_ ბატონო დავით, როგორც განაცხადეთ, პრემიერ-მინისტრის დავალებით მიბრძანდებით გერმანიაში. რა საკითხებზე და ვისთან გექნებათ შეხვედრები?
_ ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და შეთანხმებით ხორციელდება, რომელიც ეხება ორ მთავარ საკითხს: პირველი, ეს არის გერმანია-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხი. მეორე, რამდენიმე უწყებასთან შეხვედრა, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობს. ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით, შეხვედრა ჩატარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან.
შემდეგი შეხვედრა იქნება გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. ჩვენი კუთხით, ძალიან საინტერესო შეხვედრა არის დაგეგმილი ასევე გერმანიის ტრანსპორტის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების სამინისტროში. სამივე სამინისტროში შეხვედრა დაგეგმილია სახელმწიფო მდივნებთან, როგორც ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ასევე მე გავხსნი ერთ-ერთ კონფერენციას და შესავალი სიტყვით გამოვალ, რომელიც ეხება აღმოსავლეთ ევროპასთან გერმანული კომპანიების ეკონომიკური ურთერთობების განვითარებას. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ამ კონფერენციას უწევს ორგანიზებას, იმყოფებოდა საქართველოში, შეხვდა პრემიერ-მინისტრს და ძალიან საინტერესო საკითხებზე ჰქონდათ საუბარი. ამ შეხვედრებზე მექნება საუბარი უკვე არსებულ პროექტებსა და თანამშრომლობაზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს და გამოვთქვამთ მადლიერებას გერმანულ მხარესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით, მათ შორის, GIZ-ისა და სხვა პროგრამების ფარგლებში. გამოვთქვამთ მზადყოფნას სამომავლო თანამშრომლობაზე. ასევე იქნება შეხვედრა დაინტერესებულ ბიზნეს-ჯგუფებთან, რომელსაც მივაწვდი ინფორმაციას, რასაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გვაძლევს საინვესტიციოდ საინტერესო პროექტებთან დაკავშირებით. გავაცნობთ ჩვენი სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელშიც შეიძლება მონაწილეობა დაინტერესებულმა გერმანულმა კომპანიებმა მიიღონ. ამდენად, ძალიან დატვირთული ორი დღეა და ბევრი საკითხი იქნება განხილული და ხაზგასმული. _ განაცხადა დავით ნარმანიამ.