ოთხშაბათის შეხვედრაზე მხარეები რამდენიმე საკითხის შესახებ იმსჯელებენ „საუბარი იქნება ტარიფებზე, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. საზოგადოებაში ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვაა. ასევე ვისაუბრებთ „თელასთან“ დაკავშირებით. იქ 2012 წლის ივნისში 125 თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან. ჩვენ ვიმსჯელებთ, რამდენად არის შესაძლებელი მათი სამუშაო ადგილებზე დაბრუნება,“ – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ გუშინდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
წინასაარჩევნო პერიოდში “თელასის” 125 პროფესიონალი თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე „გურია ნიუსი“ ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში წერდა. „თელასის“ ყოფილმა თანამშრომლებმა ოქტომბერში კოლექტიური განცხადება დაწერეს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ გააგზავნეს. “მდგომარეობა გვაიძულებს მოგმართოთ თქვენ და გთხოვთ, დაგვიცვათ იმ უკანონობისგან, რაც ჩვენ შეგვემთხვა და გაგვიწიოთ დახმარება ჩვენი უფლებების დაცვაში. მოკლედ მოგახსენებთ საქმის არსს: ვმუშაობდით სს “თელასში” წლების მანძილზე, კეთილსინდისიერად და პატიოსნად. 2012 წლის 20 ივნისს, სს. “თელასში” შეიცვალა დირექცია, რომელიც გადმოვიდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან, რის შემდეგ დაიწყო თანამშრომლების უმიზეზოდ, ეტაპობრივი გათავისუფლება. კერძოდ, ზოგიერთ ბიზნეს–ცენტრების მენეჯერებს დაავალეს, რომ ყველა თანამშრომელს და მათ შორის თვითონაც დაეწერა განცხადება თარიღის დასმის გარეშე სამსახურიდან პირადი სურვილით გათავისუფლების თაობაზე ყოველგვარი ახსნა–განმარტებების გარეშე. იმ მიზეზის გამო, რომ ვიცოდით არსებული ხელისუფლების პირობებში კანონი არ დაგვიცავდა, ჩვენ იძულებულები გავხდით დაგვეწერა განცხადებები, რასაც რამდენიმე დღეში მოჰყვა ჩვენი გათავისუფლება. ჩვენს ადგილზე კი ეგრევე დანიშნეს პირები, რომლებსაც ენერგეტიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ გავხდით არსებული ხელისუფლების უკანონობის მსხვერპლნი, შეილახა ჩვენი უფლებები, დაგვტოვეს უმუშევრები. მსგავს სიტუაციაში რამდენიმე ათეული თანამშრომელია. ამიტომ, გთხოვთ დახმარებას ჩვენს სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია „თელასი“–ს ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში, რომელიც 16 ოქტომბრით თარიღდება.
გათავისუფლებულები „გურია ნიუსთან“ აცხადებდნენ, რომ თელასში მათ ნაცვლად ინიშნებოდნენ კომპანიის მაშინ მოქმედი და აწ უკვე ყოფილი კომერციული დორექტორის ზურაბ არსოშვილის ახლობლები,მეგობრები და ასევე პოლიციის თანამშრომლები.