თითო ჰექტარზე ფერმერს ორი ვაუჩერი გადაეცემა. ერთი _ 340, მეორე კი _300-ლარიანია… რაც უფრო მეტი იქნება ნაკვეთის მოცულობა, ვაუჩერზე არსებული თანხაც გაიზრდება. თუმცა მას ფულად ვერ გამოიყენებენ. ვაუჩერით მცირე ფერმერებს სპეციალური მომსახურების მიღება შეეძლებათ. 340-ლარიანით ტრაქტორისტები მათ მიწას დაუმუშავებენ _ დაუხნავენ და კულტივაციის სამუშაოებს შეუსრულებენ. 300-ლარიანი ვაუჩერით კი მცირე ფერმერები კონკრეტულ რეგისტრირებულ მაღაზიებში მოსავლისთვის საჭირო გვარჯილას, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, ან სხვა საჭირო პრეპარატებს შეიძენენ. ჯამში, ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის დასამუშავებლად 640 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“საგაზაფხულო სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი დასრულდა. ძირითადი პრობლემა აღრიცხვიანობა იყო. მიწის მფლობელის შესახებ ინფორმაცია რეალურად არ არსებობდა. ახლა არსებობს მონაცემთა ბაზა, რომელიც მომავალი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება… მონაცემთა ბაზა თვენახევრის განმავლობაში მუშავდებოდა. ჩვენ გვყავს 600 000 ბენეფიციარი. ყველა მათგანი მიიღებს იმ სერვისს, რა დაპირებაც მივეცით… საკარმიდამო ნაკვეთებზე, სადაც ტრაქტორი ვერ შევა, უნიფიცირებულ ვაუჩერს გავცემთ, რომლითაც მცირე ფერმერები სასუქს ან საჭირო ნედლეულს შეიძენენ.”
საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მილიარდიანი ფონდის ოფიციალური პრეზენტაცია ორ დღეში გაიმართება და პრიორიტეტებიც სწორედ მაშინ იქნება ცნობილი. შესაბამისად, დღეისათვის ამ ფონდში ფინანსები მობილიზებული არ არის. მიუხედავად ამისა, მინისტრი განმარტავს, რომ დროში ყველაფერი მოესწრება და ეს ვაუჩერების გაცემის პროცესს არ შეაფერხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, “მილიარდიანი ფონდი სახელად ჰქვია, თორემ, ალბათ, სოფლის მეურნეობაზე მეტი თანხა დაიხარჯება”.
დავით კირვალიძე ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად შეძენილია საკმარისი რაოდენობის ტექნიკა. მისი გარკვეული ნაწილი ადგილზეა მობილიზებული, ნაწილს კი ქვეყანაში მარტის ბოლოსთვის შემოიტანენ. დავით კირვალიძის თქმით, მარტამდე ხვნა-თესვის სამუშაოები არსებული რესურსით დაიწყება. რაც შეეხება ტექნიკისთვის საჭირო ფინანსებს, ის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, ახლა ტრაქტორისტების გადამზადების პროგრამა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, დამატებით, 900 ადამიანი დასაქმდება.
“გარდა ამისა, ჩვენ მალე მოვრჩებით ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გახსნის პროცესს, რომლებიც ყველა რაიონში იფუნქციონირებს. ამჟამად ცენტრებში მუშაობის მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს, შემდეგ გასაუბრებას გაივლიან და საუკეთესოები დასაქმდებიან,” – აცხადებს დავით კირვალიძე.
მცირე ფერმერების სია, რომლებიც ამ პროგრამაში მოხვდნენ, ყველა სოფელშია გამოკრული. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სიებში საკუთარი თავი გადაამოწმონ. თუ კი აღმოჩნდება, რომ ვინმე, შემთხვევით, სიაში არ არის, მათ დაამატებენ. ამის შემდეგ, გადამოწმებული სიები სამინისტროს გადაეგზავნება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დასამუშავებლად ვაუჩერების დარიგება ერთ კვირაში დაიწყება.