გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი პროკურორი მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა, ამბობს, რომ ძალიან მალე საზოგადოება ამ ინფორმაციას მიიღებს:
“გამოძიება გრძელდება და გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროგრესი. აქ არა მარტო ზურაბ მიქაძის, არამედ სხვა თანამდებობის პირების ვინაობებია გამოვლენილი. უბრალოდ ხდება დეტალების დაზუსტება და ჯერჯერობით არ მომხდარა სხვა პირების მხილება, თუმცა ეს მალე მოხდება,” _ განაცხადა კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ მიქაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, მოკლულის დედამ ია მეტრეველმა “სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი ცინიზმი” უწოდა.
“თუკი სასამართლო გაათავისუფლებს ყველა იმ მაღალჩინოსანს, ვისაც პროკურატურა დააკავებს, როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენა?” _ ეს შეკითხვა ია მეტრეველმა მთავარ პროკურორს დაუსვა.
“იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც სასამართლო რეფორმას უკავშირდება და მიდგომა უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლებასთან არა იმგვარი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან პროკურატურამ პირადი ანგარიშების დონეზე ვარკვიოთ სასამართლოსთან ურთიერთობა, არამედ სისტემური, როდესაც ამ ორგანოს რეფორმა მოხდება საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში. ძალიან უხერხულია ამა თუ იმ მოსამართლესთან პოლემიკაში შესვლა, რადგან ის ვერ დამთავრდება წარმატებულად სამართლიანობის მაძიებლისათვის” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისი თქმით, რომ არა ბუტა რობაქიძის, გირგვლიანის, 26 მაისის და სხვა ფაქტები, ახალი მთავრობის ვერც ერთი წევრი თანამდებობებს ვერ დაიკავებდა:
“არც მე და არც ჩვენი მთავრობის სხვა წევრები იმ თანამდებობას ვერ დაიკავებდა, რომ არა ბუტა რობაქიძის, გირგვლიანის და სხვების მკვლელობა, რომ არა 7 ნოემბრისა და და 26 მაისის მოვლენები. ამიტომაც წმინდა ემოციურად ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ხარჯზე ჩვენ თანამდებობები მოგვიტანეს,” _თქვა მთავარმა პროკურორმა.