ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება -დემოკრატიული ლანჩხუთის” თავმჯდომარემ მარინე თურნავამ აცნობა, თუმცა, რევაზ ჩიტიძის კაბინეტში შესვლა ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარის მდივანმა დაადასტურა, რომ ჩიტიძე უმრავლესობის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავდა, თუმცა, გოგუაძის ყოფნა რევაზ ჩიტიძის კაბინეტში, მდივანმა რატომღაც დამალა.
საკრებულოს თავმჯდომარის მისაღებში, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა დავით წულაძემ ყოფილი გამგებლის საკრებულოში “ვიზიტი“ გააპროტესტა: “რა უნდა გია გოგუაძეს ამ შენობაში?! თუ უმრავლესობასთან მართავს შეხვედრას, როგორც პარტიის ლიდერი, შევახსენებ მას, რომ ასეთი შეხვედრები პარტიის ოფისში ჩაატაროს. გოგუაძის კლანური მმართველობის დაბრუნებას ლანჩხუთში არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ,“ _ აღშფოთებას ვერ მალავდა წულაძე.
ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომლებმა, მათივე თქმით, არაფერი იცოდნენ გოგუაძის სტუმრობის შესახებ.
“გურია ნიუსთან” საუბრისას, ჩვენი წყარო ამბობს, რომ გიორგი გოგუაძემ უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციები რევაზ ჩიტიძის გადადგომის შესახებ გამართა.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ნუგზარ ჩხაიძის თხოვნით, გია გოგუაძე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს რევაზ ჩიტიძეზე, თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა. საკრებულოს თავმჯდომარედ კი ამ ჯგუფს საკრებულოს წევრის მაკა კვირკველიას გაყვანა სურს,” _ ამბობს წყარო, რომელიც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელას ერიდება.
მისივე ინფორმაციით, გიორგი გოგუაძემ გუშინაც გამართა შეხვედრა ლანჩხუთის გამგეობის შენობაში. გუშინდელი შეხვედრა, როგორც წყარო ამბობს, კახა ასკურავას კაბინეტში გაიმართა და მას ჯერ კიდევ მოქმედი გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართქილაძე ესწრებოდა.