თუმცა, ჩვენი უკრაინელი კოლეგები გვატყობინებენ, რომ დაკავებული ქართველი მაღალჩინოსნის ექსტრადირება, შესაძლოა, შეფერხდეს, ან სულაც არ მოხდეს. როგორც მათ კულუარული ინფორმაციით შეიტყვეს, მელნიკოვი გავლენიანი ნაცნობების გამოყენებას ცდილობს, რათა ქართული მართლმსაჯულების წინაშე არ წარსდგეს.
ამ ამბის გარკვევას ” გურია ნიუსი” მთავარი პროკურორისგან, არჩილ კბილაშვილისგან შეეცადა.
_ ბატონო არჩილ, ჩვენი უკრაინელი კოლეგები გვატყობინებენ, რომ შესაძლოა, ოლეგ მელნიკოვის ექსტრადირების საკითხი შეფერხდეს. მათ მიერ მოპოვებული კულუარული ინფორმაციით, მელნიკოვის წარმომადგენლები უკრაინაში ყველა ღონეს მიმართავენ, ამისთვის. მელნიკოვთან დაკავშირებით რა სახის ღონისძიებები გაქვთ ჩატარებული და რა ეტაპზეა ამჟამად კომუნიკაცია ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს შორის?
_ ექსტრადიციას აქვს თავისი დრო. მე როგორც ვიცი, ერთი დადებითი გადაწყვეტილება ექსტრადირების შესახებ უკვე მიღებულია უკრაინაში, მაგრამ ეს გასაჩივრებას ექვემდებარება და ახლა ეს პროცედურა მიმდინარეობს იქ. როგორც წარიმართება, წარიმართება. ჩვენ, მოგეხსენებათ, ექსტრადირების პროცესს ვერ ვაკონტროლებთ. იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ კონკრეტულად მისი კავშირი გამოვლენილი გვაქვს, მოვახერხებთ რაღაც გზით, რომ მისი მელნიკოვისგან ჩვენება მივიღოთ ან დავკითხოთ. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინასთან საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების წესით მოხდეს მისი დაკითხვა ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე ადგილობრივი გამომძიებლის მიერ. ასეთი რამ დაშვებულია და ხდება სხვადასხვა საქმეებში. შეიძლება ასეთი მეთოდი იქნეს გამოყენებული, სანამ ეს საქმე გადაწყდება.