მათ ერთი თვის წინ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს მთავრობის კანცელარიაში, რამდენიმე დღის წინ კი პასუხიც მიიღეს პრემიერ-მინისტრისგან _ მათი ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანება: “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 ივნისის #1–1/1036 ბრძანება აბაშის რაიონის სოფელ მარანში მდებარე 122 892 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა–ნაგებობების (#1– 1 160 კვ.მ. და #2 – 860 კვ.მ.) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“.
ტარიელ მიქაძე, სოფელ მარანის მცხოვრები: “მარნის მოსახლეობა გახარებულია. პრემიერ-მინისტრის ამ პასუხით ჩვენც და სხვა ადამიანებსაც მოგვეცა იმედი, რომ საქართველოში სამართლიანობა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც აღდგება და სულ მალე ყველა დაინახავს ამას. არ შემიძლია მთელი სოფლის სახელით მადლობა არ გადავუხადო ბატონ ბიძინას და ასევე ბატონ დავით კინწურაშვილს, რომლის შუამდგომლობითაც დაჩქარდა ჩვენი საკითხის განხილვა. ამ ეტაპზე საჩივარი შევიტანეთ სენაკის რაიონულ სასამართლოში შეჩერებული საქმის განახლების, წარმოების და პროცესის დანიშვნის მოთხოვნით. ვიმედოვნებთ, რომ პრემიერის ბრძანების შემდეგ სასამართლო სამართლიან დადგენილებას გამოიტანს”.