ არაკეთილსინდისიერი შემძენი. მოკლედ, აუქციონზე გაყიდული ბინა სასწრაფოდ გადაფორმდა იმ პიროვნებაზე, რომელიც აღმოჩნდა შსს თანამშრომელი.
დიახ, ჩემი რძლის ბინაში დღეს ცხოვრობს პოლიციელი, როგორც ეს 1937 წელს ხდებოდა ხოლმე. ამის შემდეგ იყო ჩვენი ოჯახის თავდასხმების პიკი. ეს იყო 26 მაისი და შემდგომი პერიოდი, როდესაც უკვე ღია წესით დაიწყო ნადირობა “დემოკრატიული მოძრაობის,” “სახალხო კრების” და მასში შემავალ აქტივისტებზე. ჯერ კიდევ 26 მაისამდე დაიწყო პირველი ტალღა, აბსოლუტურად უცნობი სტრუქტურების მიერ ქუჩაში გაჩერება, ქუჩიდან მოტაცება როგორც მოგვიანებით გავიგე, ზოგი იქ ნებაყოფილობით მუშაობდა ზონდერებად გარკვეული ანაზღაურების ფასად. მაგალითისთვის გეტყვით, ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ბესო დანელია ქუჩაში ორსული მეუღლის თვალწინ ფეხებში იქნა გადამტვრეული, ხოლო მის მეუღლეს მუცელი მოეშალა. მტერს არ ვუსურვებ რაც მაგ ოჯახმა და ჩემმა მეგობრებმა გადაიტანეს. ამის გარდა ჩემი 42 მეგობარი დღესაც ზის ციხეში პოლიტპატიმარის სტატუსით.
26 მაისის ღამეს, მთელი ჩემი ოჯახი, ჩემს მეუღლესთან, შვილებთან ლევანთან და გიორგისთან რუსთაველზე ვიყავით, ეს იყო დაახლოებით 00:05 წუთზე. თუმცა 11 საათიდან გადაკეტილი იყო მოძრაობა, მეუღლის გაშვება შეგვეშინდა, რადგან ყველა გზა გადაკეტილი იყო. როდესაც შემოტევა დაიწყო, მე და ლევანი წყლის ჭავლმა კინო რუსთაველის და ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მხარეს გადაგვისროლა. იქ მოგუდვის სპაზმებით თითქმის გონებადაკარგულებს, 4-5 მეტრის მანძილიდან მიბრჯნით, რამდენიმე ადამიანი რეზინის ტყვიებს გვესროდა. მე ვცდილობდი ლევანს გადავფარებოდი, მაგრამ მოგუდვის და წყლის ჭავლის გამო აღმოვჩნდით მიწაზე. თავს დაგვადგნენ ხელჯოხიანი ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, საინტერესო ტექსტის თანხლებით: თქვენ გინდათ არიოთ ეს ქვეყანა?! თქვენ გინდათ აურიოთ ეს ქვეყანა?! ამის უფლებას არ მოგცემთ! რატომღაც ლევანს ჩააცივდნენ, სად იყავი შენ როცა ჩვენ ცხინვალში ვიბრძოდით, ამას ეუბნებიან ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც 2008 წლის ომში მოხალისე რეზერვისტის სტატუსით წავიდა ომში. მე თვითონაც ჩავეწერე მოხალისედ, მაგრამ იმდენად სწრაფად წააგო ასფალტზე მხოხავმა მხედართმთავარმა, რომ ომში ჩაბმაც კი ვერ მოვასწარი.
