კულტურის სამინისტრომ სრულად გასცა ინფორმაცია პრემიების შესახებ. მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სულ სამინისტროში 680 378 ლარის ოდენობის პრემიები გაიცა, ყველაზე მეტი სექტემბერში – 121 978 ლარი. 2012 წლის 11 თვის მანძილზე (დეკემბრის მონაცემები არ არის მოწოდებული) პრემიები ყოველთვიურად გაიცემოდა.
თანამდებობის პირების შემთხვევაშიც, მინისტრმა ნიკა რურუამ და მისმა ორივე მოადგილემ ყველა თვეში აიღეს პრემიები. მინისტრის პირველ მოადგილეს არ აუღია ნოემბრის პრემია. რაც შეეხება ნიკა რურუას, მან 2012 წლის მანძილზე 52 470 ლარი აიღო პრემიის სახით, რაც მის ხელფასზე თითქმის 15-ჯერ მეტია. სხვა სიტყვებით, თუკი წლის მანძილზე ხელფასის სახით სულ აიღო 42 480, პრემიის სახით იმავე პერიოდში აღებული თანხა 9 990 ლარით მეტი აღმოჩნდა. რურუას მიერ ყოველთვიურად პრემიის სახით აღებული თანხის ოდენობა მერყეობდა 2 770 ლარიდან 8 840 ლარამდე.
არჩევნების შემდეგ დანიშნულმა გურამ ოდიშარიამ მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა 29 ოქტომბრიდან დაიწყო. როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, გურამ ოდიშარიამ მინისტრად მუშაობის დაწყებიდან ერთ თვეში, ნოემბერში, პრემიის სახით აიღო 3 540 ლარი, ხელფასის ერთმაგი ოდენობა.