ჩაის როლი და მნიშვნელობა, მისი წარმმართველი ძალა ქართული ყოფა-ცხოვრებისთვის, საუკუნეგამოვლილი ჭეშმარიტებაა და მაინც, ჩაი კარგა ხანია, მონოკულტურა აღარ არის. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, შეუძლებელია, მას ჰქონდეს ის ადგილი და სახე, როგორიც ჰქონდა 1990 წლამდე. მიუხედავად ამისა, ჩაის დარგის პოტენციალი საქართველოსთვის ახლაც უდიდესია, თუ კი მოხდება დარჩენილი ფართობების აღდგენა-რეაბილიტაცია, განახლება და ნედლეულის სწორად გამოყენება. ამ ყველაფერს კი, როგორც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, დაბა ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ლაბორატორიის ყოფილი გამგე ნანული ორაგველიძე ამბობს, სახელმწიფო პოლიტიკის გატარება სჭირდება, რომლის მიხედვით, პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე 80-90%-ს დაიკავებს სამამულო ჩაის პროდუქცია. ამის წინა პირობები ისაა, რომ დღეისათვის საქართველოში ერთი კილოგრამი ჩაის საცალო ფასი 43-44 ლარია, ხოლო საბითუმო ფასი _ 15-25 ლარი, რაც საკმარისია ნორმალური კვლავწარმოებისთვის.
დღევანდელ ჩვენი საუბრის თემაა ხსნადი ჩაი და ჩაისგან მიღებული ნატურალური კვებითი საღებავები, რომლის უნიკალური როლი და მნიშვნელობა მსოფლიოსთვის უცხო არ არის, თუმცა, საქართველოში მისი წარმოება დღემდე არ მომხდარა. არადა, სწორედ საქართველოში, აქ, ჩვენს გვერდით დააბიჯებს მეცნიერი ქალბატონი, რომელსაც აქვს გამოგონება ხსნადი ჩაისა და ჩაის ნატურალური კვებითი საღებავების მიღებაზე.
ხსნადი ჩაის მიღება ხდება უშუალოდ ჩაის ფოთლისა და მზა ჩაის ნარევისგან, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ჩაის გამომუშავებას, რომელშიც მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ჩაის ფასეული ნაერთები.
ქალბატონმა ნანული ორაგველიძემ ხსნად ჩაიზე მუშაობა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. ანასეულის სამეცნიერო ინსტიტუტში იგი 1960 წლიდან მუშაობდა და კოლოსალური მუშაობა გასწია, როგორც მეცნიერმა. 10 წლის მანძილზე, 1962-72 წლებში, მოსკოვსა და ლენინგრადში ბიოქიმიის ინსტიტუტსა და კვების მრეწველობის ინსტიტუტებში, არა მარტო მუშაობდა, არამედ ერთობლივ სამეცნიერო კვლევით სამუშაოს აწარმოებდა.
_ ჩვენს ქვეყანაში ხსნადი ჩაის მშრალი კონცენტრატის მიღებაზე პირველი სამეცნიერო კვლევა აკადემიკოს მიხეილ ბოკუჩავას და მეცნიერებათა დოქტორს კონსტანტინე ჯმუხაძეს ეკუთვნით. ბოკუჩავას ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები მეცნიერებათა დოქტორმა გურამ ფრუიძემ და ჯაოლ გოგისვანიძემ. მათი ინსტიტუტიდან წასვლის შემდეგ კი პროგრამის ხელმძღვანელობა მე დამევალა. პირველი ანგარიში 1972 წელს დავწერე. პარალელურად კი მიმდინარეობდა კვლევითი მუშაობა ჩაის ნატურალური კვებითი საღებავების მიღებაზე, _ ამბობს მეცნიერი ქალბატონი.
_ ქალბატონო ნანული, უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას წარმოადგენს ხსნადი ჩაი?
