ბევრმა აბაშელმა მოგვთხოვა მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა და მოსახლეობას საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღო. ჩვენ შევხვდით როლანდ შონიას და შევეცადეთ სწორედ იმ საკითხებზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელსაც ხაზს აბაშელები უსვამენ.
– ბატონო როლანდ, ფეისბუქზე ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა თქვენს შესახებ. გარდა ამისა, ბევრი აბაშელი გვირეკავს და გვეუბნება, რომ თქვენ იყავით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მათი შტაბის ადვოკატი და სასამართლოზე მაჟორიტარი დეპუტატის, დავით დარცმელიძის დამცველი. ამბობენ იმასაც, რომ თქვენ დასცინოდით “ოცნების“ წევრებს. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს, და თუ მართლაც ასე იყო, რატომ შეიცვალეთ აზრი და ახლა რატომ ხართ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი?
– არასდროს არ ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. “ვარდების რევოლუცია“ მე ერთ-ერთმა პირველმა შევაფასე, როგორც “ეკლების რევოლუცია“ და იქიდან მოყოლებული ნაციონალებისგან და ახალაიებისგან დევნის გარდა არაფერი განმიცდია. ყველამ იცის, რომ მე ვიყავი ახალაიების პირადი პატიმარი. არც წევრი და არც მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, მაგრამ პროფესიიდან გამომდინარე დარცმელიძის წარმომადგენლობა ნამდვილად გავახორციელე სასამართლოში. ეს იყო ჩვეულებრივად ანაზღაურებადი სამსახური და მე მათ გადამიხადეს 200 ლარი. რაც შეეხება შტაბში ჩემს ყოფნას იურიდიული თვალსაზრისით, ესეც ანაზღაურებადი იყო და ამიტომაც დავთანხმდი. მე ვიყავი იურიდიულ საკითხთა კოორდინატორი. ამ პერიოდში ორჯერ გადამიხადეს ფიქსირებული ხელფასი 200 ლარის ოდენობით. ჩემს აზრს არც არავინ ითვალისწინებდა, მათ შტაბს იურისტი ფორმალურად სჭირდებიდა, რადგან კანონს არ იცავდნენ. ასე რომ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიცავდი დარცმელიძის წარმომადგენლობას და მათ მაშინაც კი იცოდნენ, რომ მათი მხარდამჭერი არ ვიყავი.
– “ქართული ოცნების“ შტაბს რომ მოემართა თქვენთვის წინასაარჩევნოდ, დაეხმარებოდით თუ არა როგორც პროფესიონალი და ანაზღაურების შემთხვევაში დაიცავდით თუ არა მათ უფლებებს სასამართლოზე?
– რა თქმა უნდა. მე ადვოკატი ვარ და ჩემი პროფესია ესაა. მინდა გითხრათ, რომ “ოცნების“ წარმომადგენლებიც იყვნენ ჩემთან მოსულები კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. სხვათაშორის ქალბატონი ნონა თოლორაიაც დამიკავშირდა ზუგდიდიდან, რომელიც მაშინ რეგიონულ შტაბს წარმოადგენდა და მე ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ კუთხით და თანხმობაც განვუცხადე, მაგრამ შემდეგ თვითონ “ოცნების“ შტაბის წევრებმა აღარ მომაწოდეს მტკიცებულებები, თორემ, კიდევ ვიმეორებ, პროფესიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მათ წარმომადგენლობასაც გავახორციელებდი სასამართლოში. ალბათ, ყველას ახსოვს, როცა ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლე დარახველიძემ ეკა ბესელია გააძევა დარბაზიდან. მე გამოვთქვი პროტესტი და ვთქვი, რომ ეს იყო კანონდარღვევა. მაშინ დარცმელიძეც გვერდით მეჯდა და სხვა ნაციონალებიც, მაგრამ ხმამაღლა გამოვხატე ჩემი აზრი.
– თქვენ თქვით, რომ არ ყოფილხართ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მხოლოდ პროფესიიდან გამომდინარე მუშაობდით მათთან და იღებდით ანაზღაურებას. მაშინ რას შეიძლება დავაბრალოთ, რომ ასეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა გამოჩენამ ირაკლი რუხაძის გვერდით ბოლო დროს მიმდინარე აქციებზე?
– არაფერ შუაშია ირაკლი რუხაძე. კოალიცია “ქართული ოცნება“ ვისაც წარადგენდა, მის გვერდით ვიქნებოდი. მე ვიყავი გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებელი კანდიდატების განმხილავი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, ამ კომისიაში გატარებულიყო არა ნაციონალური მოძრაობის ინტერესები, არამედ ახალი ხელისუფლების ინტერესები და ხალხის უმრავლესობის ნება გახორციელებულიყო. კომისიამ სრულიად კანონის დარღვევით, დანარჩენი ოთხი წევრის საშუალებით, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, ყველა კანონის დარღვევით ისეთი პიროვნება წარადგინა საკრებულოს წინაშე, რომელიც არც ერთ საკონკურსო მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.
