აქციების მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ შენობაში არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც მისი მოადგილე არ გამოჩენილან, თუმცა აქციის მონაწილეებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მათ საკრებულოს შენობა არც დაუტოვებიათ. ეჭვს იწვევდა ასევე გამგეობის თანამშრომლების ხშირი სტუმრობა და შემდეგ გაუჩინარება. დღეს კი აქციის მონაწილეებმა ოთახები დაიარეს, მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაკვლიეს.
_ ერთ-ერთი თანამშრომელი მოვიდა და გვითხრა, ხომ დარწმუნდით, არსად არ არიან და ამ დანგრეულ ოთახში ხომ არ გამოიკეტებოდნენო. სწორედ ამ სიტყვებმა გამიჩინა ეჭვი. სულ თვალს ვადევნებდი იმ ოთახის კარს. უცებ, საყელოაწეული ადამიანი შევნიშნე, რომელმაცბჩქარი ნაბიჯით გაიარა მეორე სართულის დერეფანი და სწორედ ამ ოთახში შევიდა. მეც თან მივყევი, კარები შევაღე და დავინახე საბუთებით დახუნძლულ მაგიდასთან მჯდომი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კაჭარავა, რომელიც იმ კომისიის თავმჯდომარე იყო, რომლის გადაწყვეტილებასაც ხალხი აპროტესტებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აქციის მონაწილე ნაირა ბენიძემ.
იმ დროს იქ სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. იქ იყო „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაიაც. კაჭარავამ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა, მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
_ „მე, ჩემი, როგორც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობა შევასრულე და ახლა არაფერი მეხება“.
მასთან კაბინეტში მყოფმა გამგეობის თანამშრომელმა, გიორგი დუნდუამ და ასევე, ფრაქცია „დემოკრატების“ ლიდერმა, ზაზა გეგეჭკორმა, რომელმაც ადრე დატოვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ ამ ოთახში არასამუშაო დღეს, პასუხი არ გაგვცეს.
_ ოთახს რომ თვალი მოვავლე, დივანიც დგას, გამათბობელიც, იმდენი სიგარეტის ნამწვავი და ცარიელი კოლოფი იყო, ადვილი მისახვედრია, ამ ოთახში ერთი კაცი არ ათევს ღამეს. ნუთუ მხოლოდ იმიტომ დატოვა კაჭარავამ თავისი სამუშაო ოთახი, რომ ხალხს არ დაენახა? იქნებ მობეზრდა ევროსტანდარტული კაბინეტი და სწორედ რომ, 90-იან წლებში დაბრუნდა?! _ აღნიშნავს ნაირა ბენიძე.
აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება, გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი რუხაძე, რომლის თქმით, ჭანტურიას წუხელ შეხვდა:
_ გოჩა ჭანტურია წუხელ ვნახე. ასე მითხრა, მე ისეთი ლობისტები მყავს, შენ არც კი დაგესიზმრებაო, ასე რომ, დაიხურე ქუდი და წადი სახლში, მე თვით ობამა მიჭერსო მხარს! ხო, არ მოგესმათ, სწორედ იმ ობამაზეა ლაპარაკი, ხოდა, მიკვირს, აბაშელებო! თუ ასეთი საჭირო კანდიდატი გყავთ, ობამაც რომ იცნობს და მხარს უჭერს, რაღა გინდათ? მშვიდად დაელოდეთ საკრებულოს სხდომას, მიიღეთ გამგებლად ჭანტურია და რა იცით, იქნებ ობამაც ჩამოვიდეს აბაშაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რუხაძემ.
აქცია ისევ გრძელდება და ხალხი საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი ან სად არის საკრებულოს თავმჯდომარე არავინ იცის.