_ ხსნადი ჩაი წარმოადგენს მშრალ ფხვნილს, რომელიც მთლიანად და უნალექოდ იხსნება ცხელ და ცივ წყალში. ის ხასიათდება ნატურალური ჩაის თვისებებით და თავისი ქიმიური შედგენილობითა და ფიზიოლოგიური მოქმედებით წარმოადგენს ძვირფას პროდუქტს. კონცენტრირებული სახით ხსნადი ჩაი შეიცავს ფასეულ ნივთიერებებს: 20-40% ფენოლურ ნაერთებს, 10-30% კატეხინებს, 3.5-6% კოფეინს, 3-10% ამინომჟავებს, ვიტამინებს, შაქრებს და ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედ სხვა ნივთიერებებს.
_ რა განსხვავებაა ხსნად ჩაისა და ბაიხის ჩაის შორის?
_ ხსნადი ჩაის უნიკალურობაზე უკვე მოგახსენეთ. განსხვავება არის ერთადერთი _ ბაიხის ჩაიში შენარჩუნებულია არომატი, ხოლო ხსნადი ჩაის წარმოებისას, სუბლიმაციური (ექსტრატის გაყინვა) შრობის დროსაც შენარჩუნებულია არომატი, მაგრამ ეს შრობა გაცილებით ძვირია და ფასიც მეტი ექნება. ხსნადი ჩაის წარმოების დროს, ძირითადად გამოიყენება გაფრქვევითი შრომა, რომლის დროსაც არომატი, შედარებით იკარგება. ის არის ძალიან პრაქტიკულად მოსახმარი და მოთხოვნაც დიდია მასზე.
_ ხსნადი ჩაიც ისევე გამომუშავდება, როგორც ბაიხი თუ განსხვავებული ნედლეული სჭირდება?
_ აი, აქ არის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ხსნადი ჩაის მიღებისა. მაღალი ხარისხის ხსნადი ჩაის მიღება შესაძლებელია დაბალი ხარისხის ნედლეულისგან. საქმე იმაშია, რომ დაბალი ხარისხის ჩაის გამომუშავებისას ტექნოლოგიური პროცესები და პარამეტრები უზრუნველყოფენ გამომუშავებული ხსნადი ჩაის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. მეორე-მესამე ხარისხის ჩაისგან გამომუშავდება პირველი ხარისხის ხსნადი ჩაი _ ხდება კატეგორიის მომატება.
_ ქალბატონო ნანული, თქვენი გამოგონება, ასე ვთქვათ, დაკონსერვებული ოქროს კაპიტალია. თუ მიმართეთ რომელიმე მთავრობას ან ზოგადად, ხელისუფლებას, რომ საქართველოში საჭირო დანადგარების შეძენა და სრულფასოვანი ხსნადი ჩაის დამზადება მომხდარიყო?
_ ხსნადი ჩაის დანერგვის მიზნით, შევიმუშავე პროექტი (ეს იყო 1991 წლის შემდეგ), სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლითაც არაერთხელ მივმართეთ სამინისტროსა და მთავრობის ხელმძღვანელებს 2001-2004 წლებში. 2003 წელს პრემიერ ჯორბენაძისგან დაევალა სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრ კირვალიძეს, შეესწავლა საკითხი და შეეტანათ შეთანხმებული წინადადება. საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ დავით კირვალიძე ძალზე დადებითად შეხვდა ამას და დაავალა თავის სამსახურს, წინადადების განხილვა და მომზადება, თუმცა… მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება და ეს ყველაფერი შეჩერდა.
_ დავით კირვალიძე დღეს ისევ სოფლის მეურნეობის მინისტრია. იქნებ ახლა მოხდეს თქვენი პროექტის გახორციელება?
_ ძალიან დიდი და კარგი საქმე გაკეთდება, თუ ასე მოხდება. მე მერეც ბევრი ვეცადე, როგორმე მომეპოვებინა ფინანსები, რომ პროექტი გამეხორციელებინა, სხვადასხვა ბანკებშიც ბევრი ვიარე, მაგრამ ამაოდ. მომდევნო მინისტრმა შერვაშიძემ კი სიახლოვეს არ წაგვიკარა.
_ და მაინც ჩაგეკითხებით _ არის თუ არა დღეს აქტუალური ხსნადი ჩაის საკითხი და თუ ასეა, როგორი წინადადებით მიმართავდით საქართველოს ახალ ხელისუფლებას?
