დოკუმენტების მიხედვით, სიმბოლურ ფასად შენობების გაყიდვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წელს დაიწყო. 2010 წელს კი ლეონიძის N2-ში 65 მოსახლეს გადაეცა 65 ბინა 65 ლარად. ასევე ტაბიძის N8-ში 87 მოსახლეს 87 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები.
2008 წლის ოქტომბერში, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 7 მოქალაქეს ვალდებულების გარეშე გადაეცა საცხოვრებელი ბინები. დოკუმენტაციაში წერია, რომ ბინები 2008 წელს განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეებს გადაეცათ. მომდევნო წელს, შავი ზღვის ზემოქმედების შედეგად დაზარალებულ 3 მოქალაქეს გადაეცა საცხოვრებელი ფართები ასევე გორგილაძის ქუჩაზე.
2009 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 1 ლარად გაყიდა ტაბიძის N2-ში მდებარე შენობა. შენობის მყიდველი “მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი” იყო და დღეს შენობაში სწორედ ამ სახელწოდების საავადმყოფო მდებარეობს. ხოლო ის შენობა, სადაც საავადმყოფო იყო განთავსებული, 1 ლარად კერძო კომპანიას სასტუმროს ასაშენებლად გადაეცა.
2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა ფიროსმანის N3-ში მდებარე ბინა პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად გადასცა გიგა ქათამაძეს. პრეზიდენტმა 44,8 კვ.მ. ფართის ბინა ქათამაძეს გაურკვეველი მიზეზით გადასცა. თუმცა საჯარო რეესტრის მიხედვით გიგა ქათამაძემ 2010 წლის მარტში, ანუ პრეზიდენტის მიერ ბინის მიყიდვამდე 3 თვით ადრე, ქათამაძემ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 125 კვ.მ. ფართობის ბინა იყიდა.
ბათუმში, რუსთაველის N24-ში არსებული ყოფილი საბავშო ბაღის შენობა საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას აჭარის ფინანსთა სამინისტრომ მიყიდა 1 ლარად. ეკლესიამ იყიდა ასევე ხიმშიაშვილის ქუჩაზე 6 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი.
ერთ ლარად გაიყიდა გამსახურდიას N12-ში მდებარე 847 კვ.მ. შენობა- ნაგებობა და მასზე წილობრივად მიმაგრებული 834 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; კოსტავას N20 ა-ში მდებარე 268 კვ.მ. სპორტული მოედანი და მასზე მიმაგრებული 489 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ყველა ობიექტი ერთიანად ერთ მყიდველს ერთ ლარად გადაეცა. ისტორული შენობა შპს “კორაქსესს” 1 ლარად გადაეცა.
“კომპლექტურად” გაიყიდა ბათუმში ბარათაშვილის N6-ში, დუმბაძის N7-ში მდებარე 868 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ლერმონტოვის N105-ში მდებარე 224 კვ.მ. შენობა და მასზე მიმაგრებული 1040 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. პუშკინის N19 მდებარე 129 კვადრატი მასზე მიმაგრებული 500 კვადრატზე მეტი მიწის ნაკვეთი. შპს “ბაკურმა” მასში მხოლოდ 1 ლარი გადაიხადა. შპს “ბაკურის” მფლობელი ბაკურიძეა. მასვე ეკუვნის ბათუმის ცენტრალური ბაზარი. იგი აბაშიძესთან და წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.
ერთ ლარად რამდენიმე ობიექტი იყიდა “საქართველოს რაგბის კავშირმა”. სიბოლურ ფასად მან ბათუმი ლეონიძის N6-ში 38776 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ლეონიძის და აბაშიძის ქუჩების კვეთაში 4218 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 1401 კვ.მ. შენობა ნაგებობა. გენერალ ასლან აბაშიძის მიმდებარე 2479 და ლეონიძის N2ში მდებარე 4746 კვ.მ. მიწის ნაკვეთები შეიძინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წელს ანგისის დასახლებაში 30 ათას კვადრატზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა “project development adjara”-ს ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად. მყიდველმა მხოლოდ 1 ლარი გადაიხადა. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
2010 წლის ნოემბერში ბათუმის ბულვარში ყოფილი საზაფხულო ოპერის ადგილას 10 ათას კვადრატამდე მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით “B&G georgia”-ს გადაეცა სასტუმრო “რიც კარლტონის” ასაშენებლად. სასტუმროს საფუძველი თავად პრეზიდენტმა ჩაუყარა, მაგრამ მოგვიანებით ხელშეკრულება გაუქმდა. მაგრამ ერთ ლარად გაყიდულ ქონებას შორის ეს ობიექტი მაინც მოხვდა.
ერთ ლარად გაიყიდა კინოთეატრი “აპოლო”-ს შენობაც, სადაც 2011 წლის აგვისტოდან ამავე სახელწოდების კონოთეატრი ფუნქციონირებს. ეს შენობა იმ იშვიათ გამონაკლისებს წარმოადგენს, რომელსაც პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა.
ერთ ლარად ქონების მყიდველთა შორის არიან კერძო პირებიც. მაგალითად ლესელიძის N6-ში 1200 კვადრატზე მეტი ფართობის მქონდე შენობა-ნაგებობა ელენე პოლიანიჩკომ 1 ლარად შეიძინა. ლარად შეიძინა ზარიფა ჰამზაევამ ბათუმის აკვაპარკსა და სასტუმრო “მარინას” შორის მდებარე 10 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი. ჰამზაევა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარია.
დემეტრე თავდადებულისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში “ტურიზმის აკადემიას” ფინანსთა სამინისტრომ მიყიდა ერთ ლარად ქონება. 2 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის შენობა და 3 ათას კვადრატამდე მიწის ნაკვეთი. შენობაში ტურიზმის სწავლებისათვის კოლეჯი უნდა გახსნილიყო, თუმცა შენობა დღემდე აუთვისებელია.
ქალაქის ცენტრში შავშეთი/გოგებაშვილის 2,4,6/60 მდებარე 4707 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და 5196 კვ.მ. მიწის ნაკვეთი “მერსიონ ტურიზმმა” იყიდა 1 ლარად.
ბათუმში გოგებაშვილის N10-12-ში მიწის ნაკვეთი 3 ლარად “ADOG_GEORGIA”-ს ფინანსთა სამინისტრომ მიყიდა 1621 კვადრატი მიწის ნაკვეთი. პირობებში წერია, რომ უნდა აშენდეს 22 სართულიანი შენობა სადაც უნდა განთავსდეს 100 ნომრიანი სასტუმრო და კაზინო. იმავე კომპანიას მიყიდეს ორ ლარად ლეონიძის 168 ნომერში მდებარე 168 კვ.მ. ფართი. აქ ხმის ჩამწერი სტუდია უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ხელშეკრულების ვადა გასულია მაგრამ ობიექტი არ არსებობს.