რომელმაც ე. წ. “მუხროვანის ამბოხის” საქმეზე 3 წელი და 7 თვე გაატარა ციხეში. ბლიაძე იმ გაუსაძლისი პირობების და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ გვიყვება, რაც მან გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაიტანა:
“30 წელი ვიმსახურე ჯარში და არც ერთ ჰაუპტვახტში, მათ შორის საბჭოთა კავშირის პერიოდში, არ მინახავს ის გაუგონარი წამება და დამცირება, რაც ჩვენს ციხეებში ხდებოდა. ღამით გავყავდი საკნიდან და შანტაჟით, მუქარით მაიძულებდნენ რუსეთის სპეცსამსახურეთან თანამშრომლობა მეღიარებინა. იყო ფულის და ბინის დაპირება, მაშინებდნენ ჩემი შვილის დაპატიმრებით. ყველაფერი გადავიტანე, რისი გადატანაც ადამიანს შეუძლია.”
პოლკოვნიკი პავლე ბლიაძე ამბობს რომ საქართველოში შვებულებით ჩამოვიდა ოჯახის სანახავად, მაგრამ 30 დღის ნაცვლად მას 3 წლით და 7 თვით დარჩენა მოუხდა: “როგორც კი საქართველო-სომხეთის საზღვარი გადმოვლახე, სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დამაკავეს და დამემუქრნენ, რომ თუ მათთან არ ვითანამშრომლებდი, დამაპატიმრებდნენ. მეგონა, რომ საქართველოში დემოკრატია იყო, ამიტომ მათ არ დავუჯერე.”.
2009 წელს ბლიაძე პირდაპირ ქუჩაში დააკავეს. ის ამბობს, რომ სპეცსასახურები მას სახლიდანვე გაჰყვნენ. დაკავებულს რუსეთის ჯაშუშობის აღიარება მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. 5-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, მას კიდევ 8 წელი დაუმატეს და მისი თქმით, რომ არა ამნისტია, ალბათ ნათესავებს და ოჯახს ვეღარასოდეს ნახავდა.
გათავისუფლებული პოლკოვნიკი, ჯერჯერობით, რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს. მას გადაწყვეტილი აქვს, ყველა იმ ჩინოვნიკის მხილება, ვინც მის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებები შექმნა. ის მზად არის, ჩვენება მისცეს იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ყალბი ბრალდებების და მოწმეების ჩვენებებს უტყუარ მტკიცებულებებად ასაღებდნენ და უდანაშაულო ადამიანებს ციხეებში უშვებდნენ.
“მოსამართლეები კოჭლამაზაშვილი, ჩემია, ოთარაშვილი, არევაძე, რომლებიც დღეს 30 ათასად უშვებენ ხალხს სასამართლოებიდან და ჩვენ 8 წელს გვისჯიდნენ. მოსამართლე არევაძეს თითონვე რცხვენოდა და ისე გაგვასამართლა, თავი არ აუწევია ზემოთ. ასევე გადაწყვეტილი მაქვს, ვამხილო კონტრდაზვერვის სამსახურის ყველა ჩინოვნიკი _ ყველა მათგანი პირადად მყავს ნანახი. სწორედ ისინი მაიძულებდნენ მეღიარებინა რუსეთის ჯაშუშობა და ოთანაძე მემხილებინა. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ისევ ინარჩუნებენ პოსტებს, რამდენიმე მათგანი ტელევიზიითაც ვნახე. მათ უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებენ სამსახურებიდან, მერე ერთ ამბავს ატეხენ. ამიტომ მე და ჩემნაირმა ადამიანებმა უნდა მივცეთ მათ წინააღმდეგ ჩვენება. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა”, _ ამბობს ბლიაძე.