_ ხსნადი ჩაის დანერგვის საკითხი ზეაქტუალურია. ეს უზრუნველყოფს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ფონზე, შედარებით დაბალხარისხოვანი განასხლავი ნედლეულის მიზნობრივად გამოყენებას, ხსნადი ჩაისა და ჩაის ნატურალური ფერების საღებავების მისაღებად.
_ საკვირველია, ნასხლავი უხარისხო ნედლეულისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის ხსნადი ჩაი და ნატურალური საღებავი?
_ დიახ. მითუმეტეს, დღეს მსოფლიოში ნატურალური საღებავები პრობლემური საკითხია, მოთხოვნა არის ძალიან მაღალი.
_ კონკრეტულად, ჩაის ბაზაზე როგორი ფერის ნატურალური საღებავები მიგიღიათ?
_ ჩაის ბაზაზე გამომუშავდება სხვადასხვა ფერის ნატურალური კვებითი საღებავები _ ყავისფერი, ყვითელი და მწვანე. ხოლო, ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის და ჩაის ბაზაზე გამომუშავდება აგრეთვე წითელი ფერის კვებითი საღებავები. ამას შემდეგ იყენებენ საკონდიტრო ნაწარმის, სასმელების და სხვა პროდუქტის შესაღებად. წითელი ფერის საღებავის მისაღებად ჩაის და ჭარხლის ბაზაზე მიღებული გვაქვს გამოგონება წითელი ფერის საღებავზე, რომლის ავტორები მე, ბოკუჩავა და რიჟამაძე ვართ. ყავისფერი და მწვანე ტექნოლოგიები კი შემუშავებულია მეცნიერების, ბოკუჩავას, ფრუიძის და გოგისვანიძის მიერ.
_ და ბოლოს, ამდენი ფასდაუდებელი შრომის და სამეცნიერო გამოგონებების შემდეგ, რა ოცნება დაგრჩათ განუხორციელებელი?
_ დაუფიქრებლად ვიტყვი: მსურდა, შეგვესყიდა და ქვეყანაში შემოგვეტანა ხსნადი ჩაის დასამზადებელი “ნირო-ატომაიზერის” დანადგარები დანიიდან! ხაზის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ის დამოკიდებულია წარმადობაზე, თუმცა, მისი შეძენა შესაძლებელია ყაირათიანი და პატრიოტი ხელისუფლების ხელში. მიზანშეწონილი იქნება, შემოტანილი იქნეს ხაზი, 25-30 ტონა პროდუქციის წარმადობით. დასჭირდება 400-500 ტონა ჩაის ფოთლის რაოდენობა, რისი მიღებაც დღეს ჩვენში შესაძლებელია.
_ სოფლის მეურნეობის მინისტრმა კირვალიძემ რომ განახორციელოს ეს პროექტი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ხსნადი ჩაის დამამზადებელ ქარხანაში?
_ საწყის ეტაპზე შეიძლება, ვიყო მონაწილე, შემოტანისა და გაშვების დროს ნედლეულის შერჩევის შემოწმების და გამომუშავებული პროდუქციის ქიმიურ-ორგანოლეპტიკური კონტროლის მიზნით. შემდეგ, როცა წარმოება აეწყობა, დახმარება შემიძლია გავუწიო მეცნიერ-კონსულტატის სახით. თითო ასეთი ქარხანა რომ გაიხსნას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, უდიდესი საქმე გაკეთდება. თბილისში შესაძლებელია დასაფასოებელი ქარხნის გახსნა _ იქ მშრალი ჰავაა და ზედგამოჭრილია ამ საქმისთვის.
ნანული ორაგველიძე ერთი იმ უბრწყინვალესი მეცნიერთაგანია, ვინც პირადი ცხოვრება გვერდზე გადადო და მთელი თავისი ნიჭიერება და ენერგია იმ გამოგონებას შეალია, რომლის გახორციელებამდე მხოლოდ ნაბიჯიღა აკლდა, თუმცა, ჯერჯერობით, თაროზე შემოდებული დარჩა. ეს შესანიშნავი ქალბატონი მხოლოდ იმაზე ნერვიულობს, უკვე ასაკიც მომეძალა და არ მინდა ისე წავიდე, ამ გამოგონებამ უკვალოდ ჩაიაროსო.