არ ვიცი, რას უკითხავდნენ დარბევის წინ ამ ადამიანებს, რა ფსიქოლოგიურ ტრეინინგს გადიოდნენ, ალბათ ეუბნებოდნენ, არცერთი ცხინვალში არ იბრძოდა, ყველა თქვენი მტერია, ყველას უნდა დალაგებული ცხოვრების არევა, ეს ახლაც ყურში ჩამესმის: თქვენ გინდათ ამ ქვეყნის არევა?! ამის შემდეგ მე ერთ-ერთს ვთხოვე, ჩემი შვილია და ჩემი თანდასწრებით არ სცემო-მეთქი. მან დამიჯერა. ლევანი ჩემს თვალს მოაცილეს. ხელები უკან შეუკრეს.
_ თქვენ მოხვდით ე. წ. სადამსჯელო კორიდორში. რა ხდებოდა იქ? ამბობენ, რომ ადამიანებს ყველაზე სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ.
_ მე ხელებშეკრული მერიის მხარეს წამიყვანეს თავისუფლების მოედნისკენ და იქ მოვხდი სადამსჯელო კორიდორში. როდესაც გონება დავკარგე, ხელები უკან მქონდა შეკრული და ხელის აფარების საშუალება არ მქონდა. მოვხდი ემერჯენსში. გონებაზე რომ მოვედი, წვეთოვანი მედგა, თავს მიკერავდნენ და თავზე მადგა ადამიანი, რომელიც უშვერი სიტყვებით მაგინებდა და მითხრა, _ შენი შვილების სისხლი უნდა დავლიოო. მე ვუთხარი, რომ ჯობდა მოვეკალი. შენი ასე, შენი ისე, კოტე ვარ დიღმელაშვილიო.
გაგონილი მქონდა, რომ ეს კაცი საპატრულოში მუშაობდა. დამაპატიმრეს საოპერაციოზე და დამიყენეს ბადრაგი. ჩემს შესახებ ინფორმაცია გამოიტანა ქეთი ბექაურმა, რომელმაც სრულიად შემთხვევით აღმომაჩინა. მამა დავით ისაკაძე შემოვიდა, მისი მეშვეობით ვიპოვე ჩემი მეუღლე, რომელიც ვიღაც ღვთისნიერს, თავგატეხილი, სახლში მიუყვანია. ლევანი ორი დღის მერე, პოლიციის სამმართველოს “კაპეზეში” აღმოვაჩინეთ. საშინლად ნაცემი, მისი ძვალი და რბილი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცალ-ცალკე გამოვიტანეთ. სცემდნენ იმიტომ, რომ არის შალვა ოგბაიძის შვილი. გიორგი მარნეულის “კაპეზეში” ვიპოვეთ. თავის თანამესაკნეებთან: ათიკო აბულაძესთან, გიორგი ნეფარიძესთან, არჩილ ბურჯანაძესთან და სახალხო კრების წარმომადგენლებთან ერთად. პირველი ათი დღე ცემა იწყებოდა ასე: შეაგინე მამაშენს, შეაგინე ოპოზიციას, შეაგინე ბურჯანაძეს, ეს მათი ჭკუით, წამების ახალი მეთოდია. 10 დღის შემდეგ, წამება გაგრძელდა სხვანაირად. ყოველ ნახევარ საათში იხსნებოდა “კარმუშკა” ბადრაგის წარმომადგენელი მობილურზე ჩაურთავდა მელოდიას “მიშა მაგარია.” 30 დღის განმავლობაში ამ ბიჭებს არ უნახავთ ცა. არ ჰქონიათ კონტაქტი გარე სამყაროსთან. არ ჰქონდათ საკვები, სამედიცინო მომსახურება.
ამის შემდეგ, ჩვენი ოჯახის მიერ იქნა მიღებული ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. გადავწყვიტეთ, გიორგი ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გახიზნულიყო. დღეს გიორგი გერმანიაშია. მოხდა უპრეცედენტო რამ, უმოკლეს დროში, ჩასვლიდან სამ ოთხ თვეში, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. ვინმეს შეუძლია ამიხსნას, შეუძლია სააკაშვილს ამიხსნას, რატომ არიან ჩემი ოჯახის წევრები საზღვარგარეთ?! რატომ არ შემიძლია მე ყოველ საღამოს ჩემი შვილიშვილებით დავტკბე, მოვესიყვარულო, მოვეფერო? რატომ? რა სიამოვნება მიიღეს ჩემი ცხოვრების დანგრევით? ჩემი უმცროსი შვილი ცირკში მტვირთავად მუშაობს (ჩემს გამო ყველა ერიდებოდა სამსახურში მიღებას). მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით.
