“გურია ნიუსი” დაზარალებულს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა: “ღამის 3 საათზე, კარზე ძლიერმა ბრახუნმა გამაღვიძა. წამოდგომაც ვერ მოვასწარი, ისე შემოცვივდნენ ოთახში და მწოლიარეს ზედ დამახტნენ. ცხვირზე და პირზე ხელები ამაფარეს და გაგუდვა დამიპირეს. პირი, ხელები და ფეხები სკოჩით შემიკრეს, თან მეუბნებოდნენ, ხმა არ ამოიღო, ნელ-ნელა მოგახრჩობთო. თავდამსხმელებმა საწოლიდან გადმომათრიეს და შემათრიეს სხვა ოთახში, სადაც, მათი ვარაუდით, ფულს ვინახავდი. მაშინვე ვუთხარი, ფული სადაც მედო, მაგრამ თავი არ დამანებეს და ოქრო მომთხოვეს. ოქრო არ მაქვს, ეს ბეჭედი წაიღეთ,-მეთქი, ვეხვეწებოდი და თან თითიდან ბეჭედი წავიძრე. ღორივით დაგკლავთო დამემუქრნენ, სახე დანით დამისერეს, თვალებში კი დანის ტარს მირტყამდნენ. მერე შეცვივდნენ სხვადასხვა ოთახებში, ყველაფერი გადმოყარეს, რაც მოეწონათ, შეკრეს და თან წაიღეს. გასვლისას ერთ-ერთი უკან შემობრუნდა, წაქცეულს თავში წიხლი ჩამარტყა და წავიდა. დამაგდეს ასე ხელფეხშეკრული, მივხოხდი ფანჯარასთან და დილის 7 საათამდე ვეძახდი მეზობლებს, მაგრამ ვერავის გავაგონე,” _ ყვება ნათელა გულედანი “გურია ნიუსთან” საუბარში.
პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა, როგორც დაზარალებულმა გვითხრა, დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
თავდამსხმელებმა გულედანის სახლიდან 4 500 ლარი და 600 დოლარი, ოქროს ბეჭედი და საოჯახო ნივთები წაიღეს. როგორც დაზარალებული ამბობს, ყაჩაღებს ნიღბები ეკეთათ, რის გამოც მათი ამოცნობა ვერ შეძლო.
“სოფელში პატარა მაღაზია მაქვს და ყველას ვიცნობ სახეზეც და ხმაზეც. მათი ხმა არ მეცნო, თუმცა, ის ფაქტი, რომ ზუსტად იცოდნენ, სად მეძინა, მაფიქრებინებს, რომ ამ საქმეში შინაურია გარეული. თავდამსხმელები უაქცენტო ქართულით ლაპარაკობდნენ, მაგრამ ლემშვენიერაში დღეს ბევრი სვანი საუბრობს აქცენტის გარეშე. არ მინდა ეს საქმე გაუხსნელი დარჩეს და ყაჩაღებს ჩემი წამება შერჩეთ. გამიმართლა რომ სახლში ფული აღმომაჩნდა, თორემ მართლა ღორივით დამკლავდნენ,” _ აცხადებს ნათელა გულედანი.