– ე. ი. თქვენ ამბობთ, რომ მოქმედი გამგებელი არ აკმაყოფილებდა საკონსკურსო მოთხოვნებს. ამის გამო ხართ პირადად თქვენ მის წინააღმდეგი და ითხოვთ მის გადადგომას გამგებლის თანამდებობიდან, თუ კიდევ არის რაიმე პირობები, რის გამოც არ იღებთ ახალ გამგებელს?
– გარდა იმისა, რომ კანონდარღვევით იქნა გაყვანილი, კიდევ არის ის, რომ ეს პიროვნება აღმოჩნდა სწორედ იმ ნაციონალების გვერდით, რომლებიც ახალი ხელისუფლების საბოტაჟს აწყობენ, აბსოლუტურად იზიარებენ სააკაშვილის იდეებს და მიყვებიან მის კურსს. ჭანტურია იმ გუნდის მოყვანილია, რომელიც წლების მანძილზე ნაციონალიზმის ჭაობში იყო ჩაფლული, წინასაარჩევნოდ ეწეოდა ხალხის დაშინებას, მოსყიდვას და სწორედ ეს იწვევს არა მარტო ჩემს, არამედ იმ ხალხის პროტესტსაც, ვინც შიმშილობდა და აქციებს ახლაც აწყობს.
– რადგან შიმშილობა ახსენეთ, ამბობენ, რომ “მოშიმშილე ქალები“ იტყუებოდნენ, ჭამდნენ კიდეც და ფულიც წინასწარ ჰქონდათ აღებული რუხაძისგან, რომელიც თქვენ პირადად გადაეცით და როგორც კი აღებული თანხის შესაბამისი დღეები გავიდა, მათ შიმშილობა შეწყვიტეს. რას იტყვით ამაზე?
– სასაცილოა ეს ყველაფერი. ირაკლი რუხაძეს იმდენი თანხა არ აქვს, მოშიმშილეები დაიქირავოს და თუ ამას გააკეთებდა, მე რატომ ჩამრევდა ამ საქმეში? მოვიდეს ის ადამიანი, ვინც ამას ამბობს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რაც შეეხება მოშიმშილე ქალების ჭამას, ხომ არის იქ დამონტაჟებული კამერები, ამოიღონ და ნახონ ფირები. ასეთი რამ რომ ნამდვილად ყოფილიყო, ახლა ამის დასამტკიცებელი მასალა ყველგან იქნებოდა სააშკარაოზე გამოტანილი.
– ბატონო როლანდ, რუხაძის მხარდამჭერთა რიგებში არიან პიროვნებები, რომლებიც არჩევნების წინ სწორედ ნაციონალებთან იდგნენ, დადიოდნენ მათ შეხვედრებზე და სხვებსაც მოუწოდებდნენ 5 ნომრის შემოხაზვას. ალბათ სწორედ ეს იწვევს ამდენ მითქმა–მოთქმას. იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი, თანამდებობებზე ყოფნის დროს, სწორედ იმ ადამიანებთან ერთად ახორციელებდნენ სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებს და კანონდარღვევებს, რომელთა წინააღმდეგაც ახლა გამოდიან. ჩვენ ვეცდებით ყოველ მათგანს დავუკავშირდეთ და დავუსვათ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვები, მაგრამ ახლა თქვენი აზრი გვაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით.
– მე სხვის მაგივრად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენს გვერდით არავინ დგას ისეთი, რომელსაც წარსულში რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. მხოლოდ ერთს ვიტყვი _ თუ საკრებულოს და გამგეობის წევრებს შეუძლიათ თქვან, რომ ისინი ახალი მთავრობის კურსის გამტარებლები არიან და მათ შეიცვალეს მრწამსი, რატომ არ შეუძლია სხვას?
_ თქვენზე სოციალურ ქსელებში უამრავი სიბინძურე იწერება, ეხებიან თქვენს როგორც პიროვნულ თვისებებს, ასევე საქმეებსაც. რას ეტყვით ამ ადამიანებს?
_ ეს ჩვეულებრივიც არის ამ ნაციონალური აზროვნების ხალხისგან, პასუხის გაცემადაც არ ღირს და მე უფრო მგონია, ჩემს მიმართ ასეთი დიდი აგრესია და გაღიზიანება დაკავშირებულია იმ საქმეებთან, რომლებიც მაქვს ახლა შეტანილი სასამართლოში და ბევრს ეშინია კიდეც. მე იმდენად კარგად მიცნობს საზოგადოება, რომ, ვინც რა არ უნდა წეროს, სათანადო ავტორიტეტი მქონდა და მექნება ყოველთვის. ხალხი, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ ავტორიტეტი, რას დაწერს და რას იტყვის, ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის. საკმაოდ არის ცნობილი, რომ ყოველთვის ვიყავი წინა ხელისუფლების წინააღმდეგი და მაშინაც კი, როცა ყველას ეშინოდა რაიმეს თქმა, მე ხმამაღლა ვამბობდი ჩემს სათქმელს. არც მაშინ გავჩუმებულვარ, როცა დაჭერილი ვიყავი და არც ახლა ვაპირებ უსამართლობასთან შეგუებას.