_ შეგიძლიათ, კონკრეტულად დაასახელოთ ადამიანი, ვისგანაც მოდიოდა პოლიტიკური დაკვეთა, რომ თქვენ ყველაფრის გარეშე უნდა დარჩენილიყავით?
_ ეს დეტალები ყველაფერი ერთად გაერთიანდა და მინდა ამ ჩინოვნიკებს პასუხი მოვთხოვო. კიდევ ვიმეორებ, ფული და ქონება ჩემთვის მე-700 ხარისხოვანია. მათ მე ყველაზე ძვირფასი მომპარეს. მათ მე 9 წელი მომპარეს. მე მინდა დავუსვა შეკითხვა, რატომ? რა აიძულებდათ? რამ აიძულათ რესტორნის ფანოღივით შეესრულებინათ ავადმყოფი ადამიანის ასეთი პოლიტიკური დაკვეთა?! მე ხომ ვიცი, რომ ეს სააკაშვილისგან მოდიოდა.
ამ წუთში, მე ვარ მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩემი პოლიტპატიმარი მეგობრები გამოვიდნენ, შემდეგ ველოდები, რომ დაკითხვაზე პროკურატურაში დამიბარებენ, სადაც ჩვენება უნდა მივცე.
6 მაისის შემთხვევაზე, როდესაც მე დაზიანებული ვიყავი, ზრდილობის გამოც არავის დავუკითხივარ. ჩავთვალეთ, რომ ამ ქვეყანაში ჩემთვის სამართალი არ არსებობდა. საქართველოში სამართალი ჩვენნაირი ხალხისთვის აღარ იყო. ერთ-ერთი ლათინოამერიკული ქვეყნის დიქტატორ პრეზიდენტს აქვს ნათქვამი, _ ჩემს მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენს სამართალი.
ჩვენ კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დავსჯილიყავით, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული გუნდის წევრებისთვის უნდა ყოფილიყო მთლიანად ის სიკეთე, რომელსაც მე და თქვენ, ჩვენი შრომით, შემოსავლით, მოგების გადასახადით შეგვქონდა ბიუჯეტში. დღეს, აგერ ხომ ტივტივდება ეს ჩემი, თქვენი და ახლობლების თანხები, გაყიდული, წართმეული და ჩამორთმეული ქონება რას ხმარდებოდა.
_ ბატონო შალვა “ნაციონალური მოძრაობის” გუნდში, თქვენი ყოფილი თანამოაზრეები არიან. თქვენ ისაუბრეთ გიორგი ბარამიძეზე, რომელთანაც საკმაოდ ახლოს იყავით. რატომ გაგწირეს ასე თანაგუნდელებმა?
_ მე ბედნიერი ვიქნები, თუ ამ კითხვას ჩემს ყოფილ მეგობრებს დაუსვამთ და მათგან მივიღებთ პასუხს. რატომ? მე მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებს. რა საზღაური იყო ამისთანა, რომ მათ აეღოთ ხელი რაღაცა მთავარზე, რაზეც დგას ადამიანი. ძალიან მარტივი იყო, საჭირო დროს საჭირო არა ეთქვათ. ეს მათი არჩევანია, რომ პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყოლოდნენ სააკაშვილს. გაცილებით მივესალმებოდი გია ბარამიძესთან ერთად კვლავ გვერდიგვერდ მებრძოლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. სამწუხაროა, რომ ის ამას ვეღარ შეძლებს ვერასდროს…