24 წლის გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთელია, პროფესიით ეკონომისტი. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
2009-2010 წლებში გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში მუშაობდა. ასევე ქონების მართვისა და ფინანსების განყოფილებაშიც მუშაობდა სტაჟიორად; 2012 წელს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ოფის-მენეჯერი იყო.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალდანიშნული გამგებელი კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, სხვა საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ერთადერთი საკადრო ცვლილება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი გამგებლის დანიშვნის შემდეგ გახორციელდა, გამგებლის მოადგილის მიხეილ გოგოტიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება იყო, რაც მან საკუთარი განცხადების საფუძველზე გააკეთა.
მიხეილ გოგოტიშვილის ადგილს გიორგი ღურჯუმელიძე დაიკავებს.